Baby Bag

„დაიცავით სამზარეულოში ტილოების წესი, ტყუილად კი არ არის სამი ფერის ტილო,“- რესტორატორი ლიკა კარტოზია

„დაიცავით სამზარეულოში ტილოების წესი, ტყუილად კი არ არის სამი ფერის ტილო,“- რესტორატორი ლიკა კარტოზია

რესტორატორმა ლიკა კარტოზიამ სამზარეულოში წესრიგისა და სისუფთავის დაცვის წესებზე ისაუბრა:

„სამზარეულოს ზედაპირი, სადაც ქალბატონი მუშაობს, თუ ქალბატონი სიმაღლით 1,70-ია, მაშინ ზედაპირი 90 სანტიმეტრზე უნდა იყოს. თუ უფრო მაღალია ქალი, მაშინ აქვს უფლება, რომ აწიოს. ის სივრცე, სადაც პროდუქტს ვამუშავებთ და ვრეცხავთ, შეიძლება 1 მეტრამდე ავწიოთ, რომ დავჭრათ ეს და არ დავიღალოთ. არის სპეციალური გასტრონომიული ზედაპირები, სადაც პირდაპირ მონტაჟდება პოლიეთილენის პარკი და მუშაობის მერე უცებ შეგიძლიათ გააქროთ სახლიდან და არანაირი ბაქტერია არ იქნება თქვენს სამზარეულოში.

სამზარეულოში ღია თაროები ძალიან ლამაზია. თქვენ უნდა გქონდეთ კონტეინერები, ლამაზი, კარგი ზომის. არეულობა არ უნდა იკითხებოდეს. ეს უკვე დაიასახლისზეა დამოკიდებული, რამდენად მოწესრიგებულია და რამდენად აქცევს ამას ყურადღებას. ეს ორგანიზების თემაა. რასაკვირველია, დახურული თაროები უფრო ადვილია, იმიტომ, რომ ვიზუალურად არ ჩანს პატარა ხარვეზები. რაც ყველაზე მთავარია, უნდა გქონდეთ ძალიან კარგი გამწოვი.

ის ზედაპირი, რაზეც ვაკეთებთ საკვებს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ახლოს ონკანთან. ერთი შხეფიც რომ მოხვდეს, როდესაც ზეთიან საკვებს ვამზადებთ, კარტოფილს ვწვავთ, თუ მოხვდა, შეიძლება საშინელი დამწვრობა გამოიწვიოს. ზედაპირს რაც შეეხება, მის გაწმენდას, თუ არ გსურთ ქიმიური საშუალებები გამოიყენოთ, შეგიძლიათ ლიმონის წვენისა და სოდის ხსნარი გააკეთოთ და ამით გაწმინდოთ. დაიცავით სამზარეულოში ტილოების წესი. ტყუილად კი არ არის სამი ფერის ტილო. რაღაცები გქონდეთ ზედაპირისთვის, რაღაცები გქონდეთ მეტალის მოსაწესრიგებლად,“- მოცემულ საკითხზე ლიკა კარტოზიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა ფორმულაზე“

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ საწოლს ყოველ დილით ასწორებთ, შეგიძლიათ, დაივიწყოთ - 29 მავნე საყოფაცხოვრებო ჩვევა

თუ საწოლს ყოველ დილით ასწორებთ, შეგიძლიათ, დაივიწყოთ -  29 მავნე საყოფაცხოვრებო ჩვევა
ადამიანები მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებას გამუდმებით ცდილობენ. ისინი ჯანსაღად იკვებებიან, ვარჯიშობენ, უარს ამბობენ სიგარეტის მოწევასა და ალკოჰოლზე, ხვეწენ სოციალურ უნარ-ჩვევებს და გარშემომყოფების მიმართ ყოველდღიურად მეტ სითბოსა და პატივისცემას იჩენენ. მიუხედავად ამისა, ბევრ მათგანს ავიწყდება, რომ სახლი, რომელშიც ისინი ცხოვრობენ მათი მხრიდან დიდ მზრუნველობასა და მოვლა-პატრონობას საჭიროებს. სხვა ნაკლოვანებებთან ბრძოლის პარალელურად ადამიანებმა იმ მავნე ჩვევების დაძლევა უნდა სცადონ, რომლებიც მათ საოჯახო მეურნეობის გაძღოლაში მნიშვნელოვნად უშლის ხელს.

1. ნივთების ღუმელში შენახვა
ადამიანები ღუმელს ზაფხულში ცხობისთვის ნაკლებად იყენებენ, რის გამოც მასში ხშირად სხვადასხვა არასაჭირო ნივთს ინახავენ, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. შესაძლოა, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ საერთოდ დაგავიწყდეთ, რომ ღუმელში ნივთები გაქვთ შენახული. თუ მოულოდნელად ღუმელს ჩართავთ, შესაძლებელია სახლში ხანძარიც კი გააჩინოთ. ღუმელი ყოველთვის მხოლოდ საცხობად გამოიყენეთ, ნივთები კი საკუჭნაოში შეინახეთ.
2. მაღაზიაში მეტისმეტად ბევრი საკვები პროდუქტის შეძენა
ზოგიერთი ადამიანი მაღაზიაში წასვლისას ერთი კვირის სამყოფ საკვებ პროდუქტებს წინასწარ ყიდულობს, რაც ძალიან მავნე ჩვევაა. მეტისმეტად ბევრი საკვები პროდუქტის შეძენა დროის, ენერგიისა და თანხის არასაჭირო დანახარჯს გულისხმობს. თუ პროდუქტებს ჭარბი რაოდენობით შეიძენთ, დიდია იმის ალბათობა, რომ მათი გარკვეული ნაწილი გაგიფუჭდეთ, მაცივარში საკმარისი სივრცე არ აღმოგაჩნდეთ და დისკმოფორტი შეგექმნებათ. დიდი რაოდენობის პროდუქტები მხოლოდ მაშინ უნდა შეიძინოთ, თუ წვეულებას მართავთ და სახლში სტუმრებს ეპატიჟებით.

არ დაგავიწყდეთ !!!

​MomsEdu.ge​-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფ​ი“)


3. მაცივრის არასრულფასოვნად გასუფთავება
ადამიანების ნაწილს მიაჩნია, რომ მაცივარი მხოლოდ გარედან უნდა გაწმინდოს, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. მაცივრის სრულფასოვნად გასასუფთავებლად ის საკვები პროდუქტებისგან სრულად უნდა გაათავისუფლოთ და შიგნით საგულდაგულოდ გაწმინდოთ. თუ მაცივარს მხოლოდ გარედან გაწმენდთ, მისი შიდა კედლები და თაროები ნელ-ნელა ნადებით დაიფარება. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ მაცივრის დაბალი ტემპერატურა მის შიდა ნაწილში ბაქტერიების გამრავლებას ხელს უშლის, რის გამოც მაცივრის თაროებისა და შიდა კედლების გასუფთავება საჭირო არ არის. სინამდვილეში ბაქტერიები მაცივრის შიგნითაც მრავლდებიან. თაროები საგულდაგულოდ უნდა გაასუფთაოთ, რათა ბაქტერიების გამრავლებას ხელი შეუშალოთ.
4. ჭურჭლის სარეცხი ღრუბლის ხანგრძლივად გამოყენება
თქვენი ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი, რომელსაც დიდი ხანია იყენებთ, თქვენს უერთგულეს მეგობრად იქცა. მისი დახმარებით სამზარეულო ყოველთვის სუფთა და მოწესრიგებული გაქვთ, რის გამოც მასთან განშორება ძალიან გიჭირთ. გირჩევთ, მიჯაჭვულობის გრძნობა დაძლიოთ და თქვენს საყვარელ ღრუბელს დროულად დაემშვიდობოთ. თუ მას დიდი ხნის მანძილზე გამოიყენებთ, ის ბაქტერიებისა და მიკრობების საიმედო თავშესაფრად გადაიქცევა. ყოველთვის, როდესაც აღნიშნულ ღრუბელს ჭურჭელთან ახლოს მიიტანთ ბაქტერიების გავრცელებას შეუწყობთ ხელს. ღრუბელი რაც შეიძლება ხშირად უნდა გამოცვალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი სამზარეულო ბაქტერიებისა და მიკრობების ბუდედ გადაიქცევა.
5. ერთფეროვანი სარეცხი საშუალებების გამოყენება
ყოველკვირეულად ახალ-ახალი სარეცხი ღრუბლის ყიდვა თუ გეზარებათ და მათ შესაძენად ზედმეტი ხარჯების გაღებაც არ გსურთ, ჭურჭლის სარეცხი ჯაგრისი შეიძინეთ. მისი გასუფთავება გაცილებით მარტივია და ღრუბლისგან განსხვავებით მისი გამოყენება გაცილებით მეტხანს შეგიძლიათ. ჯაგრისი სარეცხ ღრუბელზე უფრო გამძლე და ეფექტურია. გარდა ამისა, მისი გამოყენების დროს ხელები არ გისველდებათ, რაც თეფშების რეცხვის პროცესს უფრო მოსახერხებელს ხდის.
6. კონტეინერის თავსახურის დაკარგვა
საკვების კონტეინერის თავსახური თუ დაკარგეთ, თავად კონტეინერს ნუ შეინახავთ. ადამიანების დიდი ნაწილი ასე ძალიან ხშირად იქცევა. ისინი კონტეინერის სანაგვე ურნაში მოსროლას ერიდებიან, თუმცა მისი თავსახური არ აქვთ და მას საკვების შესანახად ვეღარ იყენებენ. გადაყარეთ ყველა ისეთი კონტეინერი, რომელსაც თავსახური დაზიანებული აქვს ან საერთოდ არ აქვს. იყიდეთ ახალი კონტეინერები, რომლებშიც საკვების შენახვას თავისუფლად შეძლებთ.
7. გაურეცხავი ხილისა და ბოსტნეულის მირთმევა
სარეალიზაციოდ გამზადებულ ხილსა და ბოსტნეულს კანზე სპეციალურ ნივთიერებებს ასხურებენ, რათა სიჯანსაღე დიდხანს შეინარჩუნონ. აღნიშნული ნივთიერებები საკვებად ვარგისი ნამდვილად არ არის, რის გამოც მათ მიღებას მაქსიმალურად უნდა ერიდოთ. ხილისა და ბოსტნეულის გარეცხვა არასდროს დაგეზაროთ. პროდუქტი საგულდაგულოდ უნდა გარეცხოთ და მაცივარში შეინახოთ. ამის შემდეგ მათი მირთმევა მშვიდად შეგიძლიათ.
8. სტრესულ პირობებში მზარეულობა
საკვების მომზადების პროცესი თუ არ გხიბლავთ და მზარეულობა თქვენში შფოთვასა და აგრესიულ განწყობებს იწვევს, ეცადეთ სამზარეულოში ფუსფუსს დიდი დრო არ დაუთმოთ. სტრესულ პირობებში საქმიანობა სარგებელს ნამდვილად არ მოგიტანთ. არ არის აუცილებელი ის საქმე აკეთოთ, რომელიც არ გიყვართ. საჭმელი გემრიელი არ გამოგივათ, თუ მას სიხარულით არ ამზადებთ. თავს დასვენების უფლება ხშირად უნდა მისცეთ. ნუ დაიტანჯავთ თავს იმ საქმის კეთებით, რომელიც ცუდ გუნებაზე გაყენებთ.
9. გარეცხილი ტანსაცმლის სარეცხ მანქანაში ჩატოვება
სტრესულ და განსაკუთრებულ გარემოებებში ადამიანს, შესაძლოა, სარეცხ მანქანაში ჩატოვებული სველი ტანსაცმელი დიდი ხნით გადაავიწყდეს, თუმცა თუ მსგავს ქმედებას რეგულარული ხასიათი აქვს, საქმე მავნე ჩვევასთან გვაქვს. სველი ტანსაცმელი დახურულ გარემოში ობს სწრაფად იკიდებს, რის გამოც მას უსიამოვნო სუნი უჩნდება. გარდა ამისა, თქვენ ზედმეტ ელექტროენერგიასა და წყალს ხარჯავთ, როდესაც გარეცხილ ტანსაცმელს აუტანელი სუნის გამო ხელმეორედ რეცხავთ. შეიმუშავეთ სტრატეგიები, რათა აღნიშნული მავნე ჩვევისგან თავის დაღწევა შეძლოთ.
10. გაცრეცილი პირსახოცის გამოყენება
პირსახოცებს ადამიანები ყოველდღიურად იყენებენ. თუ ამჩნევთ, რომ პირსახოცები ძალიან დაგიძველდათ და გაგიცვდათ, ისინი დროულად უნდა გამოცვალოთ. გაცრეცილი პირსახოცი კანს სათანადოდ კარგად ვერ ამშრალებს და თქვენ სააბაზანოდან ნახევრად სველი გამოდიხართ. როდესაც ახალ პირსახოცებს შეიძენთ, თავადვე მიხვდებით, რომ გაცრეცილი პირსახოცით კანის სრულფასოვნად გაშრობა შეუძლებელია. ახალი პირსახოცი კანს სრულყოფილად გაგიშრობთ და მისი გამოყენება ბევრად სასიამოვნოც იქნება.
11. საწოლის თეთრეულისა და პირსახოცების იშვიათად რეცხვა
თეთრეული და პირსახოცი ადამიანის კანთან ხშირი კონტაქტის გამო ძალიან ბევრ ბაქტერიას, მიკრობსა და ჭუჭყს იკიდებს. თუ თეთრეულს და პირსახოცებს იშვიათად რეცხავთ, მათ ზედაპირზე დაგროვილი მიკრობებითა და ბაქტერიებით თქვენს ახალდაბანილ სხეულს აბინძურებთ. პირსახოცი ყოველ მესამე-მეოთხე დღეს უნდა გაირეცხოს. ​საწოლის თეთრეული კი ყოველკვირეულად უნდა გამოიცვალოს. ცხადია, ეს თქვენგან ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს, მაგრამ კანის სისუფთავის შესანარჩუნებლად შრომა არ უნდა დაგეზაროთ.
12. ძველმანების შენახვა
ნივთები, რომლებსაც არ იყენებთ და რომლებიც თქვენთვის უმნიშვნელოა, სახლში არ უნდა შეინახოთ. ძველი ტანსაცმელი, დაჟანგებული ინსტრუმენტები ან გამოუსადეგარი ჭურჭელი სახლში არ უნდა დატოვოთ. არასაჭირო ნივთებისგან გათავისუფლება სახლში მეტ თავისუფალ სივრცეს გააჩენს, რაც თქვენი ინტერიერის გასალამაზებლად მეტ პერსპექტივას შექმნის. თავისუფალი სივრცის გაჩენა ზედმეტად ნუ გაგათამამებთ. სახლი ნივთებით მეტისმეტად არ გადატვირთოთ, თორემ კვლავ არასაჭირო ნივთების შენახვის მავნე ჩვევის მსხვერპლად იქცევით.
13. ღამით ტელეფონის საწოლის ტუმბოზე დადება
ღამით ტელეფონის საწოლთან ახლოს დატოვება ძილის სერიოზულ დარღვევებს იწვევს. თქვენ მთელი ღამის განმავლობაში ხელი მიგიწვდებათ სოციალურ ქსელებსა და საძიებო სისტემებზე, რაც ჩაძინებაში ხელს ძალიან გიშლით. ტელეფონი სხვა ოთახში დატოვეთ და საძინებელში მის გარეშე შედით. დილით მიხვდებით, რომ ტელეფონის გარეშე ღამე გაცილებით უკეთ გეძინათ. აღნიშნული ქმედება ჩვევად ჩამოიყალიბეთ. სოციალური ქსელებით კი დღის განმავლობაში დაკავდით.
14. ყოველდღიურად საწოლის გასწორება
მართალია, მშობლები ბავშვობიდანვე გაიძულებდნენ თქვენი საწოლის ყოველდღიურად მოწესრიგებას, მაგრამ სინამდვილეში ამგვარი ქცევით თქვენს ორგანიზმს და ჯანმრთელობას ზიანს აყენებთ. საწოლის გასწორება თეთრეულში მიკრობებისა და ბაქტერიების გავრცელებას უწყობს ხელს, რადგან დახურულ სივრცეში მათი მომრავლება გაცილებით მარტივია. როდესაც საწოლს არეულს ტოვებთ, მართალია, თქვენი საძინებელი არაესთეტიურად გამოიყურება, მაგრამ თქვენი თეთრეული სისუფთავეს ინარჩუნებს.
15. მეზობლების საქმიანობაზე დაკვირვება
თქვენი მეზობლების ყოველდღიურ საქმიანობაზე დაკვირვება კარგს არაფერს მოგიტანთ. ნუ იეჭვიანებთ, თუ შეამჩნევთ, რომ ისინი თავიანთ სახლსა და ეზოს გაცილებით უკეთ უვლიან, ვიდრე თქვენ. არასდროს შეეჯიბროთ სხვებს! მეზობლებთან კონკურენციის გამო ახალ გაზონს ნუ დააგებთ, რადგან მის მოვლას ძალიან დიდი ენერგია და დრო სჭირდება. ყველა საქმე თქვენი შესაძლებლობების გათვალისწინებით უნდა აკეთოთ. სახლისა და ბაღის მოვლა თქვენთვის სასიამოვნო პროცესი უნდა იყოს. თქვენს სახლზე ზრუნვას სატანჯველად ნუ გადააქცევთ.
16. მაგიდის არეული უჯრა
მაგიდის ერთი არეული უჯრა სახლში თითქმის ყველა ადამიანს აქვს. მსგავსი ტიპის უჯრებში შეგიძლიათ ყველანაირი დანიშნულების ნივთი იპოვოთ. ადამიანები ყველა წვრილმანს ერთად უყრიან თავს, რის გამოც ერთ უჯრაში ათავსებენ კალამს, კერძების რეცეპტების წიგნს, ელემენტებსა და სხვა ნივთებს. მსგავს ქაოსში კი რაიმეს პოვნა ძალიან გაგიჭირდებათ. აუცილებლად გამონახეთ დრო უჯრის დასალაგებლად. ყველა არასაჭირო ნივთი სანაგვე ურნაში მოისროლეთ. დანარჩენ ნივთებს კი თავისი ადგილი მიუჩინეთ. დასუფთავებულ უჯრაში შეგიძლიათ ახალი ნივთები თქვენი სურვილის მიხედვით ჩაალაგოთ.
17. ავეჯის საწყობად გამოყენება
ტახტის ქვეშ ნივთების დამალვა ძალიან მარტივია. როდესაც მოულოდნელად სტუმარი გესტუმრებათ და სახლში ქაოსია, ზედმეტ წვრილმანებს ტახტის ქვეშ მიუჩენთ ადგილს და ოთახს 5 წუთში მოაწესრიგებთ. ასე, ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოქცეულხართ. მთავარია, მსგავსი საქციელი ჩვევად არ გექცეთ. ბუნებრივია, სახლის მოწესრიგებასა და ნივთებისთვის თავიანთი ადგილის მიჩენას ყოველთვის ვერ შეძლებთ. თუ დღის რომელიმე მონაკვეთში არ გცალიათ, დაძინების წინ 10 წუთი სახლის მილაგებას დაუთმეთ, რათა სამომავლოდ ავეჯის საწყობად გამოყენება კვლავ არ დაგჭირდეთ.
18. გაურეცხავი თეფშების ნიჟარაში ჩატოვება
თეფშების რეცხვა ბევრ ადამიანს არ უყვარს. ბევრ მათგანს მათი სარეცხ მანქანაში ჩალაგებაც კი ეზარება. გაურეცხავი თეფშებით სავსე ნიჟარა ძალიან უსიამოვნო სანახავია და თქვენთან სტუმრად მოსულ ადამიანებს თქვენზე დადებით განწყობას ნამდვილად არ შეუქმნის. ეცადეთ, თეფშები ჭამის დასრულებისთანავე დარეცხოთ. გაურეცხავ თეფშებს ნიჟარაში დიდხანს ნუ დატოვებთ.
19. დაბინძურებული ხალიჩა
ხალიჩის ყოველდღიური დასუფთავება საკმაოდ რთული საქმეა. თუ შეამჩევთ, რომ ხალიჩაზე რაიმე ტიპის ლაქაა, ეცადეთ ხალიჩა რაც შეიძლება სწრაფად გაწმინდოთ. რაც მალე გაასუფთავებთ თქვენს ხალიჩას, მით ნაკლებია იმის ალბათობა, რომ ლაქა მის ზედაპირზე რაიმე კვალს დატოვებს. თუ ერთ ლაქას მეორე დაემატება, თქვენი ხალიჩა ჭუჭყის ბუდედ გადაიქცევა. ეცადეთ მის სისუფთავეზე მაქსიმალურად ხშირად იზრუნოთ.
