Baby Bag

გაიცანით გმირი ქალი, რომელმაც 300 უკრაინელი დევნილი შეიფარა და გამოკვება

გაიცანით გმირი ქალი, რომელმაც 300 უკრაინელი დევნილი შეიფარა და გამოკვება

ტელეწამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ გმირი ქალის აურელიას შესახებ ისაუბრა, რომელმაც უკრაინაში 300 დევნილი ადამიანი შეიფარა:

„უკრაინის ყველაზე დიდ საერთო საცხოვრებელში ვიყავით. არ შემიძლია არ ვთქვა ქალბატონ აურელიაზე. რატომღაც მომინდა, რომ აქედან დიდი თაიგული წაგვეღო უკრაინის დროშების ფერით. ვიფიქრეთ, ვინმეს მივართმევთ-თქო. ქალბატონმა აურელიამ 300 ადამიანი შეიფარა. ეს ქალბატონი დიდი ურიკით დადიოდა ქუჩაში და რუპორით ყვიროდა: ვის გაქვთ საჭმელი, რომ დავაპუროთ ადამიანები? მე შევედი სამზარეულოში, სადაც მარიუპოლიდან და ხარკოვიდან დევნილი 300 ადამიანი იდგა საკვების რიგში. გამანადგურებელი სიჩუმე იყო.“

ქალბატონმა აურელიამ 90-იან წლებში მოლდოვაში მიმდინარე მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მის შვილს მაშინ მიღებული მძიმე ტრავმა დღემდე არ დავიწყებია.

„90-იან წლებში მოლდოვაში მომხდარი მოვლენების დროს ჩემი შვილი სამწლინახევრის იყო. დღეს ის უკვე 34 წლისაა. როდესაც წლების წინანდელ მოლდოვის ამბებს ვიხსენებთ, ახლაც კი კანკალებს. მომხდარმა მასზე კვალი დატოვა. როდესაც ვუყურებ ბავშვებს, რომლებიც უკრაინის სხვადასხვა ქალაქიდან მოდიან, მახსენდება მოლდოვა. ვფიქრობ, რომ ეს ბავშვები გაიზრდებიან, მაგრამ მომხდარი არასდროს დაავიწყდებათ. ძალიან შეშინებულები არიან. ნებისმიერ, თუნდაც მცირე ხმაურზეც კი ტირილს იწყებენ, ცახცახებენ, დედებს ეძახიან. ეს საშინელებაა, მაგრამ მე არ მეშინია. ბევრი ნათესავი მყავს სხვადასხვა ქვეყანაში. ჩემი და გერმანიაში ცხოვრობს. ჩემი შვილები მთხოვენ, რომ დავტოვო უკრაინა, მაგრამ მე ვერ წავალ. ეტყობა, ჯერჯერობით ყველაფერი არ გამიკეთებია,“- აღნიშნა ქალბატონმა აურელიამ.

წყარო: ​„იმედის დღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც ადამიანი ხვრინავს, მას მეტი რისკი აქვს დაემართოს მიოკარდიუმის ინფარქტი და იშემიური ინსულტი,“ - გიორგი ღოღობერიძე

„როდესაც ადამიანი ხვრინავს, მას მეტი რისკი აქვს დაემართოს მიოკარდიუმის ინფარქტი და  იშემიური ინსულტი,“ - გიორგი ღოღობერიძე

​​ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ხვრინვის გამომწვევ მიზეზებსა და აღნიშნულ პრობლემასთან გამკლავების გზებზე ისაუბრა. მან ხვრინვის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი დაასახელა:

„ხვრინვას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს. ასაკთან ერთად ხვრინვა ხდება ყველაზე მეტად გამოხატული. თუ ახალგაზრდებში ხვრინვა გვხვდება შემთხვევათა 30 %-ში, ასაკოვნებში შეიძლება ეს ავიდეს 60 %-მდეც. ასაკთან ერთად ჩვენი რბილი სასა აღარ არის ელასტიური, რაც არის ხვრინვის მიზეზი. ეს შეიძლება იყოს გენეტიკურიც. თუ მამა ხვრინავს, დიდი ალბათობით, შვილიც არ დააკლებს. ზოგიერთ ადამიანს აქვს ხახის კუნთების თანდაყოლილი სისუსტე, რაც ხდება ვიბრაციის წყარო. ხვრინვის მიზეზია ყბის არასწორი პოზიცია და ჭარბწონიანობა. თუ ადამიანი არის ჭარბწონიანი, ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი ცხიმოვანი ქსოვლია სასუნთქ გზებში, ეს ავიწროვებს მათ და იწვევს ხვრინვას.“

​გიორგი ღოღობერიძის თქმით, ხვრინვა ხშირად ცხვირის პათოლოგიებითაც არის გამოწვეული:

„ხვრინვა შეიძლება გამოწვეული იყოს ცხვირის პათოლოგიებითაც. შეიძლება პოლიპები იყოს ჩამოყალიბებული და ამან ასევე ხელი შეუწყოს ხვრინვას. ალკოჰოლი ასუსტებს სასის კუნთებს და სუფრიდან რომ დგებიან და სახლში მიდიან, მერე ხვრინავენ ხოლმე ადამიანები. თუ ადამიანი მიჩვეული არის პირით სუნთქვას, მას მეტი რისკი აქვს, რომ ჰქონდეს ხვრინვა. ამიტომ სასურველია, რომ პირი დაიხუროს და ცხვირი გამოვიყენოთ სუნთქვისთვის. როდესაც ადამიანი ზურგზე წევს, ჩაკიდებული არის რბილი სასა უკან და ავიწროვებს სასუნთქ გზებს. ამანაც შეიძლება გამოიწვიოს ხვრინვა.“

გიორგი ღოღობერიძემ აღნიშნა, რომ ადამიანებს უძნელდებათ ხვრინვის პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო რეკომენდაციების დაცვა:

„წონის შემცირება ყველას გულზე არ ეხატება, იმიტომ, რომ ეს არც ისე ადვილია. ალკოჰოლისთვის თავის დანებებაზე რომ უთხრა ადამიანს, დიდი ალბათობით, არც მოგისმენს, ისეა დამოკიდებული, რომ სპეციალური ჩარევაა საჭირო. თამბაქოს მოწევას თავი დაანებეო რომ უთხრა, ესეც მარტივად არ ხდება. აღმოჩნდა, რომ როდესაც ადამიანი ხვრინავს, მას 34 %-ით მეტი რისკი აქვს დაემართოს მიოკარდიუმის ინფარქტი, ​67 %-ით მეტი რისკი აქვს დაემართოს იშემიური ინსულტი. როდესაც ხვრინავს ადამიანი, საძილე არტერიებიც ვიბრირებს, ზიანდება, ცხიმი ლაგდება და იწყება თავის ტვინის იშემია. ეს ადამიანები მიდრეკილები არიან მაღალი წნევისკენ, შაქრიანი დიაბეტისკენ.“

„პრობლემის მოგვარებისთვის ერთ-ერთი ტაქტიკა არის გვერდზე წოლა, სპეციალური ენის ვარჯიშები. პაციენტი ენით რაც შეიძლება უნდა დააწვეს ქვედა კბილებს, მერე ზედა კბილებს. მერე ლოყაზე შეიძლება ავარჯიშოს. ზოგიერთი იღებს სპეციალურ კოვზს და კოვზზე ვარჯიშობს ხოლმე, რომ ენა დაჭიმოს. რბილი სასის ტონუსში მოსაყვანად ხმოვნების ვარჯიშებს აკეთებენ ხოლმე. კარგი გამოსავალია საყვირზე დაკვრაც, რადგან ეს აფართოვებს სასუნთქ გზებს,“ - აღნიშნულ საკითხებზე ​გიორგი ღოღობერიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად