Baby Bag

რამდენი ნათლია უნდა ჰყავდეს ბავშვს? - დეკანოზ საბა ჭიკაიძის პასუხი

რამდენი ნათლია უნდა ჰყავდეს ბავშვს? - დეკანოზ საბა ჭიკაიძის პასუხი

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ ბავშვის ნათლობისას რამოდენიმე ნათლიის ყოლის წესზე ისაუბრა და განმარტა რამდენი ნათლიის ყოლაა დასაშვები:

„მე ისეთ პერიოდში მოვინათლე, როდესაც ყველას გვყავდა თითო ნათლია. თითო ნათლიაზე მეტი არ გვყავდა არავის. მაქსიმუმი იყო, რომ ვინმეს ორი ნათლია ჰყოლოდა. ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ის, რამდენად იაზრებს ნათლია თავის მოვალეობას, თავის პასუხისმგებლობას. ეს არის არსებითი. თუ არის ხუთი ნათლია და ხუთივე იაზრებს თავის პასუხისმგებლობას, იყოს ხუთივე. არაფერს არ აფუჭებს ეს.

თუ ნათლიებიდან ვერცერთი ვერ იაზრებს თავის პასუხისმგებლობას, რასაც აკისრებს მათ ნათლიობა, მაშინ არცერთი არ უნდა იყოს. ზოგადად ასე ხდება, რომ რაც უფრო მეტია ნათლია, მით უფრო მეტად ერთმანეთის იმედზე არიან და თვითონ ცდილობენ გაექცნენ დაკისრებულ პასუხისმგებლობას, რომელსაც აკისრებთ ის აღთქმები, რომელსაც უფლის წინაშე ნათლობის დროს დებენ. როდესაც ერთია ნათლია ან ორი, მათ იციან, რომ მარტო თვითონ არიან და აცნობიერებენ, რომ თვითონ უნდა იტვირთონ ბოლომდე ეს პასუხისმგებლობა. მე ვაფრთხილებ და ვეუბნები ხოლმე, რას ნიშნავს ნათლიობა. მთავარი ის არის ჩემთვის, რომ გაიაზრონ რა არის ნათლიობის არსი. მათ ვეუბნები ხოლმე: „არ აიკიდოთ საკუთარ თავზე ის პასუხისმგებლობა, რომლის ტვირთვასაც ვერ შეძლებ. თუ შენ ცხოვრობ ეკლესიური ცხოვრებით, თუ შენთვის ქრისტე სასურველია და მას ეტრფი, კი ბატონო, დარჩი ნათლიად, არავინ არ გაგდებს. თუ შენ ქრისტე არ გიყვარს, თუ შენ შენს ცოდვებს არ ნანობ და არ განიცდი, არ მიდიხარ უფლისკენ ამ გზაზე, მაშინ რისთვის დგები ნათლიად? რატომ იმძიმებ საკუთარ პასუხისმგებლობას? საკუთარ სულს? შენ ხომ აუცილებლად მოგიწევს წარდგომა უფლის წინაშე და რატომ იმძიმებ სულს?“ როდესაც მეკითხებიან, რამდენად მისაღებია სამ ნათლიაზე მეტიო, 50 იყოს, თუ გინდათ, თუ მათგან ყველა გაიაზრებს იმ პასუხისმგებლობას, რასაც ნათლიობა ჰქვია. ასე უნდა მიუდგეთ, თორემ შეზღუდვა 2 იქნება, 4 თუ 6 ნათლია, აბსოლუტურად არაფერი არ არის. უბრალოდ წმინდა ფსიქოლოგიური გათვლიდან გამომდინარე, რაც უფრო ცოტაა, მით უფრო კარგად იაზრებენ პასუხისმგებლობას და რაც უფრო მეტნი არიან, უფრო ერთმანეთის იმედზე არიან. ეს პრობლემა არის ხოლმე, სხვა არაფერი,“ – აღნიშნა დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ.