20. მტვერსასრუტის სადენის გაგლეჯა
მტვერსასრუტით ოთახის დასუფთავება საკმაოდ რთული საქმეა, რაც ადამიანების უმეტესობას მეტისმეტად დამღლელადაც ეჩვენება. თქვენ ცდილობთ, საქმიანობას რაც შეიძლება მალე მორჩეთ და გაწეული შრომის სანაცვლოდ თავს ერთი ჭიქა ყავის დალევის უფლება მისცეთ. მტვერსასრუტის სადენი ძალიან გრძლად გეჩვენებათ და მის გამოსაერთებლად კედელთან მისვლა გეზარებათ, რის გამოც სადენს ხელით ექაჩებით და მტვერსასრუტის ქსელიდან გამორთვას ცდილობთ. ასეთი ქცევა საკმაოდ მავნე ჩვევად ითვლება. თუ მტვერსასრუტის ქსელიდან გამორთვის აღნიშნულ მეთოდს ხშირად გამოიყენებთ, შესაძლოა სადენი დააზიანოთ და მტვერსასრუტის გამოყენება ვეღარ შეძლოთ. უარეს შემთხვევაში კი ელექტრო გაყვანილობების დაზიანებაც არ არის გამორიცხული.
21. მაცივრის გავსება პროდუქტებით
ადამიანები თავს მშვიდად გრძნობენ, როდესაც მაცივარი პროდუქტებით აქვთ სავსე, თუმცა ბევრმა მათგანმა არ იცის, რომ მაცივრის გამართული მუშაობისთვის, მხოლოდ მისი ¾ უნდა იყოს შევსებული. სივრცის დეფიციტი ცირკულაციის პროცესის შეფერხებას იწვევს, რის გამოც ცივი ჰაერი ყველა პროდუქტს თანაბრად არ მიეწოდება. სავსე მაცივარში შენახული პროდუქტები, შესაძლოა, დროზე ადრე გაგიფუჭდეთ. სწორედ ამიტომ, მაცივრის ბოლომდე გავსებას არ გირჩევთ.
22. ნახევრად ცარიელი ჭურჭლის სარეცხი მანქანის ჩართვა
ერთი ან ორი დასვრილი თეფშის ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მოთავსება და გარეცხვა ნამდვილად დაუფიქრებელ და წინდაუხედავ საქციელად უნდა ჩავთვალოთ. თქვენ ამაოდ ხარჯავთ წყალსა და ელექტროენერგიას. უმჯობესია, თუ სარეცხ მანქანას მაშინ აამუშავებთ, როდესაც საკმარისი რაოდენობით გასარეცხი ჭურჭელი დაგიგროვდებათ. ამ შემთხვევაშიც იმავე რაოდენობის წყალსა და ელექტროენერგიას დახარჯავთ, მაგრამ გაცილებით რაციონალურად და მიზანშეწონილად. ეცადეთ, ერთი გარეცხვისას მაქსიმალურად დიდი რაოდენობის ჭურჭელი გაასუფთაოთ.
23. სველი სალფეთქების უნიტაზში ჩაყრა
სანიტარული სველი სალფეთქების გამოყენება სამზარეულოს სისუფთავის შესანარჩუნებლად საკმაოდ გონივრული საქციელია და სახლში ჰიგიენის დაცვაში ძალიან გეხმარებათ. თუმცა თუ გამოყენებულ სველ სალფეთქს უნიტაზში მოისვრით, მის მიერ მოტანილ სარგებელს ფასს დაუკარგავთ. სველი სალფეთქები სპეციალური ბოჭკოვანი ქსოვილისგან მზადდება, რომელიც უნიტაზში ჩაგდების შემდეგ არ იშლება, რაც საკანალიზაციო სისტემის გაჭედვას გამოიწვევს. თუ უსიამოვნებებს არ ეძებთ, სველი სალფეთქი უნიტაზში არასდროს ჩააგდოთ.
24. საკვების ნარჩენების ღუმელის ზედაპირზე დატოვება
ღუმელის ჩართვისას მასში ჩატოვებული საკვების ნარჩენები ან შხეფები სამზარეულოში უსიამოვნო სუნს დააყენებს. ღუმელის ზედაპირი და კედლება გაჭუჭყიანდება და მასზე მიმწვარი ნარჩენების მოშორება ძალიან გაგიძნელდებათ. თქვენ მიერ ახლადმომზადებული კერძი არომატული ვეღარ იქნება, რადგან მის სურნელს მიმწვარი პროდუქტების უსიამოვნო სუნი გადაფარავს. ღუმელი მასში ჩატოვებული ნარჩენებისგან დროულად უნდა გაასუფთაოთ. ცხობისას უმჯობესია, ფოლგა გამოიყენოთ.
25. ტელევიზორის სადენის დენის წყაროში ჩატოვება
თუ ტელევიზორს არ უყურებთ, სადენი დენის წყაროდან აუცილებლად უნდა გამოაერთოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ელექტროენერგიას უსაფუძვლოდ დაწვავთ. როდესაც სამსახურში მიდიხართ, ყველა ელექტრომოწყობილობა გამორთეთ და სახლი მხოლოდ ამის შემდეგ დატოვეთ. თუ ზედმეტი გადასახადებისთვის თავის არიდება გსურთ, გამორთული ტელევიზორის კაბელის დენის წყაროში ჩატოვებას არ გირჩევთ.
26. ბლენდერის პროდუქტებით გადავსება
სმუზით გაგრილება ძალიან ბევრ ადამიანს სიამოვნებს, თუმცა მისი მომზადებისას ბლენდერის პროდუქტებით გადავსებას არ გირჩევთ. ამგვარი ქმედებით, შესაძლოა, ბლენდერი დააზიანოთ ან სმუზი გადმოგეღვაროთ. ბლენდერში თავდაპირველად სითხეები უნდა ჩაასხათ, შემდეგ მყარი პროდუქტები, ბოლოს კი გაყინული ინგრედიენტები. აუცილებლად დაიცავით ბალანსი და პროდუქტების ჭარბი რაოდენობით გამოყენებას მოერიდეთ.
27. ტანსაცმლის გაუთავება სახლიდან გასვლის წინ
სახლიდან გასვლის წინ ტანსაცმლის გაუთავება ძალიან ცუდი ჩვევაა, რადგან სიჩქარეში თქვენს საქმეს სრულფასოვნად ვერ ასრულებთ და ტანსაცმელს სათანადოდ ვერ აუთოვებთ. უმჯობესია, თუ კვირაში ერთ დღეს ტანსაცმლის გაუთავებას დაუთმობთ. ეს საშუალებას მოგცემთ სახლიდან გასვლის წინ მშვიდად და აუღელვებლად შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ტანსაცმელი, რომლის გაუთავება არ გჭირდებათ.
28. გამხმარი თაიგულის საყვავილეში დატოვება
თქვენ საყვავილე ლამაზი ყვავილებით მორთეთ და სასადილო ოთახი გაალამაზეთ, რაც ძალიან გახარებთ. ორი კვირის გასვლის შემდეგ ლამაზი თაიგული გამხმარ და უსიცოცხლო იერს იღებს, ის აღარც ოთახს ალამაზებს და არც თქვენი ჯანმრთელობისთვის არის სიკეთის მომტანი. როდესაც ყვავილებს საყვავილეში აწყობთ, მათზე ყოველდღიურად უნდა იზრუნოთ. ყვავილებს წყალი ხშირად უნდა გამოუცვალოთ, რათა ჯანსაღი იერსახის შენარჩუნება დიდხანს შეძლონ. როდესაც თაიგული ხმება, ის აუცილებლად ახლით უნდა ჩაანაცვლოთ.
29. დარბილებული ხილისა და ბოსტნეულის გადაყრა
მართალია, გადატვირთულ მაცივარში პროდუქტები მალე ფუჭდება, მაგრამ ხილი და ბოსტნეული იქამდე არ უნდა მოისროლოთ ნაგვის ურნაში, ვიდრე ლპობას არ დაიწყებს. დაზიანებული და დარბილებული ხილისა და ბოსტნეულის საკვებად გამოყენება ყოველთვის შეგიძლიათ. დაზიანებული პომიდორი ბლენდერში მოათავსეთ, ხახვი და ნიორი დაუმატეთ და პომიდვრის სოუსიც მზად გექნებათ. დარბილებული პროდუქტების გამოყენებით შესანიშნავი სმუზების მომზადება შეგიძლიათ. სწორედ ამიტომ, დაზიანებული ხილისა და ბოსტნეულის გადაყრის ნაცვლად, მათი რაციონალურად გამოყენება უნდა სცადოთ.
მომზადებულია ​homeaddict.io-ს მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა
წაიკითხეთ სრულად