Baby Bag

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი,“- ფონიატრი ირინა ქაცარავა

ფონიატრმა ირინა ქაცარავამ ბავშვებში ხმის პრობლემებისა და ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩურჩული პატარების ხმას ისევე აზიანებს, როგორც ყვირილი:

„ბავშვები ბაღსა და სკოლაში ხშირად ჩურჩულებენ და ამის მიზეზი ზოგჯერ პედაგოგიც ხდება ხოლმე. მასწავლებლები ბავშვებს ეუბნებიან: „იჩურჩულეთ.“ ეს არასწორია. საქართველოს პრაქტიკაშიც წამოვა, ალბათ, ნელ-ნელა ეს ტენდენცია. მე ვცდილობ მაქსიმალურად, რომ ეს დავამკვიდრო პედაგოგებში. პედაგოგების დატრენინგება უნდა მოხდეს, რომ ამ პრობლემის მაქსიმალური პრევენცია მოხერხდეს. ბაღიდან იწყება ეს პრობლემა.“

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი. ცუდია ხმის ფორსირებაც, როდესაც ბავშვი აჯავრებს ვიღაც ზღაპრის გმირს. როდესაც ეს მუდმივად ხდება, ძალიან ცუდად აისახება ხმაზე. კუნთები იძაბება და იჭიმება, ისევე როგორც ყვირილის დროს,“- აღნიშნულ საკითხზე ირინა ქაცარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„დღეს ჩვენ ხშირად არ ვიცნობთ, ვისთან მეგობრობენ ჩვენი შვილები, ვისთან თამაშობენ... ჩვენი თაობის მშობლებმა ეს იცოდნენ ზეპირად,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

„დღეს ჩვენ ხშირად არ ვიცნობთ, ვისთან მეგობრობენ ჩვენი შვილები, ვისთან თამაშობენ... ჩვენი თაობის მშობლებმა ეს იცოდნენ ზეპირად,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ მოზარდების ეკრანდამოკიდებულების პრობლემაზე ისაუბრა:

„გარდატეხის ასაკის ადამიანს უხარია საზრისის ძიება, კომუნიკაცია, ურთიერთობა. დღეს რა არის? სრულიად სერი სკოლა, ძალიან მოსაწყენი გაკვეთილები, კომუნიკაცია ნული. საწყალი მშობლები დარბიან სამსახურებში, რომ შვილებს კარგი მომავალი მისცენ, თანხები იშოვონ. რა ქნას მშობელმა? ურთიერთობის თავი აღარ აქვს. საინტერესო სკოლას ვერ ვთავაზობთ ბავშვს, სადაც სიხარულით გაიქცევა, რომ ექსპერიმენტი ჩაატაროს. ეზოს რაც შეეხება, ჩემს ეზოში, ჩემი ბავშვობისგან განსხვავებით, ახლა დიდი ამბავია-მეთქი რომ გითხრათ, მოგატყუებთ. ზოგ სახლს საერთოდ ეზო არ აქვს. თანამედროვე ურბანულ გარემოში გამოდიხარ პირდაპირ ქუჩაზე, შეიძლება მანქანა დაგეტაკოს.

მე რა გავაკეთო მოზარდი რომ ვარ და საინტერესო ცხოვრება მინდა. სად შეიძლება რეალიზაცია გავუკეთო ამ ჩემს გაქანებას? ცხადია, მე ამას ვაკეთებ ინტერნეტში. ისმის კითხვა: ეს კარგია თუ ცუდია? გააჩნია, ამას საიდან შევხედავთ. ცუდია იმ კონტექსტში, რა კონტექსტშიც ჩვენ ვცხოვრობთ, იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი საშუალება. „ლურჯი ვეშაპი“ ახსენეს აქ და მსგავსი ტიპის რაღაცები რა ფენომენია? საკუთარი თავის გამოცდა გინდა, სარისკო თავგადასავლები გინდა, გამოწვევაა ეს შენთვის. ადრენალინის აწევა მოზარდობის ასაკში არის სასიამოვნო. ეს არის ანკესი. არის ახალი ურთიერთობები, რომელიც არ არის რეალური ურთიერთობები. ყველა ჩვენგანს ახსოვს თავისი თავი მეათე კლასში, ყველას რომ იცნობ შენ გარშემო. ახლა ამის საშუალება არ ვიცი რატომ არ არის. შენ კოლექციას აგროვებ, გამოცდილებას იღებ. დღეს ჩვენ ხშირად არ ვიცნობთ, ვისთან მეგობრობენ ჩვენი შვილები, ვისთან თამაშობენ, ვისთან ურთიერთობენ. ჩვენ ეს არ ვიცით. ჩვენი თაობის მშობლებმა ეს იცოდნენ ზეპირად თავიანთი ოჯახებით. ჩვენ ერთმანეთთან დავდიოდით ოჯახებში. ახლა ვინ ვისთან მიდის, აღარ ვიცი უკვე როგორ არის ახალ ცხოვრებაში, ეს სჭირდებათ ამ ბავშვებს,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო:​ „პულსი“ 

წაიკითხეთ სრულად