Baby Bag

„ძალიან ბედნიერად ვცხოვრობდით კიევში... უნდა დავბრუნდე, რომ მათ დავეხმარო, გვერდში დავუდგე ამ ხალხს,“ - ქართველი დედა, რომელიც უკრაინიდან სამ შვილთან ერთად ჩამოვიდა

„ძალიან ბედნიერად ვცხოვრობდით კიევში... უნდა დავბრუნდე, რომ მათ დავეხმარო, გვერდში დავუდგე ამ ხალხს,“ - ქართველი დედა, რომელიც უკრაინიდან სამ შვილთან ერთად ჩამოვიდა

უკრაინიდან დაბრუნებულმა სამი შვილის დედამ თინათინ კედიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ იმ რთული გზის შესახებ ისაუბრა, რომელიც საქართველოში ჩამოსვლამდე ოჯახთან ერთად გამოიარა:

„ვცხოვრობდით კიევში. მართლა ძალიან ბედნიერად ვცხოვრობდით. ერთ დღეს დილის ხუთ საათზე ბავშვს ვაჭმევდით პატარას და გაისმა ბომბების ხმა. თავიდან ასე არ შეგვშინებია. ვიფიქრეთ, რომ ერთი დაიბომბა, კიევზე არ წამოვა, დედაქალაქს ხომ ვერ გაბედავს, ხომ ვერ აიღებს, მოდი, დავრჩეთ. 15 წუთში ისევ ჩამოვარდა ბომბი, მერე 15 წუთში ისევ... გადავხედეთ ერთმანეთს და ვთქვით ორივემ: ომი დაიწყო.“

თინათინ კედიას თქმით, მის ოჯახს უკრაინიდან გამოსვლა გაუჭირდა, რადგან საცობები იყო და გადაადგილება ჭირდა:

„მე მინდა მოგითხროთ, რა მდგომარეობაში არიან უკრაინაში ადამიანები და მათი ემოციები გადმოგცეთ. ჩვენ მალევე წამოვედით. პირველივე დღეს მოვახერხეთ წამოსვლა. ყველამ იცის, როგორი საცობები იყო. ეს კადრები სულ ტრიალებდა. ექვსი საათი მოვუნდით კიევიდან გამოსვლას. გაჩერებებით ვიარეთ, ბავშვები მანქანაში იღლებოდნენ და ცოდვები იყვნენ. ძალიან სახიფათო იყო ეს პირველივე წუთიდან. ჩვენ ვინიცაში ვაპირებდით ჩასვლას. ორი გზა მიდის და ჩრდილოეთით მიმავალი განიერი გზა ავირჩიეთ. გზაში გავიგეთ, რომ ბელორუსიდან მოდიან და ის გზა უნდა გავიაროთ. იქვე მოვტრიალდით უკან, ისევ კიევში შემოვედით და სამხრეთ ნაწილიდან ხელახლა ჩავდექით საცობებში. საღამოს 10 საათზე ჩავედით ვინიცაში. ეს პატარა ქალაქია, სადაც საბავშვო საფეხბურთო ტურნირები იმართება. სასტუმროში 600 ბავშვი იყო მშობლების გარეშე მწვრთნელებთან ერთად. ორი გუნდი ხარკოვიდან იყო. მწვრთნელები დაძაბულები იყვნენ. მშობლები ურეკავდნენ, რომ ხარკოვში არ ჩაეყვანათ ბავშვები. 600 ბავშვი ტელევიზორში უყურებდა ამ ამბებს, ისხდნენ და ტიროდნენ.“

„ღამე ვინიცაში გავათენეთ და დარჩენას ვფიქრობდით. ეზოში გამოსულებმა დავინახეთ როგორ დავარდა თვითმფრინავი და შავი კვამლი ამოვიდა. მაშინვე გადავწყვიტეთ წამოსვლა. სამხრეთ უკრაინისკენ წავედით. იქ ორი ღამე გავჩერდით. მოლდოვის საზღვარზე გადავედით მეექვსე დღეს. მერე რუმინეთში გადავედით და იქიდან იყო ფრენა. ექვსი საათი მიყავით უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე საცობში. მანქანა ბევრი არ იყო. ყველა იყო მამა, რომელიც ემშვიდობებოდა ოჯახს და მერე მანქანით უკან ბრუნდებოდა. ამ დამშვიდობების ცერემონიას რომ უყურებ, ვერც დააჩქარებ. ყველა ამ ტრაგედიას ვუყურეთ. ჩემმა რამოდენიმე მეგობარმა ხარკოვში რვა დღე გაძლო. მერე თქვეს: ეს არ დამთავრდება და ჩვენი შვილების ემოცია, მათი მომავალი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს სახლი, სადაც ვცხოვრობთ. ამიტომ ნაწილი გამოვიდა ხარკოვიდან, ნაწილი ისევ იქ რჩება. მე უნდა დავბრუნდე, რომ მათ დავეხმარო. უნდა დავბრუნდე, რომ თუ რამეში ვარ საჭირო, გვერდში დავუდგე ამ ხალხს. ჩემს შვილებს მხარში ედგნენ, ასწავლიდნენ, უხსნიდნენ. ახლა ჩვენი დროა, ახლა ჩვენ უნდა დავუდგეთ გვერდში,“- აღნიშნა თინათინ კედიამ.

წყარო: ​„იმედის დღე“


შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ დასასვენებლად წაყვანილი ბავშვი 10 დღეში უკან მოგვყავს, ის ადაპტაციასაც ვერ ახერხებს და ბრუნდება ისევ თავის სახლში,“- პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ მშობლებს ურჩია ბავშვის დასასვენებლად წაყვანის შემთხვევაში გარემოსთან ადაპტაციისთვის საჭირო დრო გაითვალისწინონ:

„გარემოსთან ადაპტაცია დიდსაც და ბავშვსაც ესაჭიროება დაახლოებით 7-დან 10 დღემდე, როდესაც ბავშვი იცვლის გარემოს, იცვლის საკვებს, წყალს და ა.შ. ამ გარემოსთან შეგუებას დაახლოებით 7-დან 10 დღემდე ესაჭიროება. თუ ჩვენ გვინდა, რომ ბავშვმა მიიღოს იმ გარემოდან რაღაც სარგებელი, ეს შეეხება ჰავის ცვლილებას, თუ მის ფსიქო-ემოციურ შეწყობას იმ გარემოსთან, თუ ის 10 დღეში უკან მოგვყავს, ის ადაპტაციასაც ვერ ახერხებს და ბრუნდება ისევ თავის სახლში.

ბავშვს ორი კვირით თუ წავიყვანთ დასასვენებლად, ეს დანაშაული არ არის, რა თქმა უნდა. სასურველია, თუ იქნება 20-30 დღე. ადაპტაციის დღეების რაოდენობა უნდა გავითვალისწინოთ. თუნდაც იყოს 2 კვირა, რომ 7 დღე იყოს ადაპტაცია, შემდეგ 7 დღე მიიღებს გარემოს და დაბრუნდებით სახლში. აუცილებელი არ არის ჩარჩო, რომ 20 დღე იყოთ დასასვენებლად და 21-ე დღეს წამოხვიდეთ,“- მოცემულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად