Baby Bag

კანიდან ტკიპის ამოსაყვანად ეს სპეციფიკური და კარგი წვეტის მქონე პინცეტი გამოიყენეთ - ეპიდემიოლოგ გიორგი მელაშვილის რეკომენდაცია

კანიდან ტკიპის ამოსაყვანად ეს სპეციფიკური და კარგი წვეტის მქონე პინცეტი გამოიყენეთ - ეპიდემიოლოგ გიორგი მელაშვილის რეკომენდაცია

ეპიდემიოლოგმა გიორგი მელაშვილმა ტკიპის ამოღების სწორ ტექნიკებზე ისაუბრა და სპეციალურად მოცემული პროცედურისთვის გამოსადეგი პინცეტის ტიპიც დაასახელა:

„ტკიპის ამოღება ძალიან სპეციფიკური მეთოდებით ხდება. იყიდება ძალიან მარტივი მაშები, ლურსმნის ამოსაძრობ ხელსაწყოს ჰგავს ძალიან, მაგრამ პატარაა. იმას მოვდებთ ხორთუმთან ახლოს. ნელ-ნელა ამოვწევთ და ტკიპა ამოდის მარტივად, უმტკივნეულოდ. არც ზეთი უნდა, არც სხვა რამ. რა თქმა უნდა, შეგვიძლია, რომ ტკიპა თვითნებურად ამოვიღოთ. მთავარია, დავიმახსოვროთ ხისტი მოძრაობით არ ამოვაძროთ. ხელს რომ მოვკიდებთ ტკიპას, დავაფიქსიროთ ეს ტკიპა, კარგად რომ გვეჭიროს. ძალიან, ძალიან ნელი მოძრაობით გამოვწიოთ კანის საწინააღმდეგო მიმართულებით.

პინცეტის გამოყენება შეგიძლიათ. თუ პინცეტის საშუალება არ გაქვთ, ხელითაც შეგიძლიათ ამის გაკეთება. პინცეტი უნდა მოვჭიდოთ ნაკბენთან, მაქსიმალურად დაბლა. მე მაქვს ძალიან სპეციფიკური და კარგი წვეტის მქონე პინცეტი. მას იმდენად წვრილი წვეტი აქვს, რომ ჩამივარდა და დაიღუნა. წვერს მოვკიდებთ ხორთუმთან და ნელი მოძრაობით ამოვწევთ,“- მოცემულ საკითხზე გიორგი მელაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა ფორმულაზე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ძალიან ბევრი დედა ამბობს: „რა ვქნა, ჩემი შვილი სოსისის მეტს არაფერს არ ჭამს, სხვა გზა არ მაქვს...“ სხვა გზა უნდა შესთავაზოთ ბავშვს,“- ივანე ჩხაიძე

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ბავშვთა კვებაში სოსისებისა და ძეხვების გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა, განსაკუთრებით ზაფხულის განმავლობაში:

„ერთი კითხვა მაქვს: საექიმო ძეხვი რა არის? საბავშვო ძეხვი?ძეხვია ხომ ისიც?! ეს არ არის პროდუქტი, რომელიც გამოყენების წინ არის მომზადებული. სოსისთან, ძეხვეულთან და სხვა მსგავს პროდუქტებთან დაკავშირებით რისკი გაცილებით მეტია. „არასეზონური“ ცოტა შეუსაბამო სიტყვაა ამ პროდუქტებისთვის, მაგრამ სიტუაციისთვის ზუსტად მორგებული. ზამთარში შეიძლება ეს პროდუქტები მაგიდაზე გედოთ და პრობლემა არ იყოს.

ეს არის რისკიანი პროდუქტი. ნამდვილად ასეა. სოსისები და ძეხვები რისკია, სოკო, რა თქმა უნდა, რისკია. რაც უფრო მცირეა ბავშვის ასაკი, ამ რისკის ალბათობა უფრო მატულობს. ბავშვებში ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო და კატეგორიული აკრძალვა, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს პროდუქტები უნდა იყოს თავიდან არიდებული, მიუხედავად ბავშვის სიყვარულისა. ნამდვილად უყვართ და მოსწონთ ბავშვებს ეს პროდუქტები.

ძალიან ბევრი დედა ამბობს: „რა ვქნა, ჩემი შვილი სოსისის მეტს არაფერს არ ჭამს. სხვა გზა არ მაქვს.“ არ არის ასე. სხვა გზა უნდა შესთავაზოთ ბავშვს. მას, რა თქმა უნდა, აქვს სურვილი, რომ სოსისი მიირთვას, მაგრამ თუ თქვენ არჩევანს მისცემთ, ამით დაეხმარებით. ეს არჩევანი უნდა იყოს მრავალფეროვანი,“- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად