Baby Bag

„თუ შენ ლოცულობ, მაგრამ არ გეძლევა ის, რასაც ლოცულობ, ამას ორი მიზეზი აქვს...“ - დეკანოზი საბა ჭიკაიძე ლოცვის ძალის შესახებ

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ ლოცვის ძალისა და სწორად ლოცვის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა:

„უფალმა თქვა თვითონ, რომ თუკი მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა მაინც გექნებათ, ამ მთას ეტყვით: აღიფხვარ ამიერ და შთავარდი ზღვად და ასეც იქნებაო. რა თქმა უნდა, ლოცვას უდიდესი ძალა აქვს. თუ თქვენ მთელი გულითა და სიწრფელით ილოცებთ, ყველაფერი მოგეცემათ ღვთისგან. ჩვენ არ ვლოცულობთ ისე, როგორც საჭიროა და იმიტომაც ვერ ვიღებთ იმას, რაც გვინდა, რომ გვქონდეს.“

„წმინდა მამები გვეუბნებიან: თუ შენ ლოცულობ, მაგრამ არ გეძლევა ის, რასაც ლოცულობ, ორი ვარიანტია ამის. ან შენ რწმენა არ გყოფნის, რომ ისეთი სარწმუნოებით ილოცო, როგორც საჭიროა, ან ბოროტად ითხოვ, ითხოვ ისეთ რაღაცას, რაც შენთვის ან სხვა ადამიანისთვის იყოს დამაზარალებელი. ღვთისგან არ მოგეცემა, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება დამაზარალებელი იყოს. ამას ღვთისგან ვერ მიიღებ. როდესაც შენ სწორს ითხოვ, სწორად ითხოვ, ითხოვ ისეთ რამეს, რაც შენი სულისა და სხვა ადამიანისთვის გამოსადეგია, ასეთ შემთხვევაში, მოგეცემათ ღვთისგან. ღმერთი მოსიყვარულე, მოწყალე მამაა, ყველას პატრონობს და აუცილებლად მიიღებთ თქვენს სათხოვარს, ჩემო ძვირფასებო,“- აღნიშნა მამა საბა ჭიკაიძემ.

წყარო:​ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

შეიძლება დაინტერესდეთ

მშობლის 7 ქცევა, რომელიც ბავშვს ბედნიერ ადამიანად ჩამოყალიბებაში ხელს უშლის

მშობლის 7 ქცევა, რომელიც ბავშვს ბედნიერ ადამიანად ჩამოყალიბებაში ხელს უშლის

მზრუნველი და მოსიყვარულე მშობელი ყოველთვის ცდილობს, რომ ბავშვს ზიანი არ მიაყენოს, თუმცა ზოგჯერ ერთი შეხედვით უვნებელი ქმედებები ჩვენი შვილებისთვის გარკვეულ საფრთხეს შეიცავს. არსებობს მახეები, რომლებსაც თავი უნდა ავარიდოთ. ჩვენს სტატიაში ​მშობლების 7 ქცევას გაგაცნობთ, რომელიც ბავშვს ბედნიერ ადამიანად ჩამოყალიბების შესაძლებლობას ართმევს.

  • 1. შვილის დაცვა ნებისმიერი რისკისა და წარუმატებლობისგან

მშობლებისთვის რთულია შვილის წარუმატებლობასთან შეგუება. ისინი აცნობიერებენ, რომ ბავშვის პრობლემას თავად მარტივად გადაჭრიან. თუ თქვენ ეცდებით, რომ ბავშვს რისკი, გამოწვევები და წარუმატებლობები ყოველთვის აარიდოთ, როგორ შეძლებს ის მათთან გამკლავებას?! პრობლემური ვითარებები ბავშვს ბრძოლისუნარიანს ხდის და მას დაცემის შემდეგ ფეხზე წამოდგომას ასწავლის.

  • 2. ბავშვის პოტენციალის იგნორირება

ბევრი მშობელი საკუთარი ოცნებების ახდენას შვილების ხარჯზე ცდილობს. ისინი ბავშვებს აიძულებენ ისე იცხოვრონ, როგორც თავად სურთ. მშობლები ცდილობენ შვილებმა შეავსონ ის დანაკლისი, რომელიც მათ გარკვეული შესაძლებლობების ხელიდან გაშვების შემდეგ დარჩათ. ბავშვები ვერ ახერხებენ საკუთარი ოცნებების ასრულებას და თავიანთი პოტენციალის რეალიზებას, რაც მათ ბედნიერებაში ხელს უშლის.

