Baby Bag

„თქვენს დიპლომებს არ ენდოთ, თქვენი დიპლომები არაფერს არ ნიშნავს,“- შალვა ამონაშვილი განათლების მნიშვნელობაზე

„თქვენს დიპლომებს არ ენდოთ, თქვენი დიპლომები არაფერს არ ნიშნავს,“- შალვა ამონაშვილი განათლების მნიშვნელობაზე

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანის განათლებულობას დიპლომის ქონა არ განსაზღვრავს:

„ვიტყვით ხოლმე განათლებული ადამიანიო. ჩემმა ბებიამ წერა-კითხვა არ იცოდა, მაგრამ იმაზე განათლებულ ადამიანს ნუ დამისახელებთ, თუ შეიძლება. რატომ იცით? გული ჰქონდა ძალიან კეთილი, უყვარდა ყველა და ყველაფერი. იმიტომ ვარ მეც ამ სოფელში, იმიტომ ავიშენე აქ ყველაფერი, რომ ბებია აქ მზრდიდა, ამ სოფელში, რომ ჩამოვიდოდი ხოლმე. რატომ იყო ის განათლებული? არ ვიცი ვინმე მიეშველა, მორწყო მის გრაალის თასში ღვთის მარცვლები, თუ თვითონ გააკეთა ეს, მაგრამ ეს აღმოცენდა მასში. გახდა ქალი ბრძენი, უკეთილშობილესი, მოყვარული, თავდადებული. მთელი სოფელი მოდიოდა მასთან: „მაშო, რა ვქნათ? მაშო, ქმარი! მაშო, შვილი! მაშო, ცომი როგორ მოვზილოთ?“ ვეკითხებოდი, ბები, რა უნდათ შენგან-მეთქი. მპასუხობდა, არ ვიციო.

განათლებული ვინ არის, იცით? ვისაც ეს მარცვლები აღმოუცენდება. თქვენს დიპლომებს არ ენდოთ, თქვენი ჭირიმე. თქვენი დიპლომები არაფერს არ ნიშნავს. თქვენი დიპლომები ამბობენ იცით რას?! მე საპატიო დოქტორი ვარ, ხომ? იმათ რაღაც დაინახეს ჩემი ერთი ნაწილი და იმ ნაწილს მიანიჭეს საპატიო დოქტორობა. მე მართლა საპატიო ვარ თუ არა, ეს მე შინაგანად თვითონ ვიცი. ჩვენი დიპლომები არაფერს არ ამბობენ. ამბობენ მარტო იმას, რომ ამ ვიწრო ცოდნაში მე სიტყვა შეიძლება ვთქვა, თუ კარგად ვისწავლე. ჩვენი დიპლომები არაფერს არ ამბობენ ჩვენს განათლებულობაზე. მაშ რა ლაპარაკობს ჩვენს განათლებულობაზე? აღმოცენებული თესლები, რომელიც გულში ჩაგვიდგა ღმერთმა. თუ 2-3- თესლი მაინც აღმოცენდა, სიყვარულის თესლი მაინც თუ აღმოცენდა, მიყვარს მარტო შვილი, ცოლი და ქმარი კი არა, ქვეყანა მიყვარს, წინასწარ მიყვარხართ, თუმცა არ მინახიხართ თვალით, თუ ეს სიყვარული აღმოიზარდა, ეს არის ღმერთის სიყვარული,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

ეს სამი დაავადება ბავშვებში ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის გამო ხდება - ქირურგი შალვა გაბადაძე

ქირურგმა შალვა გაბადაძემ ბავშვებზე ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის ნეგატიური ზეგავლენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ცხოვრების უძრავი სტილი ბავშვებში გარკვეული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს:

„ჰიპოდინამიოზს უზარმაზარი უარყოფითი გავლენა აქვს ბავშვთა ასაკში ბავშვებზე. ეს უპირველესად გამოიხატება ხერხემლის ოსტეოქონდროზით. შეიძლება ეს გამოიხატოს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციების დარღვევით, როგორიც არის შარდვის გახშირება ან შარდვის შეკავება.

მესამე შეიძლება იყოს სქოლიოზი, რომელიც ვითარდება ნელა, შემპარავად და იწვევს ტანდეგობის დარღვევას, რაც მშობლებში თავდაპირველად გამოიწვევს გაკვირვებას, შემდგომ კი შიშს.

ეს სამი დაავადება ბავშვებში სწორედ ცხოვრების ჰიპოდინამიური სტილის გამო ხდება,“- მოცემულ საკითხზე შალვა გაბადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად