Baby Bag

გაიცანით გმირი ქალი, რომელმაც 300 უკრაინელი დევნილი შეიფარა და გამოკვება

გაიცანით გმირი ქალი, რომელმაც 300 უკრაინელი დევნილი შეიფარა და გამოკვება

ტელეწამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ გმირი ქალის აურელიას შესახებ ისაუბრა, რომელმაც უკრაინაში 300 დევნილი ადამიანი შეიფარა:

„უკრაინის ყველაზე დიდ საერთო საცხოვრებელში ვიყავით. არ შემიძლია არ ვთქვა ქალბატონ აურელიაზე. რატომღაც მომინდა, რომ აქედან დიდი თაიგული წაგვეღო უკრაინის დროშების ფერით. ვიფიქრეთ, ვინმეს მივართმევთ-თქო. ქალბატონმა აურელიამ 300 ადამიანი შეიფარა. ეს ქალბატონი დიდი ურიკით დადიოდა ქუჩაში და რუპორით ყვიროდა: ვის გაქვთ საჭმელი, რომ დავაპუროთ ადამიანები? მე შევედი სამზარეულოში, სადაც მარიუპოლიდან და ხარკოვიდან დევნილი 300 ადამიანი იდგა საკვების რიგში. გამანადგურებელი სიჩუმე იყო.“

ქალბატონმა აურელიამ 90-იან წლებში მოლდოვაში მიმდინარე მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მის შვილს მაშინ მიღებული მძიმე ტრავმა დღემდე არ დავიწყებია.

„90-იან წლებში მოლდოვაში მომხდარი მოვლენების დროს ჩემი შვილი სამწლინახევრის იყო. დღეს ის უკვე 34 წლისაა. როდესაც წლების წინანდელ მოლდოვის ამბებს ვიხსენებთ, ახლაც კი კანკალებს. მომხდარმა მასზე კვალი დატოვა. როდესაც ვუყურებ ბავშვებს, რომლებიც უკრაინის სხვადასხვა ქალაქიდან მოდიან, მახსენდება მოლდოვა. ვფიქრობ, რომ ეს ბავშვები გაიზრდებიან, მაგრამ მომხდარი არასდროს დაავიწყდებათ. ძალიან შეშინებულები არიან. ნებისმიერ, თუნდაც მცირე ხმაურზეც კი ტირილს იწყებენ, ცახცახებენ, დედებს ეძახიან. ეს საშინელებაა, მაგრამ მე არ მეშინია. ბევრი ნათესავი მყავს სხვადასხვა ქვეყანაში. ჩემი და გერმანიაში ცხოვრობს. ჩემი შვილები მთხოვენ, რომ დავტოვო უკრაინა, მაგრამ მე ვერ წავალ. ეტყობა, ჯერჯერობით ყველაფერი არ გამიკეთებია,“- აღნიშნა ქალბატონმა აურელიამ.

წყარო: ​„იმედის დღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ შევამციროთ წნევა მედიკამენტების გარეშე - გიორგი ღოღობერიძის რჩევები

როგორ შევამციროთ წნევა მედიკამენტების გარეშე - გიორგი ღოღობერიძის რჩევები

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ მაღალ წნევასთან ბრძოლის არამედიკამენტოზური მეთოდების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ჯანსაღი კვებით ადამიანს წნევის 10-11 ერთეულით შემცირება შეუძლია:

„ჯანსაღ კვებას შეუძლია შეამციროს წნევა 10-11 ერთეულით. ​რა მოიაზრება ჯანსაღ კვებაში? თუ საკვები შეიცავს ძალიან ბევრ კალიუმს, ამან შეიძლება წნევა შეამციროს. კალიუმით მდიდარი საკვები არის წნევის შემცირების ერთ-ერთი გზა. რომელი საკვები შეიცავს კალიუმს? ესენია: ბანანი, ავოკადო, კარტოფილი, პომიდორი, ისპანახი. ეს რამდენიმე საკვები არის კალიუმის ძალიან სერიოზული წყარო. როდესაც ჩვენს ორგანიზმში იზრდება კალიუმის რაოდენობა, ავტომატურად ქვეითდება ნატრიუმის შემცველობა. სწორედ ნატრიუმი არის მაღალი წნევის მიზეზი. ამიტომაც არის, რომ კალიუმით მდიდარი საკვების მიღებას შეუძლია წნევის შემცირება. თუ თქვენ სვამთ წნევის დამწევ მედიკამენტებს, ამ შემთხვევაში ცოტა უნდა მოერიდოთ კალიუმით მდიდარი საკვების მიღებას. კალიუმი ამ მედიკამენტების მიღების ფონზე სისხლში ისედაც მაღალია. კალიუმის რაოდენობა უნდა იყოს ფრთხილად რეგულირებადი მათში, ვისაც აწუხებს თირკმლის დაავადებები.“

​გიორგი ღოღობერიძემ წნევის შესამცირებელ ერთ-ერთ საუკეთესო პროდუქტად ნიორი დაასახელა:

„ნიორს შეუძლია წნევის შემცირება. ადრე ამ თემას სკეპტიკურად უყურებდნენ. მართალია, ნიორი სულ რაღაც ოთხი ერთეულით აქვეითებს წნევას, მაგრამ ეს ერთ-ერთი გზაა. ​დაამატეთ სხვებს და გამოგივათ ჯამში სერიოზული ეფექტი. ნიორი არამარტო წნევას აქვეითებს, არამედ კუჭის სიმსივნეების განვითარების რისკსაც. ის არის ერთ-ერთი სერიოზული წყარო სიმსივნეების წინააღმდეგაც.“

გიორგი ღოღობერიძის თქმით, წნევის შემცირებისთვის მიღებული შაქრის რაოდენობის შემცირებაა საჭირო:

„შეეცადეთ, რომ შაქარი მიიღოთ რაც შეიძლება ცოტა. როდესაც ადამიანი იღებს ძალიან ბევრ შაქრიან სასმელს, ამ შემთხვევაშიც იზრდება წნევა. სასურველია, რომ რაც შეიძლება ნაკლებად მიიღოთ შაქრიანი ჩაი, შაქრიანი ყავა და სხვა სასმელები. კიდევ ერთი რჩევა ეხება შავ შოკოლადს. აღმოჩნდა, რომ შავ შოკოლადში არის ძალიან ბევრი ფლავონოიდი. თუ თქვენ გიყვართ შავი შოკოლადი, ისიც ასევე შეიძლება გამოგადგეთ წნევის დასაქვეითებლად. ​კიდევ შეიძლება გამოგვადგეს ცილებით მდიდარი საკვები. რა შეიცავს ძალიან ბევრ ცილას? ესენია: თევზი, განსაკუთრებით ორაგული, კვერცხი, ქათმის ხორცი, თხილი, ყველი, ასევე ნიგოზი. ნიგოზი ცილების გარდა დიდი რაოდენობით მაგნიუმსაც შეიცავს. მაგნიუმი სერიოზული ელემენტია წნევის შესამცირებლად. მაგნიუმს ვიყენებთ იმ ქალბატონებთან, რომლებსაც ორსულობის დროს აქვთ მაღალი არტერიული წნევა. ასევე უტყუარი ფაქტია, რომ მწვანე ჩაის მიღებას შეუძლია წნევა შეამციროს.“

„მნიშვნელოვანია მარილის რაოდენობის შემცირება. ​მარილიანი საკვები არის ყველაზე მავნე საკვები, რომელიც პაციენტმა შეიძლება მიიღოს მაღალი წნევის დროს. მარილიანი საკვები უნდა იყოს თავიდან ბოლომდე შემცირებული. შებოლილი საკვები არის ძალიან მარილიანი. შეიძლება ითქვას, რომ შებოლილი საკვები ბოლომდე უნდა იქნას ამოღებული. შეეცადეთ, რომ მაღალი წნევის მქონე საკვები მინიმუმამდე დაიყვანოთ. თუ მარილიან საკვებს შეამცირებთ, თქვენი წნევა ასევე შემცირდება 5-6 ერთეულით,“ - აღნიშნულ თემაზე გიორგი ღოღობერიძემ ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ „პულსი“

წაიკითხეთ სრულად