Baby Bag

„ჩვენ პერმანენტული ისტერიკა გვჭირს... ჩვენთვის მიმზიდველია, რაც ისტერიულია,“ - ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე

„ჩვენ პერმანენტული ისტერიკა გვჭირს... ჩვენთვის მიმზიდველია, რაც ისტერიულია,“ - ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე

ფსიქოლოგმა ზურაბ მხეიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი თავისებურებების შესახებ ისაუბრა:

„დააკვირდით ჩვენს კულტურას. ახლა უკრაინის ამბებია. რა მშურს? ადამიანი გამოდის, ომშია და ისტერიკას ვერ ვატყობ. ხომ ომში არიან? ისტერიკას ვერ ვატყობ. ინტერვიუს როგორ აძლევენ? ჩვენ პერმანენტული ისტერიკა გვჭირს. ჩვენთვის მიმზიდველია, რაც ისტერიულია. ჩვეულებრივ კულტურაში ჩვენ ავადმყოფობებზე ვლაპარაკობთ. იცით როგორ არის? ის არის წარმატებული, ვინც უფრო ავად აღმოჩნდება. თქვენ რომ მეტყვით ეს მტკივა, მე უნდა ვთქვა, რომ ის მტკივა. მოგიგე, ხომ?“

ზურაბ მხეიძის თქმით, საქართველოში დაოჯახებულ ადამიანს, რომელსაც შვილი არ ჰყავს, საზოგადოება ხშირად ნეგატიურ ემოციებს აწვდის.

„მეორე, კომუნიკაციაა ყველაფერი, ხომ?! ვთქვათ გათხოვილი ხარ. შეგხვდა ადამიანი, კეთილისმსურველი და რას გეუბნება?! არაუშავს. არაუშავს არის უარყოფითი ემოცია. ეს ზოგადი პრობლემაა. კარგი ვარიანტია, როდესაც თქვენ თქვენი თავისგან იღებთ პოზიტიურ უკუკავშირს. გონების პრაგმატულობა რაშია? მე უნდა დავდო მიზანი იქ, სადაც ეს კონტროლირებადია. „მე მინდა ბავშვი“ ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. იმისთვის, რომ ბავშვი გაჩნდეს, მან უნდა შეუწყოს ხელი ამ პროცესს. როდესაც მშობელი პროცესს უწყობს ხელს, რასაც ექიმი ეუბნება, ყველაფერს აკეთებს, ეს არის მისი წვლილი ბავშვში. არ გადავიტანოთ ეს არაკონტროლირებად პროცესში. არ ვიკითხოთ: „ბავშვი როგორი იქნება?!“ ამ დროს მე ვერ ვხედავ იმ ნაბიჯებს, სადაც კარგად მივდივარ. შედეგი არ არის მთლიანად შენი კონტროლის ქვეშ, ამიტომ პროცესს უნდა მიჰყვე,“- აღნიშნა ზურაბ მხეიძემ.

წყარო:​ „ჩვენი ოჯახი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა მშობლების მხრიდან ბავშვის გამოკვების მიზნით ეკრანის გამოყენების მავნე ჩვევაზე ისაუბრა. მისი თქმით, სჯობს ბავშვი გარკვეულ ეტაპზე მშიერი დარჩეს და საკვები მოგვიანებით მოითხოვოს, ვიდრე კვების პროცესში ეკრანი გამოვიყენოთ:

„მე ძალიან კარგად მესმის მშობლების, მესმის მათი დაკავებულობის ხარისხის, მაგრამ ყველას ვთხოვ და მოვუწოდებ, ორ წლამდე კატეგორიულად ავკრძალოთ ეკრანთან დამოკიდებულება. ბავშვს ლამაზად გავუფორმოთ საკვები, შევცვალოთ ჭურჭელი, დავალაგოთ მაგიდაზე სხვადასხვა ტიპის ფაფა, ბოსტნეული ლამაზად გაფორმებული.

მე მირჩევნია ხშირ შემთხვევაში ბავშვი იყოს იმ პერიოდისთვის მშიერი. ბავშვი დიდხანს მშიერი არ დარჩება. ის აუცილებლად შეჭამს. უბრალოდ ჩვენ გვინდა, რომ ამ დროს მივაწოდოთ სრული ულუფა და ამისთვის ვიყენებთ ყველანაირ წესს. ამით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ მის ქცევას და გამოვიწვევთ ქცევით დევიაციებს,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად