Baby Bag

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი,“- ფონიატრი ირინა ქაცარავა

ფონიატრმა ირინა ქაცარავამ ბავშვებში ხმის პრობლემებისა და ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩურჩული პატარების ხმას ისევე აზიანებს, როგორც ყვირილი:

„ბავშვები ბაღსა და სკოლაში ხშირად ჩურჩულებენ და ამის მიზეზი ზოგჯერ პედაგოგიც ხდება ხოლმე. მასწავლებლები ბავშვებს ეუბნებიან: „იჩურჩულეთ.“ ეს არასწორია. საქართველოს პრაქტიკაშიც წამოვა, ალბათ, ნელ-ნელა ეს ტენდენცია. მე ვცდილობ მაქსიმალურად, რომ ეს დავამკვიდრო პედაგოგებში. პედაგოგების დატრენინგება უნდა მოხდეს, რომ ამ პრობლემის მაქსიმალური პრევენცია მოხერხდეს. ბაღიდან იწყება ეს პრობლემა.“

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი. ცუდია ხმის ფორსირებაც, როდესაც ბავშვი აჯავრებს ვიღაც ზღაპრის გმირს. როდესაც ეს მუდმივად ხდება, ძალიან ცუდად აისახება ხმაზე. კუნთები იძაბება და იჭიმება, ისევე როგორც ყვირილის დროს,“- აღნიშნულ საკითხზე ირინა ქაცარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“

შეიძლება დაინტერესდეთ

რა კავშირია ორსულობისას ფოლიუმის მჟავის ჭარბი დოზებით მიღებასა და აუტიზმის სპექტრის აშლილობებს შორის? - მეან-გინეკოლოგ მამუკა ნემსაძის რეკომენდაციები

მეან-გინეკოლოგმა მამუკა ნემსაძემ ფოლიუმის მჟავის გადაჭარბებული დოზებით მიღებასთან დაკავშირებულ რისკებზე ისაუბრა:

„ყველაფერი კარგი ზომიერი რაოდენობით სასარგებლოა და მნიშვნელოვან გაუმჯობესებას გვაძლევს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქვეყნებში, სადაც ხდება საკვების: ხორბლის, მარცვლეულის ფორტიფიცირება, შესაძლოა, ჭარბი მიღების შედეგად განვითარდეს ფოლიუმის მჟავისა და B12 ვიტამინის ზედოზირება. 2016 წელს ბოსტონის კონფერენციაზე ძალიან საინტერესო კვლევა დაიდო მეცნიერების მიერ, რომელიც 18 წლის განმავლობაში ტარდებოდა. ორსულებში, რომლებსაც ორსულობის ბოლოს აღენიშნათ სისხლში ფოლიუმის მჟავის სიჭარბე და B12 ვიტამინის მომატება, იზრდებოდა აუტიზმის სპექტრის პათოლოგიების რისკი.

თუ ორივე ერთად იყო მომატებული, ფოლიუმის მჟავა და B12 ვიტამინი, 17-ჯერ იზრდებოდა აუტიზმის სპექტრის დაავადებათა რისკი. აუტიზმის სპექტრის დაავადებები ყოველწლიურად 4%-ით იზრდება მსოფლიოში. ჩვენ თუ ამას დავუმატებთ უწყინარი ვიტამინების ზედოზირებით განვითარებულ რისკებს, საკმაოდ ცუდ დღეში ჩავცვივდებით. ფარმაცევტული მწარმოებლების მიერ ვიტამინებზე მითითებულია დღიური დოზა. სიფრთხილით უნდა მოეკიდოს თითოეული ორსული, თუ რა პრეპარატს იღებს. ბოსტონის კონფერენციის თავმჯდომარეც გაოცებული დარჩა კვლევის შედეგებით. ასევე აღინიშნა, რომ ფოლიუმის მჟავის არმიღება კიდევ უფრო მეტ პრობლემებს ქმნის. ჩვენ უნდა შევარჩიოთ ის სწორი დოზა, რომელიც ამ შემთხვევაში არის საჭირო,“ - მოცემულ საკითხზე მამუკა ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად