Baby Bag

გაიცანით გმირი ქალი, რომელმაც 300 უკრაინელი დევნილი შეიფარა და გამოკვება

გაიცანით გმირი ქალი, რომელმაც 300 უკრაინელი დევნილი შეიფარა და გამოკვება

ტელეწამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ გმირი ქალის აურელიას შესახებ ისაუბრა, რომელმაც უკრაინაში 300 დევნილი ადამიანი შეიფარა:

„უკრაინის ყველაზე დიდ საერთო საცხოვრებელში ვიყავით. არ შემიძლია არ ვთქვა ქალბატონ აურელიაზე. რატომღაც მომინდა, რომ აქედან დიდი თაიგული წაგვეღო უკრაინის დროშების ფერით. ვიფიქრეთ, ვინმეს მივართმევთ-თქო. ქალბატონმა აურელიამ 300 ადამიანი შეიფარა. ეს ქალბატონი დიდი ურიკით დადიოდა ქუჩაში და რუპორით ყვიროდა: ვის გაქვთ საჭმელი, რომ დავაპუროთ ადამიანები? მე შევედი სამზარეულოში, სადაც მარიუპოლიდან და ხარკოვიდან დევნილი 300 ადამიანი იდგა საკვების რიგში. გამანადგურებელი სიჩუმე იყო.“

ქალბატონმა აურელიამ 90-იან წლებში მოლდოვაში მიმდინარე მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მის შვილს მაშინ მიღებული მძიმე ტრავმა დღემდე არ დავიწყებია.

„90-იან წლებში მოლდოვაში მომხდარი მოვლენების დროს ჩემი შვილი სამწლინახევრის იყო. დღეს ის უკვე 34 წლისაა. როდესაც წლების წინანდელ მოლდოვის ამბებს ვიხსენებთ, ახლაც კი კანკალებს. მომხდარმა მასზე კვალი დატოვა. როდესაც ვუყურებ ბავშვებს, რომლებიც უკრაინის სხვადასხვა ქალაქიდან მოდიან, მახსენდება მოლდოვა. ვფიქრობ, რომ ეს ბავშვები გაიზრდებიან, მაგრამ მომხდარი არასდროს დაავიწყდებათ. ძალიან შეშინებულები არიან. ნებისმიერ, თუნდაც მცირე ხმაურზეც კი ტირილს იწყებენ, ცახცახებენ, დედებს ეძახიან. ეს საშინელებაა, მაგრამ მე არ მეშინია. ბევრი ნათესავი მყავს სხვადასხვა ქვეყანაში. ჩემი და გერმანიაში ცხოვრობს. ჩემი შვილები მთხოვენ, რომ დავტოვო უკრაინა, მაგრამ მე ვერ წავალ. ეტყობა, ჯერჯერობით ყველაფერი არ გამიკეთებია,“- აღნიშნა ქალბატონმა აურელიამ.

წყარო: ​„იმედის დღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

WFS: „ქალთა მონაწილეობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებასა და ეკონომიკურ საქმიანობაში - არსებული ბარიერები და შესაძლებლობები“

WFS: „ქალთა მონაწილეობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებასა და ეკონომიკურ საქმიანობაში - არსებული ბარიერები და შესაძლებლობები“

ქალთა ფონდმა „სოხუმმა“, USAID-ის მხარდაჭერით, 6 სამიზნე მუნიციპალიტეტში მონიტორინგი განახორციელა თემაზე - „ქალთა მონაწილეობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებასა და ეკონომიკურ საქმიანობაში - არსებული ბარიერები და შესაძლებლობები“.

კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის დამოკიდებულებების შესწავლა ქალის მონაწილეობის მიმართ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ეკონომიკურ საქმიანობაში. ანგარიშში ყურადღება გამახვილდა საზოგადოებაში გაბატონებულ შეხედულებებსა და სტერეოტიპებზე ქალის როლის შესახებ, შემაფერხებელ ბარიერებსა და ხელისშემწყობ ფაქტორებზე.

„საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობა, არა მარტო სოციალური სამართლიანობის უზრუნვეყოფის და ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხის საზომს წარმოადგენს, ის ზოგადოებრივი კეთილდღეობის დამკვიდრების და ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. ქალებს, მათი გამოცდილებიდან და გენდერული როლებიდან გამომდინარე, გააჩნიათ განსხვავებული ხედვა და მიდგომა მთელი რიგი საკითხების მიმართ. მაგალითად, ქალები კარგად გრძნობენ არსებული ეკოლოგიური, ინფრასტრუქტურული, თუ ეკონომიკური პრობლემების ნეგატიურ გავლენას, როგორც მათ, ასევე მათი ოჯახებისა და შვილების ცხოვრებაზე, ისინი უშუალოდ უპირისპირდებიან ჩვენ საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს, ოჯახებში ქალთა მიმართ ძალადობას. კარგად ესმით მარტოხელა დედების პრობლემები, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გზაზე არსებული ბარიერები... შესაბამისად, აქვთ მკაფიო ხედვა მათ ცხოვრებაში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად გასატარებელი აუცილებელი მოქმედებების შესახებ. დღეს აუცილებელია, მათი ხედვის მოსმენა და ინტეგრირება საკანონმდებლო საქმიანობაში, ეროვნული, ადგილობრივი თუ საერთაშორისო პოლიტიკის შემუშავებაში და ქალთა მონაწილეობისთვის, შესაბამისი გარემოსა და პირობების შექმნა, სახელმწიფოს უპირველესი პასუხისმგებლობა უნდა გახდეს“ - განაცხადა კვლევის ავტორმა, ეკატერინე გამახარიამ.

მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი გამოწვევების შესახებ დეტალურ ინფორმაციას და მათ აღმოსაფხვრელად რეკომენდებულ მოქმედებებს შეგიძლიათ გაეცნოთ პუბლიკაციაში, რომელიც ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე ფონდი „სოხუმის“ ვებგვერდის შემდეგ ბმულზე: http://fsokhumi.ge/index.php/ka/publikacia/genderi-meinstriming/item/12879-2022-09-30-15-48-37

R.

წაიკითხეთ სრულად