Baby Bag

გაიცანით გმირი ქალი, რომელმაც 300 უკრაინელი დევნილი შეიფარა და გამოკვება

გაიცანით გმირი ქალი, რომელმაც 300 უკრაინელი დევნილი შეიფარა და გამოკვება

ტელეწამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ გმირი ქალის აურელიას შესახებ ისაუბრა, რომელმაც უკრაინაში 300 დევნილი ადამიანი შეიფარა:

„უკრაინის ყველაზე დიდ საერთო საცხოვრებელში ვიყავით. არ შემიძლია არ ვთქვა ქალბატონ აურელიაზე. რატომღაც მომინდა, რომ აქედან დიდი თაიგული წაგვეღო უკრაინის დროშების ფერით. ვიფიქრეთ, ვინმეს მივართმევთ-თქო. ქალბატონმა აურელიამ 300 ადამიანი შეიფარა. ეს ქალბატონი დიდი ურიკით დადიოდა ქუჩაში და რუპორით ყვიროდა: ვის გაქვთ საჭმელი, რომ დავაპუროთ ადამიანები? მე შევედი სამზარეულოში, სადაც მარიუპოლიდან და ხარკოვიდან დევნილი 300 ადამიანი იდგა საკვების რიგში. გამანადგურებელი სიჩუმე იყო.“

ქალბატონმა აურელიამ 90-იან წლებში მოლდოვაში მიმდინარე მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მის შვილს მაშინ მიღებული მძიმე ტრავმა დღემდე არ დავიწყებია.

„90-იან წლებში მოლდოვაში მომხდარი მოვლენების დროს ჩემი შვილი სამწლინახევრის იყო. დღეს ის უკვე 34 წლისაა. როდესაც წლების წინანდელ მოლდოვის ამბებს ვიხსენებთ, ახლაც კი კანკალებს. მომხდარმა მასზე კვალი დატოვა. როდესაც ვუყურებ ბავშვებს, რომლებიც უკრაინის სხვადასხვა ქალაქიდან მოდიან, მახსენდება მოლდოვა. ვფიქრობ, რომ ეს ბავშვები გაიზრდებიან, მაგრამ მომხდარი არასდროს დაავიწყდებათ. ძალიან შეშინებულები არიან. ნებისმიერ, თუნდაც მცირე ხმაურზეც კი ტირილს იწყებენ, ცახცახებენ, დედებს ეძახიან. ეს საშინელებაა, მაგრამ მე არ მეშინია. ბევრი ნათესავი მყავს სხვადასხვა ქვეყანაში. ჩემი და გერმანიაში ცხოვრობს. ჩემი შვილები მთხოვენ, რომ დავტოვო უკრაინა, მაგრამ მე ვერ წავალ. ეტყობა, ჯერჯერობით ყველაფერი არ გამიკეთებია,“- აღნიშნა ქალბატონმა აურელიამ.

წყარო: ​„იმედის დღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,დაიწყება ე.წ ტვინდემია - ამას მინდა მოსახლეობამ მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება''

,,დაიწყება ე.წ ტვინდემია - ამას მინდა მოსახლეობამ მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება''

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ თუ მასობრივი ვაქცინაცია არ იქნება, ეპიდსიტუაცია გაუარესდება და გვექნება ძალიან რთული ნოემბერი, დაიწყება ე.წ ტვინდემია:

„ძალიან საყურადღებო და გასათვალისწინებელი მიმდინარეობაა. იცით, რომ ეპიდსიტუაცია სტაბილურად უმჯობესდებოდა ქვეყანაში და ყველა მაჩვენებელი იკლებდა თითქმის ბოლო ერთი თვეა - ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, შემდგომ ყველაზე მძიმე ინდიკატორი, სიკვდილიანობაც წამოვიდა ქვემოთ, რეპროდუქციის ინდექსი. ბოლო სამი დღეა, შეიმჩნევა ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია. ძალიან გთხოვთ, ამას ხაზი გაუსვათ. უკვე ბოლო სამი დღეა, წინა ორ კვირასთან შედარებით, სამშაბათიც, ოთხშაბათიც, ხუთშაბათიც გვაქვს დაახლოებით სამასი ერთეულით მეტი ახალი შემთხვევები, ვიდრე ეს იყო წინა სამშაბათს, წინა ოთხშაბათს და წინა ხუთშაბათს, ასევე ორი კვირის წინ სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს. ეს ძალიან ყურადღებამისაქცევი ფაქტია, რომ ჩვენ ისევ ნელ-ნელა გვეწყება ახალი შემთხვევების ზრდა. 

ამ პროცესს შეაჩერებს მხოლოდ და მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია. სწორედ ის, რომ ქვეყანაში დავარდა ვაქცინაციის მაჩვენებელი და დღე 7 000, 8 000, 9 000-ის ფარგლებში ვართ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. ბოლო ერთი კვირა გვაქვს საშუალოდ 8 000 საშუალო მაჩვენებელი და ეს არის დაახლოებით სამჯერ ნაკლები, ვიდრე გვქონდა აგვისტოში და დაახლოებით 2,5-ჯერ ნაკლები, ვიდრე საშუალოდ გვქონდა სექტემბერში, ეს არის ძალიან ცუდი. 

თან ახლა მოდის ცივი სეზონი, უკვე აცივდა, მოვა სხვა რესპირაციული ვირუსები, ოქტომბრის ბოლოს განსაკუთრებით გამოჩნდება გრიპი და უკვე ახალი ტერმინი გაჩნდა, წლევანდელი ე.წ ტვინდემია. ტვინინგი იცით რა არის, დატყუპება. ტვინდემია ამ ორი ინფექციის, გრიპისა და კოვიდის, რომელიც ძალიან საყურადღებოა. ამიტომ მინდა, მოსახლეობამ მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება. 

თუ არ ავიცერით და თუ არ დაგროვდა ქვეყანაში კრიტიკული მასა იმუნური ფენისა, სხვადასხვა გათვლებით დღეს გვაქვს 50-55%-ის ფარგლებში იმუნური ფენა. თუ ეს არ იქნება დაახლოებით 80% ანუ გადატანილი, პლუს აცრილი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, სამწუხაროდ, გვექნება ძალიან რთული ნოემბერი,'' - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.


წაიკითხეთ სრულად