Baby Bag

„და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა...“- როგორ განმარტავს იოანე ოქროპირი „მამაო ჩვენოს“ სიტყვებს

„და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა...“- როგორ განმარტავს იოანე ოქროპირი „მამაო ჩვენოს“ სიტყვებს

დეკანოზმა შალვა კეკელიამ განსაცდელის დათმენის გზებსა და ადამიანის სულიერი ცხოვრებისთვის განსაცდელების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა:

„დღეს დილით ვკითხულობდი იოანე ოქროპირის განმარტებებს, „მამაო ჩვენოს“ განმარტებას. გახსოვთ სიტყვები: „და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.“ იოანე ოქროპირი განმარტავს ამ სიტყვებს. რას ნიშნავს: „და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა“? რა დამოკიდებულებაზეა აქ საუბარი? რა განსაცდელზე? იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ადამიანები, პირველ რიგში, უნდა ითხოვდნენ იმას, რომ ისინი განსაცდელში არ შევიდნენ, რადგან ადამიანს სრულყოფილება არ აქვს მიღწეული. ადამიანს, რომელიც სუსტია, არ შეუძლია რაღაცები დაითმინოს ან მოერიოს, მან განსაცდელი არ უნდა ითხოვოს. პირიქით, უნდა ითხოვდეს: „მომარიდე განსაცდელი.“

იოანე ოქროპირი ამბობს, რომ თუ დაეშვა განსაცდელი, მაშინ ორი რამ გვმართებს, რომ ამ განსაცდელს გავუმკლავდეთ. პირველი, ეს არის სიმდაბლე, რითაც ამ განსაცდელს გავუმკლავდებით და მეორე, სიმტკიცე, რაც ადამიანს უნდა გააჩნდეს. განსაცდელის დროს გამოიცდება ადამიანის რწმენა, თუ როგორ უყვარდა მას ღმერთი, როგორ სჯეროდა ღმერთის. სანამ ადამიანი კარგად გრძნობს თავს, შეიძლება ის ღმერთის დიდებაშია, მას არაფერი აქვს საწინააღმდეგო ღმერთთან. როგორც კი ადამიანზე განსაცდელი მოიწევა, ბევრჯერ მინახავს ასეთი რამ, ადამიანი წლები დადის ეკლესიაში, მაგრამ განსაცდელის შემდეგ ის მაშინვე ტოვებს ტაძარს, გაბრაზებულია ღმერთზე. ბევრისგან მომისმენია საუბარი: რატომ? მე ხომ მთელი ცხოვრება ვმარხულობდი, ვლოცულობდი, მორჩა, მე ასეთი ღმერთი არ მჭირდება. რატომ დაუშვა ღმერთმა, რომ მე ასეთი რამ დამემართა? რატომ მოხდა ეს? ადამიანები განერიდებიან ღმერთს. ამ განსაცდელით გამოიცნობა შენი სარწმუნოება. შენ ხვდები, რომ შენი სარწმუნოება ყოფილა მოჩვენებითი, მარტო კეთილდღეობაზე აწყობილი სარწმუნოება. ხშირად ადამიანები ტაძარში მოდიან იმიტომ, რომ ამქვეყნიური კეთილდღეობა მოიპოვონ. სახარების სიტყვები გახსოვთ, ხომ? მაცხოვარი თავის მოწაფეებს ეუბნება, რომ უპირველეს ყოვლისა ღვთის სასუფეველი მოძებნეთო: „ ეძიებდე სასუფეველსა ღვთისასა და ყოველივე შეგეძინოს შენ.“

წყარო:​ davitianni georgia

შეიძლება დაინტერესდეთ

„ხელის დაბანა არ უნდა იყოს მხოლოდ ონკანთან მისვლა და წყლის გადავლება,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„ხელის დაბანა არ უნდა იყოს მხოლოდ ონკანთან მისვლა და წყლის გადავლება,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ბავშვებში ჰიგიენის წესების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშობლებს მოუწოდა, რომ პატარებს ხელების სწორად და სრულფასოვნად დაბანა ასწავლონ:

„ხელის დაბანა უნდა მოხდეს გარკვეული წესების მიხედვით. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ონკანთან მისვლა და ხელის გადავლება. ხშირად მინახავს, პატარას ეუბნებიან: დაიბანე ხელი! ის გადაივლებს ხელზე წყალს და სველი ხელებით გამოვარდება გარეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვასწავლოთ ბავშვს, რომ დაახლოებით 20 წამის განმავლობაში უნდა დაიბანოს ხელი. რა თქმა უნდა, აუცილებელია ხელის მთლიანად დაბანა. თითებს შორის არე და ფრჩხილის არეც უნდა დაიბანო. პატარები ხელს ხშირად იდებენ პირში, ხელში უჭირავთ სათამაშო.

ექიმებიც ვართ ერთ-ერთი სერიოზული რისკ-ფაქტორი ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით. ჩვენ ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს პაციენტებთან და არამხოლოდ ხელებს ვიბანთ, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ვიმუშავებთ ხელებს,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„საპატრიარქოს ტელევიზია“

წაიკითხეთ სრულად