წყარო: ​თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

შეიძლება დაინტერესდეთ

„ვისაც უკვე ეწყება წნევა, მხოლოდ ამ ვარჯიშებით შეუძლია წნევა დაარეგულიროს,“ - ნინო ვაშაკიძის რჩევები

„ვისაც უკვე ეწყება წნევა, მხოლოდ ამ ვარჯიშებით შეუძლია წნევა დაარეგულიროს,“ - ნინო ვაშაკიძის რჩევები

ტრადიციული მედიცინის სპეციალისტმა ნინო ვაშაკიძემ წამლების გარეშე წნევის დარეგულირების გზებზე ისაუბრა:

„ნეგატიური აზრები იწვევს სპაზმს. ერთ-ერთი მთავარი ზონა, სადაც არის სპაზმი, არის კისრის ზონა. აქედან ადის სისხლი და ჩამოდის, იქ სპაზმი იწვევს წნევის აწევას. კისრისთვის არსებობს ვარჯიში, რომელიც ძალიან ბევრ რამეს შველის. ჩასუნთქვა უნდა გავაკეთოთ, თუმცა ღრმა არ უნდა იყოს, სამაგიეროდ ამოსუნთქვა არის ძალიან გრძელი. ამოსუნთქვაზე კეთდება აქცენტი. ნიკაპი ჩამოგაქვთ ქვემოთ. ეს გააკეთეთ ათჯერ, შემდეგ ოცჯერ. ამით ავარჯიშებთ კისრის ქვედა კუნთებს და სისხლი მიეწოდება კისერს.“

„ვალერიანი და კუნელი იყოს ოჯახში. ძალიან ხშირად გგონია, რომ არის წნევა, დალევ ვალერიანს და გაგივლის. უფრო ძლიერი ზემოქმედების არის კუნელი. მიირთვან ეს ნაყენი და ნახავენ, რომ ბევრად უკეთესად იქნებიან. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დარღვეულ ძილს. მას, ვინც იძინებს დილას, შეიძლება წნევის პრობლემა შეექმნას. დიდი მნიშვნელობა აქვს წონას და პოზას სავარძელში ტელევიზორთან. ვისაც უკვე ეწყება წნევა, მხოლოდ ამ ვარჯიშებით შეუძლია წნევა დაარეგულიროს. ადამიანი უნდა დაჯდეს ცოტა მაღალ სკამზე ან დადგეს. ჩასუნთქვა იწყება მუცლით, მერე ჩაისუნთქეთ გულ-მკერდით, კიდევ ჩაისუნთქეთ, გააჩერეთ 6-7 წამით. შეწიეთ მუცელი, შეწიეთ გულ-მკერდი და ამოისუნთქეთ. შემდეგ 1 წუთი შეისვენეთ და ეს ვარჯიში 4-5-ჯერ გააკეთეთ. აკეთეთ ეს ერთი კვირა. თუ წნევა დაგირეგულირდათ, გადადით შემდეგ ეტაპზე. აკეთებთ ამ ვარჯიშებს, მაგრამ 1-წუთიანი შუალედები არ არის. მერე ორი კვირა აკეთეთ ეს. თუ აღმოაჩინეთ, რომ პირველზე უკეთესი შედეგი გქონდათ, დაუბრუნდით პირველ ვარჯიშს. მესამე ვარჯიში არის ის, რომ ისევ აკეთებთ ჩასუნთქვას, ტუმბავთ ბოლომდე, შემდეგ ამოისუნთქავთ, ნიკაპი ამ დროს უნდა გქონდეთ ქვემოთ დახრილი. ამის შემდეგ 20-30 წამი არ სუნთქავთ. ამაზე რომ გადადიხართ, მეორე ვარჯიშს აკეთებთ სამჯერ და ამას აკეთებთ მეოთხეს. დიდი შანსია, რომ ამ ვარჯიშმა კარგად დაარეგულიროს წნევა,“ - აღნიშნულ საკითხზე ნინო ვაშაკიძემ ტელეკომპანია „POSTV”-ის გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ისაუბრა.

წყარო: „პოსტ ალიონი“

წაიკითხეთ სრულად