Baby Bag

„ერთი მარტივი მეთოდი მაქვს, ჯეჯილს ბამბის გარეშე ვაღვივებ,“ - ნუცა ბაიაძის რჩევები

„ერთი მარტივი მეთოდი მაქვს, ჯეჯილს ბამბის გარეშე ვაღვივებ,“ - ნუცა ბაიაძის რჩევები

შეფ-მზარეულმა ნუცა ბაიაძემ ჯეჯილის ბამბის გარეშე გაღვივების მეთოდზე ისაუბრა:

„ერთი ასეთი მარტივი მეთოდი მაქვს, რომელსაც რამდენიმე წელია ვიყენებ. ჯეჯილს ბამბის გარეშე ვაღვივებ. ვიცით, რომ ჯეჯილი ძალიან სასარგებლოა, ის უამრავ ვიტამინს შეიცავს. როდესაც მას გავაღვივებ და აღდგომის გადავლის შემდეგ ჯერ კიდევ ხასხასაა, ვიყენებ საკვებად.

ხორბალი ისე უნდა გავშალოთ, რომ ყველა მარცვალი იყოს ცალ-ცალკე. წესი არის, რომ აუცილებლად უნდა იყოს მზეზე, მაგრამ არა პირდაპირ მზეზე. მაგალითად, დავდოთ ფანჯარასთან, სადაც მზე ურტყამს. უნდა იყოს სითბო. წყალს ვასხამთ ისე, რომ ვჟღინთავთ. ამას ღრმა თეფშზე ვაკეთებ ხოლმე. რომ ამოდის, ძალიან ლამაზად ჩანს მერე ეს ამოსული. ჯეჯილს დასჭირდება 10-დან 14 დღემდე. წყალს დავასხამ და ხელის დახმარებით გადავანაწილებ. ჯეჯილს წყალი უნდა დაამატოთ სამ დღეში ერთხელ.

ჯეჯილი თავისუფლად შეგვიძლია გამოვიყენოთ კერძში, როგორც გარნირი. სულ ცოტა ლიმონთან ერთად გახურებულ ტაფაზე 10-15 წამის განმავლობაში ვყრით და ვრთავთ. ძალიან სასიამოვნო არომატი აქვს. ცოტა მარილით რომ შეაზავებ, აქვს განსხვავებული გემო. სასარგებლო თვისებების გამო ჯეჯილი უნდა მიირთვა,“ - აღნიშნულ საკითხზე ნუცა ბაიაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“


შეიძლება დაინტერესდეთ

„ნიორს სიმსივნის განვითარების შეფერხება შეუძლია,“ - გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ იმ განსაკუთრებულ სარგებელზე ისაუბრა, რომელიც ნიორს ორგანიზმისთვის მოაქვს და აღნიშნა, რომ ამ პროდუქტს ორგანიზმის სიმსივნისგან დაცვა შეუძლია:

„ძალიან საინტერესო რაღაცის თქმა მინდა ნიორზე. მამაჩემი ყოველდღიურად მიირთმევს ნიორს. ზოგადად არ მიყვარს ნიორზე, ხახვზე და მსგავს თემებზე ლაივების წერა, მაგრამ რადგან მამაჩემი მიირთმევს ყოველდღიურად ნიორს, ვიფიქრე, ხომ არ ჩამეწერა-მეთქი. ნიორს შეუძლია სიმსივნის განვითარების შეფერხება. გეტყვით, რომელი ორგანოს სიმსივნის განვითარება შეიძლება შემცირდეს მისი ყოველდღიური მიღებით. ნიორი ეს ფაქტობრივად არის გოგირდი.

ნიორი ადამიანს კოვიდისგან ვერ დაიცავს. დაგიცავთ თუ არა ნიორი გაციებისგან? არ გვაქვს საიმედო კვლევები. დაგიცავთ თუ არა ნიორი სიმსივნისგან? დიდი ალბათობით, კი. 2016 წელს იყო კვლევები, მანამდე 2013-შიც, განსაკუთრებით ორ ორგანოზე. აქედან ერთ-ერთი აინტერესებდათ. ეს ორგანო იყო კუჭი. დადგინდა, რომ ნიორს შეუძლია 35%-ით შეგიმციროთ კუჭის სიმსივნის განვითარების ალბათობა. იცავს თუ არა ნიორი მსხვილ ნაწლავს სიმსივნის განვითარებისგან? არა. 2013 წლის კვლევით დადგინდა, რომ ნიორი შეიძლება ადამიანს იცავდეს წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნის განვითარებისგანაც.

ნიორს როდესაც მოიხმარ, შეეცადე გაარკვიო, შეიძლება თუ არა მისი მოხმარება მედიკამენტებთან ერთად. მისი მოხმარება ვარფარინთან ერთად საფრთხილოა. ამ დროს იზრდება სისხლდენების განვითარების რისკი. ასევე საფრთხილოა მისი მიღება წნევის დამწევებთან და კალციუმის არხების ბლოკერებთან,“- აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო: Usmle მოსამზადებელი ცენტრი

წაიკითხეთ სრულად