Baby Bag

„ეს არის ჩემი რჩევების ნუსხა დედებისთვის... მინდა გავუზიარო მათ, რას ვაკეთებ ხოლმე სახლში ფორმაში ყოფნისთვის,“- თიკა ფაცაციას რჩევები დედებს

„ეს არის ჩემი რჩევების ნუსხა დედებისთვის... მინდა გავუზიარო მათ, რას ვაკეთებ ხოლმე სახლში ფორმაში ყოფნისთვის,“- თიკა ფაცაციას რჩევები დედებს

ტელეწამყვანმა თიკა ფაცაციამ, რომელიც სამი შვილის დედაა დედებს თავის მოვლისა და ჯანსაღი კვების შესახებ საინტერესო რჩევები მისცა:

„მე 18 წლის გავხდი დედა. იმ პასუხისმგებლობამ, რომ მე უკვე დედა ვხდებოდი, ჩემში ბევრი რამ გააღვიძა. დამოუკიდებელი ვიყავი სრულიად. ღამე არავის არ ვაძლევდი უფლებას, რომ დამხმარებოდა. მე ვუკეთებედი ყველაფერს ბავშვს, აუცილებლად ბუნებრივ კვებაზე უნდა მყოლოდა. ამ გადასახედიდან ძალიან როლში ვიყავი შეჭრილი. ცოტა ზედმეტად მკაცრიც ვიყავი, ალბათ. ცოტა ზედმეტაც ჩართულიც ვიყავი ბავშვის ცხოვრებაში. ეს ნელ-ნელა გამოვასწორე მეორეზე და კიდევ უფრო მესამეზე. მე მოვიტანე ჩემი რჩევების ნუსხა დედებისთვის. რადან ამბობთ, რომ ფორმაში ვარ, მინდა გავუზიარო მათ, რას ვაკეთებ ხოლმე სახლში ამისთვის.“

„ყველაფერი იწყება წყლით. სადაც მაქვს შესაძლებლობა, რომ წყალი დავლიო, ყველგან ვსვამ ხოლმე. ყველა კოსმეტოლოგი ამას გვირჩევს. დიდ ბოთლში ვასხამ ხოლმე წყალს. გამოვდივარ ამ დიდი ბოთლით. იმდენად მინდა, რომ დროზე დაიცალოს, ძალიან ხშირად ვსვამ ხოლმე. შემდეგი რჩევა არის ყველასთვის. ეს არის სახის ნიღაბი, რომელიც მზადდება შემდეგნაირად: ვირჩევთ მწიფე ბანანს, დაჭყლიტეთ ნახევარი ბანანი. ამას დავამატებთ ნახევარ მწიფე ავოკადოს, კარგად ავურიოთ. ამას დავამატებთ ერთ სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთს. მიღებული მასა უნდა დავიდოთ სახეზე. მე ზოგჯერ თაფლსაც ვუმატებ ხოლმე. კიდევ მაქვს ერთი რჩევა თქვენთვის. ვამზადებ ხოლმე სმუზის. ამისთვის დაგვჭირდება კეფირი, კენკრა, თაფლი, დარიჩინი და ლიმონი. ამ ინგრედიენტებს ვაბლენდერებთ და შეგვიძლია მივირთვათ,“- აღნიშნულ საკითხებზე თიკა ფაცაციამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „მთავარი ექიმი“ ისაუბრა.

წყარო: ​„მთავარი ექიმი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„დედის ყვირილი ბოროტებაა, გაღიზიანება ბოროტებაა... ამ ბოროტებაში გაზრდილ ბავშვს ფესვები გაუფუჭდება,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია, რომ დასჯა არ გამოიყენონ ბავშვის აღზრდის მეთოდად:

„რა არის დასჯა საერთოდ? ბავშვი ჩვენს ნორმებში არ მოექცა და იმის გამო, რომ მან გააცნობიეროს ეს, მას რაღაც უფლებებს ვართმევთ. არ გავუშვი ბავშვი სასეირნოდ, არ ვუყიდე ნაყინი. გაბრაზებული ვარ ამ დროს. კუთხეში დავაყენე, შეიძლება გავულაწუნე კიდეც. თუ ვინმე გონიერი ადამიანი ამაში აღზრდის ნატამალს ხედავს, გააგრძელოს ეს საქმე. რა ხდება კუთხეში დამდგარი ბავშვის თავში ამ დროს?! ერთხელ აეროპორტში დიდხანს მოგვიხდა ცდა. 3 წლის გოგო მამას ჰყავდა დაყენებული კუთხეში და უყვიროდა: არ გამოხვალ, ვიდრე არ მიხვდები, რა გააკეთე! რაგვარად მიხვდეს 3 წლის ბავშვი, რა გააკეთა ამისთანა. არადა ეხვეწება დედას, გამომიშვი, მაპატიეთო და მამა სჯის. ამას რა დავარქვა მე? იტყვის მამა, რომ მე ბავშვი მიყვარსო? არ უყვარს! დედა, რომელიც არ ეხმარება ბავშვს, იტყვის მიყვარსო? არ შეიძლება სიყვარულის შეწყვეტა!

შეურაცხყოფა, დამცირებაა დასჯა. ამ პირობებში ის სანუკვარი პროცესი, რასაც აღზრდა ჰქვია, აღარ არსებობს. ისიც იმსხვრევა, რასაც მივაღწიე. დასჯა არ არის აღზრდის მეთოდი. ბავშვი სიყვარულში უნდა გაზარდო, რომ მოსიყვარულე გაგიხდეს. ბავშვი კი არ უნდა დასაჯო, სინდისთან უნდა მიიყვანო, რომ იმან თავისი თავი თუ უნდა თვითონ დასაჯოს. თვითონ ვკითხოთ, შეაფასე რაც მოხდა, როგორც მოხდა, ის გააკეთე რაც საჭიროა. თვითაღზრდამდე მივიყვანოთ ბავშვი, თვითგანცდამდე, რომ რატომ გავაკეთე მე ეს.

დაანებეთ ამ დასჯას თავი. თუ დასჯა გინდათ ბავშვისა, ჯერ თქვენ დადექით კუთხეში და საკუთარი თავი დასაჯეთ. განა ცოტა გაქვთ ჩადენილი დანაშაული?! ერთმა ბავშვმა ინატრა, იქნებ ისეთი შენობები ააშენოთ, რომ კუთხე არ ჰქონდეს ამ შენობებსო, რადგან მშობლები სულ კუთხეში მაყენებენო. ხომ ყველამ იცით, რომ მშობლის მაგალითი აღზრდის ძალაა. მიეცით ეს მაგალითები. დასჯას მისცემთ, დაგსჯით მერე შვილი თქვენ. დედის ყვირილი ბოროტებაა, გაღიზიანება ბოროტებაა. ამ ბოროტებაში გაზრდილ ბავშვს, თუ ბებიამ, ბიძამ, მასწავლებელმა არ გადაარჩინა, ფესვები გაუფუჭდება. სიტყვა დასჯა პედაგოგიკაში არ უნდა არსებობდეს. ბავშვი რაღაც ცუდს აკეთებს? მე შემიძლია ავუხსნა მას, რა მოჰყვება ამას. 3-5 წლის ბავშვი დამიჯდება და მომისმენს, თუ წყნარად ველაპარაკები. ის იფიქრებს ამაზე, შეწუხდება, შეიძლება იტიროს. უთხარით ბავშვს: „დაჯექი სავარძელში და დაფიქრდი, კარგი იყო ეს ქცევა, თუ არ იყო კარგი, განსაჯე ეს თვითონ.“ ხომ შეწუხდება ბავშვი? ეს წუხილი არის თვითდასჯა. სიტყვა დასჯა ამოვაგდოთ ხმარებიდან და არცერთი დედა და მამა არ შემეკამათოს, აბა როგორ სხვანაირადო. თუ არზრდაზე მკითხავთ ასეა და თუ მკითხავთ, როგორ დავამშვიდო ბავშვი, როდესაც ყველაფერს ანგრევსო, მაშინ დაუყვირე, დამშვიდდება და შენც მშვიდად იქნები, მაგრამ ამას რა დავარქვა, არ ვიცი,“ - მოცემულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა საქართველოს პირველ არხზე „ტელესკოლის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ „ტელესკოლა“

წაიკითხეთ სრულად