Baby Bag

„თუ შენ ლოცულობ, მაგრამ არ გეძლევა ის, რასაც ლოცულობ, ამას ორი მიზეზი აქვს...“ - დეკანოზი საბა ჭიკაიძე ლოცვის ძალის შესახებ

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ ლოცვის ძალისა და სწორად ლოცვის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა:

„უფალმა თქვა თვითონ, რომ თუკი მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა მაინც გექნებათ, ამ მთას ეტყვით: აღიფხვარ ამიერ და შთავარდი ზღვად და ასეც იქნებაო. რა თქმა უნდა, ლოცვას უდიდესი ძალა აქვს. თუ თქვენ მთელი გულითა და სიწრფელით ილოცებთ, ყველაფერი მოგეცემათ ღვთისგან. ჩვენ არ ვლოცულობთ ისე, როგორც საჭიროა და იმიტომაც ვერ ვიღებთ იმას, რაც გვინდა, რომ გვქონდეს.“

„წმინდა მამები გვეუბნებიან: თუ შენ ლოცულობ, მაგრამ არ გეძლევა ის, რასაც ლოცულობ, ორი ვარიანტია ამის. ან შენ რწმენა არ გყოფნის, რომ ისეთი სარწმუნოებით ილოცო, როგორც საჭიროა, ან ბოროტად ითხოვ, ითხოვ ისეთ რაღაცას, რაც შენთვის ან სხვა ადამიანისთვის იყოს დამაზარალებელი. ღვთისგან არ მოგეცემა, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება დამაზარალებელი იყოს. ამას ღვთისგან ვერ მიიღებ. როდესაც შენ სწორს ითხოვ, სწორად ითხოვ, ითხოვ ისეთ რამეს, რაც შენი სულისა და სხვა ადამიანისთვის გამოსადეგია, ასეთ შემთხვევაში, მოგეცემათ ღვთისგან. ღმერთი მოსიყვარულე, მოწყალე მამაა, ყველას პატრონობს და აუცილებლად მიიღებთ თქვენს სათხოვარს, ჩემო ძვირფასებო,“- აღნიშნა მამა საბა ჭიკაიძემ.

წყარო:​ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვი სიტყვებზე მეტად სხეულის ენას ენდობა, მან იცის, რომ სიტყვებით ადამიანები ტყუიან,“ - ტრენერი ია ბერსენაძე

ტრენერი ია ბერსენაძე გადაცემაში „იმედის დღე“ ბავშვებთან კომუნიკაციისას სხეულის ენის მნიშვნელობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბავშვები სიტყვებს ნაკლებად ენდობიან:

„ბავშვმა იცის, რომ სიტყვებით ადამიანები ტყუიან. ის ამას შესწრებია. შეუძლებელია, რომ მას ეს არ გამოეცადა. ჩვენ ვეუბნებით ბავშვებს: „ეს არ უთხრა მეზობელს,“ ან „ლია დეიდა რომ მოვა, ამას ნუ ეტყვი.“ შეიძლება ჩვენ ამას ძალიან კეთილი მიზნებით ვეუბნებით ბავშვს, მაგრამ ეს მისთვის ინფორმაციაა. მან უკვე იცის, რომ სიტყვები ტყუიან, ამიტომ ის სხეულის ენას უყურებს, როგორც ძალიან გულწრფელ არხს. ითქმის, რომ სხეულის ენა არასდროს ტყუის, ის ძალიან გულწრფელია. გაგიკვირდებათ, მაგრამ ყველაზე გულწრფელია ფეხები. პოკერის მოთამაშემ ძალიან კარგად იცის, როგორ მართოს სახე და თვალი, მაგრამ თუ მაგიდის ქვეშ მის ფეხებს დავინახავთ, მაშინვე მივხვდებით, ტყუის თუ არა.“

ია ბერსენაძის თქმით, სხეულის ენა მეტყველებამდე არსებობდა, რის გამოც მისი ძალა საკმაოდ დიდია:

„ბავშვი სიტყვებზე მეტად სხეულის ენას ენდობა. თუ სხეულის ენა და სიტყვები ერთმანეთს არ ემთხვევა, მას გაორება აქვს. ის ინფორმაციას ფილტრის ქვეშ ატარებს. მეტყველებამდე არსებობდა სხეულის ენა. თუ თქვენ მე გაბრაზებული სახით მიყურებთ, მაშინაც კი, როდესაც მეუბნებით, რომ კმაყოფილი ხართ ჩემი ქცევით, ჩემთვის თქვენი შეჭმუხნული სახე უფრო მეტს მეტყველებს, ვიდრე სიტყვები. ამიტომ თქვენს სიტყვებს ეჭვქვეშ ვაყენებ.“

ია ბერსენაძის მტკიცებით, ბავშვების ნდობის მოსაპოვებლად აუცილებელია, რომ მშობელი გულწრფელი იყოს:

„გამოსავალი ყოველთვის არის გულწრფელობა. ჩვენი სხეულის ენა და სიტყვები ერთსა და იმავე ემოციაზე უნდა მიუთითებდეს. ამას ბავშვი აუცილებლად იგრძნობს. ყველაზე პატარა ბავშვსაც მისთვის გასაგებ ენაზე შეიძლება ძალიან რთული რამ აუხსნათ. მან შეიძლება კოგნიტურად ეს ვერ გაიგოს, მაგრამ ემოციურად თუ სწორ გზავნილს გადასცემთ, ის ამას სწორად მიიღებს, გენდობათ და დაიწყებს რეფლექსიას. ბავშვის მიმღებლობა უფრო მაღალი იქნება და მას წინააღმდეგობა არ ექნება."

„როდესაც რთულ თემებზეა ოჯახში საუბარი, მშობლები ხშირად ამბობენ: „ჯერ პატარაა, ვერ გაიგებს, გაიზრდება და მერე ვეტყვი.“ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაკეთდეს. ბავშვს ნებისმიერ ასაკში უნდა აუხსნათ, თუ რა ხდება,“- აღნიშნავს ია ბერსენაძე.

წყარო: ​იმედის დღე

წაიკითხეთ სრულად