Baby Bag

„დაბომბვის ხმაზე ინსტინქტურად მოვკიდე ბავშვს ხელი, ჟილეტში გავახვიე, მივიხუტე და ასე გადმოვხტი სამშობიაროს ფანჯრიდან,“- ქართველი დედა 2008 წლის აგვისტოს მძიმე დღეებს იხსენებს

„დაბომბვის ხმაზე ინსტინქტურად მოვკიდე ბავშვს ხელი, ჟილეტში გავახვიე, მივიხუტე და ასე გადმოვხტი სამშობიაროს ფანჯრიდან,“- ქართველი დედა 2008 წლის აგვისტოს მძიმე დღეებს იხსენებს

2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართველი დედები არაერთი მძიმე განსაცდელის წინაშე აღმოჩნდნენ. ერთ-ერთი დედა, რომელსაც ომის პერიოდში უდიდეს სირთულეებთან მოუხდა შეჯახება სოფელ ერგნეთში მცხოვრები მაგული ოქროპირიძეა. ის 14 წლის წინანდელ მძიმე ამბებს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ იხსენებს და ყვება, როგორ გადახტა სამშობიაროს ფანჯრიდან ახალშობილთან ერთად, როდესაც საფრთხის მოახლოება იგრძნო:

„2008 წლის 7 აგვისტოს ღამე მეყოლა მეხუთე შვილი. ზუსტად როდესაც გავაჩინე ქეთი, ის პერიოდი იყო შორ მანძილზე რომ ისროდნენ. ისეთი ხმა ჰქონდა, მთელი სამშობიარო ზანზარებდა. სამხედრო ნაწილი და გორის სამშობიარო ძალიან ახლოს არის. ფანჯრები, მინები სულ ჩამომსხვრეული იყო საავადმყოფოში. ამ ხმაზე ინსტინქტურად მოვკიდე ამ ბავშვს ხელი, ჟილეტში გავახვიე, მივიხუტე და ასე გადმოვხტი ფანჯრიდან. რამოდენიმე წელი იმ საავადმყოფოს ეზოშიც კი ვერ შევდიოდი. ქეთო, როგორც ომი, ისეთი დაუმორჩილებელია. ვიტყოდი, რომ გმირია, იმიტომ, რომ პირველმა დაამარცხა სიკვდილი თავისი დაბადებით. მშობიარობის დროს „ვაიმე დედა“ არ მითქვამს. მარტო ვლოცულობდი: „ღმერთო, ჩემი შვილები კარგად იყვნენ, ღმერთო, გადაგვარჩინე.“

მაგული ოქროპირიძის თქმით, ომმა ბავშვებზე უმძიმესი გავლენა მოახდინა და პატარებს მდგომარეობიდან გამოსვლა დიდხანს უჭირდათ:

„ჩემი შვილი, მეორე გოგო დედაჩემის გვერდით იყო, როდესაც მე ბავშვით ხელში გადმოვხტი. მთელი ორი კვირა არ ლაპარაკობდა. ხალხს რომ დაინახავდა, გზაზე ვერ გადადიოდა. ომის შემდეგ პირველად რომ შემოვედი ერგნეთში და დავინახე პირველი სახლი დამწვარი, ერთი ამოსუნთქვით დამთავრდა ყველაფერი. ჩემში ყველა ემოცია გაიყინა. პიანინო მაქვს ჩემი ასაკის. ჩექმიანი ფეხით იყო ჩაქუჩები და სიმები ჩამტვრეული, ნაფეხური ეტყობოდა ძირს დაყრილ ხატებს.“

2008 წლის 7 აგვისტოს დაბადებული ქეთევან დოჯაშვილი რუსულ ბომბდამშენებს გადაურჩა და 14 წლის წინანდელი ომის შესახებ მხოლოდ დედის მონაყოლიდან იცის.

„დედა რომ ყვება ხოლმე, მეც თვალწინ მიდგას ყველაფერი, რაც ომის დროს ხდებოდა. დედა სულ ამბობს, რომ დაიბადე, გმირი ხარ და სიკვდილს პირველი უთხარი არაო,“ - ამბობს ქეთევან დოჯაშვილი.

წყარო: ​„იმედის დღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა - თამარ გაბუნიას განცხადება

ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა - თამარ გაბუნიას განცხადება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა. მან ის სიმპტომები დაასახელა, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში ბავშვებს კლინიკაში გადაჰყვანა სჭირდებათ:

„პროტოკოლი შეიცვალა. მეტად საყურადღებო, ბუნებრივია, რჩება ერთ წლამდე ასაკის ბავშვი. სხვა შემთხვევაში, თუ ბავშვს არ აქვს მაღალი ტემპერატურა დიდი ხნის განმავლობაში, რომელიც არ ექვემდებარება სიცხის დამწევს, ან არ აქვს სხვა თანხმლები სიმპტომები, ძლიერი ხველა. სხვა შემთხვევაში მისი მართვა სრულიად წარმატებით არის შესაძლებელი სახლის პირობებში. მითითებაა იმ კრიტერიუმებზე, თუ როდის არის საჭირო ბავშვის ჰოსპიტალიზაცია, რომ თავიდან ავიცილოთ არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია, რაც საკმაოდ სტრესულია ბავშვისთვისაც, მშობლისთვისაც და იწვევს სისტემის გადატვირთვას. ამიტომ, თუ ბავშვს არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ბუნებრივია, ის უნდა დარჩეს ბინაზე,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

წყარო: ​„რუსთავი 2“

წაიკითხეთ სრულად