Baby Bag

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი,“- ფონიატრი ირინა ქაცარავა

ფონიატრმა ირინა ქაცარავამ ბავშვებში ხმის პრობლემებისა და ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩურჩული პატარების ხმას ისევე აზიანებს, როგორც ყვირილი:

„ბავშვები ბაღსა და სკოლაში ხშირად ჩურჩულებენ და ამის მიზეზი ზოგჯერ პედაგოგიც ხდება ხოლმე. მასწავლებლები ბავშვებს ეუბნებიან: „იჩურჩულეთ.“ ეს არასწორია. საქართველოს პრაქტიკაშიც წამოვა, ალბათ, ნელ-ნელა ეს ტენდენცია. მე ვცდილობ მაქსიმალურად, რომ ეს დავამკვიდრო პედაგოგებში. პედაგოგების დატრენინგება უნდა მოხდეს, რომ ამ პრობლემის მაქსიმალური პრევენცია მოხერხდეს. ბაღიდან იწყება ეს პრობლემა.“

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი. ცუდია ხმის ფორსირებაც, როდესაც ბავშვი აჯავრებს ვიღაც ზღაპრის გმირს. როდესაც ეს მუდმივად ხდება, ძალიან ცუდად აისახება ხმაზე. კუნთები იძაბება და იჭიმება, ისევე როგორც ყვირილის დროს,“- აღნიშნულ საკითხზე ირინა ქაცარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“

შეიძლება დაინტერესდეთ

ბავშვის ტვინის ჯანმრთელობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტების ათეული - მარი მალაზონიას რეკომენდაცია

ბავშვის ტვინის ჯანმრთელობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტების ათეული - მარი მალაზონიას რეკომენდაცია

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ ბავშვის ტვინის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პროდუქტები დაასახელა:

„თავის ტვინის ჯანმრთელობაზე შეიძლება კვების ჭრილშიც ვისაუბროთ. ბავშვის ტვინის ჯანმრთელობის გააზრების შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა მწყობრად დალაგებული საკვები ჯგუფები და ნივთიერებები. რასაკვირველია, ამ ჩამონათვალში ცილა არის პირველი. წარმოუდგენელია ტვინის ფუნქცია ცილის მონაწილეობის გარეშე. ნახშირწყალი, როგორც წესი არის ხოლმე გალანძღული. თუ რამის უარყოფა უნდა მოხდეს საკვები ნივთიერებებიდან, უარყოფენ ხოლმე ნახშირწყალს. ნახშირწყალი არის მთავარი საწვავი. უბრალოდ არჩევანი უნდა გავაკეთოთ, რომელი ნახშირწყალი უნდა იყოს უპირატესად ბავშვის რაციონში. კვებაში ცხიმების, განსაკუთრებით ომეგა 3-ის და ცხიმოვან ცვლაში მონაწილე ისეთი კომპონენტის ჩართულობა, როგორიც არის ქოლინი უმნიშვნელოვანესია თავის ტვინისთვის.

A ვიტამინი, B ჯგუფის ვიტამინები, C, D ვიტამინები, რკინა, თუთია, სპილენძი, იოდი და სელენი - რატომ არის ეს ყველაფერი ასე მნიშვნელოვანი? 2019 წელს გამოქვეყნდა მეტაანალიზი, რომელმაც აჩვენა, რომ ბავშვის თავის ტვინის ფუნქციაზე ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნებისმიერი პროდუქტი, რომელსაც მივაწოდებთ. განსაკუთრებით ნაჯერი ცხიმები, ცხოველური წარმოშობის ცხიმები, ტექნოლოგიურად მიღებული ცხიმები და ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლები, შაქრები, შეიძლება გახდეს ჰიპერაქტივობის სინდრომისა და ყურადღების დეფიციტის სინდრომის წინაპირობა.

წყალთან ერთად ბავშვის ტვინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტების ათეულს დავასახელებ. ეს არის კვერცხი, პარკოსნები, თხილეული, მარცვლეული-ბურღულეული, ხილ-ბოსტნეული, თევზი, ნაკლებადცხიმიანი წითელი ხორცი, კაკაო, შოკოლადი (3 წლის შემდეგ), ფერმენტირებული რძის პროდუქტი (მაწონი, იოგურტი). ეს 10 ძირითადი პროდუქტი ბავშვის კვების ყოველდღიურ რაციონში უნდა იყოს გათვალისწინებული,“- აღნიშნულ საკითხზე მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად