Baby Bag

„თუ შენ ლოცულობ, მაგრამ არ გეძლევა ის, რასაც ლოცულობ, ამას ორი მიზეზი აქვს...“ - დეკანოზი საბა ჭიკაიძე ლოცვის ძალის შესახებ

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ ლოცვის ძალისა და სწორად ლოცვის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა:

„უფალმა თქვა თვითონ, რომ თუკი მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა მაინც გექნებათ, ამ მთას ეტყვით: აღიფხვარ ამიერ და შთავარდი ზღვად და ასეც იქნებაო. რა თქმა უნდა, ლოცვას უდიდესი ძალა აქვს. თუ თქვენ მთელი გულითა და სიწრფელით ილოცებთ, ყველაფერი მოგეცემათ ღვთისგან. ჩვენ არ ვლოცულობთ ისე, როგორც საჭიროა და იმიტომაც ვერ ვიღებთ იმას, რაც გვინდა, რომ გვქონდეს.“

„წმინდა მამები გვეუბნებიან: თუ შენ ლოცულობ, მაგრამ არ გეძლევა ის, რასაც ლოცულობ, ორი ვარიანტია ამის. ან შენ რწმენა არ გყოფნის, რომ ისეთი სარწმუნოებით ილოცო, როგორც საჭიროა, ან ბოროტად ითხოვ, ითხოვ ისეთ რაღაცას, რაც შენთვის ან სხვა ადამიანისთვის იყოს დამაზარალებელი. ღვთისგან არ მოგეცემა, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება დამაზარალებელი იყოს. ამას ღვთისგან ვერ მიიღებ. როდესაც შენ სწორს ითხოვ, სწორად ითხოვ, ითხოვ ისეთ რამეს, რაც შენი სულისა და სხვა ადამიანისთვის გამოსადეგია, ასეთ შემთხვევაში, მოგეცემათ ღვთისგან. ღმერთი მოსიყვარულე, მოწყალე მამაა, ყველას პატრონობს და აუცილებლად მიიღებთ თქვენს სათხოვარს, ჩემო ძვირფასებო,“- აღნიშნა მამა საბა ჭიკაიძემ.

წყარო:​ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

შეიძლება დაინტერესდეთ

„თამაში „ჭიტა“ არის ბავშვის განვითარების ერთ-ერთი ეტაპი,“ - ნეიროფსიქოლოგი მარიამ ხვადაგიანი

„თამაში „ჭიტა“ არის ბავშვის განვითარების ერთ-ერთი ეტაპი,“ - ნეიროფსიქოლოგი მარიამ ხვადაგიანი

ნეიროფსიქოლოგმა მარიამ ხვადაგიანმა თამაშის ტიპებსა და მათ მიერ ბავშვისთვის მოტანილ სარგებელზე ისაუბრა:

„ჩვილობის ასაკში ბავშვები პრიმიტიულ სოციალურ თამაშებს თამაშობენ, მაგალითად, „ჭიტას“ თამაში. ეს არის აბსოლუტურად ემოციური თამაში. ბავშვი იმალება და უნდა გამოჩნდეს. ეს არის თამაში, რომლითაც ვხვდებით საგნის მუდმივობა რამდენად აქვს. 4 თვის ბავშვისთვის საგანი, რომელსაც ვერ ხედავს, არც არსებობს. სწორედ ამიტომ მშობელი შორს რომ მიდის, ტირილს იწყებს. როდესაც ამას აკეთებს და ხელებს გიწევს, ეს ნიშნავს, რომ ბავშვი გეძებს. ეს არის განვითარების ერთ-ერთი ეტაპი. „მოვედი, მოვედი“ თამაში კიდევ და მსგავსი ემოციური თამაშები აუცილებელია ბავშვის ემოციური განვითარებისთვის. ეს თამაშები არის 7-8 თვიდან.

დამოუკიდებელ თამაშში იგულისხმება, როდესაც ბავშვი სხვა ბავშვებით დიდად არ არის დაინტერესებული. ის თამაშობს თავისთვის, დამოუკიდებლად. ორ წლამდე ძირითადად დამოუკიდებელი თამაშია. ორი წლიდან შემოდის პარალელური თამაში, როდესაც ვარ სხვა ბავშვებთან ერთად, ვთამაშობ კუბიკებით, ისინიც თამაშობენ კუბიკებით, მაგრამ კომუნიკაცია არ გვაქვს. სოციალური თამაში არის თამაში, სადაც სხვებთან ინტერაქციაში შევდივარ. სოციალური თამაში იწყება 3-4 წლიდან. 3 წლის ბავშვი სხვებთან ერთად თამაშობს, მაგრამ წესებს ნაკლებად იცავს. სოციალურ თამაშში იგულისხმება როლური თამაშებიც, დრამა. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ წარმოსახვას ავითარებს.

წაძღოლითი თამაშია, როდესაც სჭირდება, რომ ვიღაც დაეხმაროს. სიმბოლური თამაშია, როდესაც იღებს სხვა ნივთს და ვითომ ტელეფონია და ლაპარაკობს. სიმბოლური თამაში შეიძლება იყოს ხატვა, მღერა. წესების დაცვით თამაში შემოდის 4-5 წლიდან. 3 წლის ბავშვს უჭირს ამ ჩარჩოს მორჩილება,“- მოცემულ საკითხზე მარიამ ხვადაგიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად