Baby Bag

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი,“- ფონიატრი ირინა ქაცარავა

ფონიატრმა ირინა ქაცარავამ ბავშვებში ხმის პრობლემებისა და ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩურჩული პატარების ხმას ისევე აზიანებს, როგორც ყვირილი:

„ბავშვები ბაღსა და სკოლაში ხშირად ჩურჩულებენ და ამის მიზეზი ზოგჯერ პედაგოგიც ხდება ხოლმე. მასწავლებლები ბავშვებს ეუბნებიან: „იჩურჩულეთ.“ ეს არასწორია. საქართველოს პრაქტიკაშიც წამოვა, ალბათ, ნელ-ნელა ეს ტენდენცია. მე ვცდილობ მაქსიმალურად, რომ ეს დავამკვიდრო პედაგოგებში. პედაგოგების დატრენინგება უნდა მოხდეს, რომ ამ პრობლემის მაქსიმალური პრევენცია მოხერხდეს. ბაღიდან იწყება ეს პრობლემა.“

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი. ცუდია ხმის ფორსირებაც, როდესაც ბავშვი აჯავრებს ვიღაც ზღაპრის გმირს. როდესაც ეს მუდმივად ხდება, ძალიან ცუდად აისახება ხმაზე. კუნთები იძაბება და იჭიმება, ისევე როგორც ყვირილის დროს,“- აღნიშნულ საკითხზე ირინა ქაცარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“

შეიძლება დაინტერესდეთ

დედის კოცნა საუკეთესო მკურნალია და ბავშვის გამოჯანმრთელებას აჩქარებს

დედის კოცნა საუკეთესო მკურნალია და ბავშვის გამოჯანმრთელებას აჩქარებს

დედის კოცნა საუკეთესო მკურნალია. ის შესანიშნავად მოქმედებს, როდესაც ბავშვი ტირის, ღამის შიშები აქვს, ნაკაწრები და პატარა იარები აწუხებს, შეკრულობის პრობლემები აქვს, გაციებულია. დედის კოცნა, რომელიც ბავშვს „ემოციური ვიტამინებით“ ამარაგებს, ისეთივე ეფექტიანია, როგორც ანტიბიოტიკები.

მოსიყვარულე დედებსა და მამებს, რომლებსაც უყვართ შვილების კოცნა და მოფერება, რომლებიც თბილ და პოზიტიურ ატმოსფეროს უქმნიან ბავშვებს, შვილებისთვის ბევრი სარგებელი მოაქვთ.

ბავშვების ფსიქო-ემოციურ ჯანმრთელობაზე კვლევებს აწარმოებდა ზიგმუნდ ფროიდის ქალიშვილი ანა ფროიდი. მისი შრომები ბავშვების ცხოვრებაში დედის ფიგურის მნიშვნელობას უსვამდა ხაზს. დედები შვილებს აძლევენ სიყვარულს, რომელიც მათ ჯანმრთელ, ბედნიერ ადამიანებად ჩამოყალიბებაში ეხმარება.

ანა ფროიდი თვლიდა, რომ შესაძლებლობის ფარგლებში ბავშვები საავადმყოფოდან რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოეწერათ, რადგან მათ დედების გვერდით ყოფნა ესაჭიროებოდათ. ანა ფროიდი მიიჩნევდა, რომ დედის სიახლოვე ბავშვის გამოჯანმრთელებას აჩქარებს.

დედის მიერ შვილისთვის გადაცემული დადებითი ემოციები ბავშვში სიმშვიდის, დაცულობისა და უსაფრთხოების განცდას აძლიერებს, რაც მის სწრაფად გამოჯანმრთელებას უზრუნველყოფს.

დედის სიახლოვეს ყოფნა სიმშვიდისა და დაცულობის განცდას ქმნის, რაც ბავშვს სტრესისგან იცავს, რის გამოც სისხლში კორტიზოლის დონე მაღალი არ არის. სისხლში კორტიზოლის დონის აწევა ბავშვის იმუნიტეტს აქვეითებს და დროსთან ერთად მას ინფექციებისადმი მოწყვლადს ხდის.

ბავშვს, რომელსაც დედა ხშირად ეხუტება და კოცნის, რომელსაც მამისგანაც არ აკლია სითბო, ენდორფინებისა და ოქსიტოცინის მაღალი მაჩვენებლები აქვს. ასეთ ბავშვებს ძლიერი იმუნიტეტი აქვთ და მშობლებთან ძლიერ კავშირს განიცდიან.

კოცნის საშუალებით სიყვარულს გამოვხატავთ ჩვენთვის ძვირფასი და ახლობელი ადამიანების მიმართ. ბავშვის ლოყაზე ან შუბლზე უბრალო კოცნით მას უდიდეს ბედნიერებას ვანიჭებთ. ბავშვი სიყვარულის ენას სწავლობს. კოცნა და ჩახუტება, რომლითაც ბავშვს დაცემის შემდეგ ან ბაღიდან გამოყვანისას ვამხნევებთ, მას საკუთარ ძალას აგრძნობინებს. სიყვარული არცერთ ბავშვს არ „აფუჭებს.“ ეს სინაზის გამოხატვაა. ბავშვს ამით ვაგრძნობინებთ, რომ რაც უნდა მოხდეს, ჩვენ მის გვერდით ვართ, მზად ვართ სტრესი შევუმსუბუქოთ, გავაცინოთ და მისი უსაფრთხოება დავიცვათ.

არასდროს დაგენანოთ ბავშვისთვის კოცნა და მოფერება, ნებისმიერი პრობლემის დროს ეს მისთვის საუკეთესო წამალია.

წყარო: ​Youaremom.com 

წაიკითხეთ სრულად