Baby Bag

„ეს ღმერთის გადარჩენილი ბავშვია, ის 650 გრამი დაიბადა,“ - ლევან რატიანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სასწაულებრივად გადარჩენილი ახალშობილისა და დედის შესახებ

„ეს ღმერთის გადარჩენილი ბავშვია, ის 650 გრამი დაიბადა,“ - ლევან რატიანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სასწაულებრივად გადარჩენილი ახალშობილისა და დედის შესახებ

44 წლის თამარი 22 კვირის ორსული იყო, როდესაც კოვიდ-19-ის გართულებული ფორმით რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. დედისა და ნაყოფის მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკული იყო, რის გამოც ორსულობის შეწყვეტის შესახებ დაისვა საკითხი.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა პატარა ლაზარეს სასწაულებრივად გადარჩენის შესახებ ისაუბრა:

„მიმაჩნია, რომ ეს დიდი წარმატებაა არამარტო ჩვენი კლინიკისთვის, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ძალიან იშვიათი შემთხვევებია მე რაც გადავხედე. მსოფლიო მასშტაბით ასეთი შემთხვევა თითქმის არცერთ კლინიკაში არ ყოფილა. გონებაში არ დამიშვია, რომ დედას და შვილს ცუდი გამოსავალი ექნებოდათ. არ ვუშვებდი ამას, შინაგანად მქონდა განცდა, რომ ისინი აუცილებლად გადარჩებოდნენ.“

ლევან რატიანის თქმით, დედის და ნაყოფის მდგომარეობა კრიტიკული იყო:

„გამოხატული იყო სუნთქვის უკმარისობა, იყო ჟანგბადდამოკიდებულება, მოთავსდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ნაყოფი აღმოჩნდა 420 გრამი. დაახლოებით 18 საათში იმდენად დამძიმდა პაციენტის მდგომარეობა, რომ რეანიმაციაში გადავიყვანეთ. ცხოვრებაში არ დამავიწყდება მისი სიტყვები: „მე დედა უნდა გავხდე, ექიმო! ეს არ გააკეთოთ, რომ ჩემი სიცოცხლის გადარჩენისთვის მე ორსულობა შემიწყვიტოთ.“ ყოველდღიურად გვქონდა კონსილიუმი. ყოველი წუთი გადამწყვეტი იყო. დედის სიცოცხლე უნდა გადაგვერჩინა. მცირე შანსი იყო, რომ 22 კვირის ნაყოფს, თუ ის გაჩნდებოდა სიცოცხლისუნარიანობა გაჩენოდა. 25 კვირაზე ჩატარდა საკეისრო კვეთა. დაიბადა 650 გრამი ნაყოფი. ნაყოფი გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე. დედა-შვილი იმყოფებოდნენ კრიტიკულ მდგომარეობაში. ყველაფერი ჩადო ჩვენმა კლინიკამ, რომ დედა-შვილის სიცოცხლე გადარჩენილიყო. ღმერთის წყალობით გამარჯვებას მივაღწიეთ. დედა 8 კვირის შემდეგ მოიხსნა აპარატიდან. ახალშობილმაც გარკვეული პერიოდის შემდეგ დაიწყო წონაში მატება. სულ ამას ვიძახი, რომ ეს ღმერთის გადარჩენილი ბავშვია. მან დაიწყო წოვა, აღუდგა ყლაპვის რეფლექსი.“

„მახსოვს ლაზარე იყო ფოტოზე სულ წითელი. „ეს არის შენი ლაზარე, თამარ და იბრძოლე ლაზარესთვის, ლაზარე გადარჩა,“ - ასე მითხრა ლევანი ექიმმა. დე, ლაზარე, უფალმა მაჩუქა შენი თავი და წმინდა მარიამმა. სადაც არ უნდა მოვხვდე, ამ სასწაულს ვყვები. უფლის და სასწაული გუნდის ხელში მოვხვდით. მოციქულებს შორის უფალს ყველაზე ძალიან ლაზარე უყვარდა. ვფიქრობდი, რომ გარდაიცვლება უფალი მკვდრეთით აღადგენს-მეთქი. ჩემმა მეუღლემ მითხრა, რომ ისე იძახოდი ლაზარეს, მართლა მკვდრეთით აღადგინა უფალმა დედა და შვილი,“ - აღნიშნა პატარა ლაზარეს დედამ.

წყარო: ​თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

შეიძლება დაინტერესდეთ

„გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება,“- პედიატრი რუსუდან ჯაში

პედიატრმა რუსუდან ჯაშმა მშობლებს მოუწოდა, არასდროს დატოვონ ბავშვები ან ხანდაზმულები გაჩერებულ მანქანაში:

„მინდა, გაითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ძალიან ხშირია. როდესაც მშობლებს მიჰყავთ ბავშვები და ერთად მიდიან მანქანით სადღაც, მაღაზიასთან ან სხვა დაწესებულებასთან გააჩერებენ და მანქანაში ტოვებენ ბავშვებს ან თუნდაც ხანდაზმულებს. ეს არის კატასტროფულად საშიში მდგომარეობა. გამორთულ, გაჩერებულ მანქანაში ტემპერატურა ორჯერ უფრო მატულობს და ხანდაზმულებისთვის სასიცოცხლოდ საშიშია მანქანაში დატოვება. სულ ერთია, ფანჯარა ღიაა თუ დახურული. ღია ფანჯარა უარესია კიდევ.

გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება, უმჯობესია გადაიყვანოთ. ჩვენთან უკვე ყველა მაღაზია კონდიცირებულია. იქ უფრო გაგრილდება ბავშვი და უფრო ნორმალურად იგრძნობს თავს, ვიდრე მანქანაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი არ აქცევს ამას ყურადღებას და პირიქით, ჰგონია, რომ უკეთესია ეს მათთვის, ვინც დატოვა მანქანაში, არ შეაწუხა და არ გადაიყვანა. მანქანაში არ დატოვოთ არავინ. ძალიან საშიშია გაჩერებულ მანქანაში სიცხის დროს ყოფნა,“- მოცემულ საკითხზე რუსუდან ჯაშმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად