Baby Bag

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი,“- ფონიატრი ირინა ქაცარავა

ფონიატრმა ირინა ქაცარავამ ბავშვებში ხმის პრობლემებისა და ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩურჩული პატარების ხმას ისევე აზიანებს, როგორც ყვირილი:

„ბავშვები ბაღსა და სკოლაში ხშირად ჩურჩულებენ და ამის მიზეზი ზოგჯერ პედაგოგიც ხდება ხოლმე. მასწავლებლები ბავშვებს ეუბნებიან: „იჩურჩულეთ.“ ეს არასწორია. საქართველოს პრაქტიკაშიც წამოვა, ალბათ, ნელ-ნელა ეს ტენდენცია. მე ვცდილობ მაქსიმალურად, რომ ეს დავამკვიდრო პედაგოგებში. პედაგოგების დატრენინგება უნდა მოხდეს, რომ ამ პრობლემის მაქსიმალური პრევენცია მოხერხდეს. ბაღიდან იწყება ეს პრობლემა.“

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი. ცუდია ხმის ფორსირებაც, როდესაც ბავშვი აჯავრებს ვიღაც ზღაპრის გმირს. როდესაც ეს მუდმივად ხდება, ძალიან ცუდად აისახება ხმაზე. კუნთები იძაბება და იჭიმება, ისევე როგორც ყვირილის დროს,“- აღნიშნულ საკითხზე ირინა ქაცარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ხშირად გვსმენია: „არ აიყვანო ხელში ჩვილი, რადგან შეიძლება ხელში ყოფნით გაფუჭდეს...“ პირიქით, ამ პერიოდში აუცილებელია დედის ტაქტილური შეხება,“- ფსიქოკონსულტანტი თაკო ნავერიანი

ფსიქოკონსულტანტმა თაკო ნავერიანმა მშობელსა და შვილს შორის ჯანსაღი მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მიჯაჭვულობას საფუძველი ეყრება 1-დან 2 წლამდე. ეს განსაკუთრებული პერიოდია. ხშირად გვსმენია: „არ აიყვანო ხელში ჩვილი, რადგან შეიძლება ხელში ყოფნით გაფუჭდეს.“ პირიქით, ამ პერიოდში აუცილებელია დედის ტაქტილური შეხება, ემოციური კავშირი, მზერა. აი, აქ ეყრება საფუძველი სანდო და უსაფრთხო მიჯაჭვულობას. როდესაც ჩვილს აქვს დედის ან აღმზრდელის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულება, ემოციური კავშირი, ეს არის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი.

მნიშვნელოვანია, როდესაც მყისიერად სრულდება ბავშვის მოთხოვნილება. ბავშვი რომ ტირის, უნდა მივიდე და მივხვდე, რა საჭიროება აქვს. მისი მოთხოვნილების გადადება არ შეიძლება. მშობლები ხშირად ღელავენ: „ბავშვს ჩვენთან ძინავს.“ ბავშვმა უნდა იგრძნოს მშობლის ემოციური კავშირი და ჩახუტება გარკვეულ ასაკამდე. ეს არის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი. 4 წლამდეც აუცილებელია, რომ ბავშვმა იგრძნოს ეს. შემდეგაუცილებლად უნდა მოხდეს პოზიტიური კუთხით ბავშვის ოთახის შერჩევა, ცალკე კუთხის გამოყოფა. 

როდესაც მოზარდები ცდილობენ მშობლებთან დაძინებას, ეს ნამდვილად არ არის ჯანსაღი. 10-12 წლის ბავშვისთვის უკვე მიუღებელია ეს. მას მშობლებთან არ უნდა ეძინოს და ცალკე უნდა ჰქონდეს გამოყოფილი კუთხე,“ -მოცემულ საკითხზე თაკო ნავერიანმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“ 

წაიკითხეთ სრულად