  • 3. ბავშვის მეტისმეტად განებივრება

მშობლებს სურთ, რომ ბავშვებს ყველაფერი უყიდონ, რაც მათ ბავშვობაში აკლდათ. სათამაშოებით, ძვირფასი ტანისამოსით და გემრიელი ტკბილეულით განებივრებული ბავშვის ცხოვრება მხოლოდ ერთი შეხედვით გვგონია იდეალური. როგორც წესი, მშობლებს, რომლებიც ​ბავშვს ძალიან ათამამებენ, მისთვის უარის თქმა აშინებთ და ფიქრობენ, რომ არას თქმა მათ ცუდ მშობლებად აქცევს. ისინი ბავშვის ტანტრუმთან გამკლავებას ვერ ახერხებენ და პრობლემის მოგვარებას მისთვის სხვადასხვა ნივთის შეძენით ცდილობენ. მსგავსი დამოკიდებულება ბავსვს აფიქრებინებს, რომ ცხოვრებაში მთავარი მატერიალური საგნებია. ზრდასრულობაში ისინი მთლიანად ხდებიან დამოკიდებული მატერიალურ კეთილდღეობაზე და ბედნიერების განცდა ნაკლებად აქვთ.

  • 4. მშობლების მიერ ოჯახში არსებული წესების დარღვევა

წესების დადგენა და შემდგომ მათი დარღვევა არათანმიმდევრულ მშობლებს ახასიათებთ. ეს კი მშობელს ავტორიტეტს აკარგვინებს. ოჯახში წესების ხშირი ცვალებადობა ბავშვს მომავალში არასტაბილურ ადამიანად აყალიბებს. ​ზრდასრულობაში მსგავსი ადამიანები თავს დაუცველად გრძნობენ და საკუთარი იდენტობის გაცნობიერება უჭირთ.

  • 5. როდესაც მშობელი ცუდი როლური მოდელია

მშობლები, რომლებიც საკუთარ სიტყვებს საქმედ არ აქცევენ, ბავშვებისთვის ცუდ როლურ მოდელებს წარმოადგენენ. როდესაც თქვენ ბავშვს გარკვეული ქცევის შესრულებას სთხოვთ, თავად კი საპირისპიროს აკეთებთ, შემდეგ კი უკმაყოფილებას გამოთქვამთ, რომ ბავშვი არ გიჯერებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ სარკეში საკუთარ თავს ეჩხუბებით. ბავშვები ჩვენს ქცევებს აკვირდებიან, ამიტომ აუცილებელია, რომ ჩვენი სიტყვა და საქმე თანხვედრაში იყოს.

  • 6. ბავშვის დასწავლის სირთულეების იგნორირება

ბავშვს, რომელიც საათობით ცდილობს მათემატიკის ამოცანის ამოხსნას, არ უნდა უსაყვედუროთ, რომ ზარმაცია ან მოტივაცია აკლია. ზოგჯერ ბავშვებს დასწავლის სირთულეები აქვთ და მათ მიერ მიღებული შედეგი სწავლაში ჩადებული შრომის პირდაპირპროპორციული სულაც არ არის. მსგავს შემთხვევაში, სჯობს, დახმარებისთვის ექსპერტს მიმართოთ. ბავშვზე ფსიქოლოგიური ზეწოლა კი მიუღებელია.

  • 7. მეუღლესთან კონკურენცია „საუკეთესო მშობლის“ ტიტულის მოსაპოვებლად

​„საუკეთესო მშობლის“ ტიტულის მოპოვება გაცილებით მარტივია, როდესაც მშობლები ერთ გუნდად არიან შეკრულნი. სამწუხაროდ, ზოგჯერ მშობლები ერთმანეთს ექიშპებიან და ცდილობენ, რომ ერთმანეთზე უკეთესები გამოჩნდნენ. მსგავსი დამოკიდებულება ბავშვების ცხოვრებაზე ნეგატიურად აისახება და მათ ბედნიერებაში ხელს უშლის.

მომზადებულია ​brightside.me - მიხედვით

წაიკითხეთ სრულად