Baby Bag

„პასუხისმგებლობები კი არ უნდა დავაკისროთ ბავშვს, იმედი დავაკისროთ,“- შალვა ამონაშვილი ბავშვის შემოქმედებითი უნარების განვითარების გზებზე

„პასუხისმგებლობები კი არ უნდა დავაკისროთ ბავშვს, იმედი დავაკისროთ,“- შალვა ამონაშვილი ბავშვის შემოქმედებითი უნარების განვითარების გზებზე

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის შემოქმედებითი უნარების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„პასუხისმგებლობები კი არ უნდა დავაკისროთ ბავშვს, იმედი დავაკისროთ. პასუხისმგებლობა რაღაცის შესრულებაა სხვისთვის. პასუხისმგებლობაში შემოქმედება ძალიან ცოტაა ჩადებული. როდესაც მე იმედი მაქვს, რომ შენ შეძლებ, შენ შეგიძლია, რაღაც რომ გამოჩნდება და მე იმით აღტაცებული ვარ, გაოცებული ვარ, ამით თითქოს წყალს ვუსხამ ბავშვის შემოქმედებას. ჩემმა პედაგოგმა რომ მითხრა: „როგორი პოეტური თვალები გაქვს,“ მე ლამის პოეტი გავხდი მართლა.

ბავშვებს უნდა უთხრა: „ბავშვებო, ადექით, თუ შეიძლება.“ პატივისცემა უნდა იყოს დიდი. უთხარით ბავშვებს: „ერთი წუთით დახუჭეთ თვალები. რაღაც საიდუმლო მინდა გითხრათ.“ მე ვეჩურჩულები: „თითოეული თქვენგანი ამ გაკვეთილზე გამორჩეული მათემატიკოსია. მე კი თქვენი მოწაფე ვარ. კითხვებს იმიტომ გაძლევთ, რომ არ ვიცი და მინდა ვიცოდე, დამეხმარეთ, გამზარდეთ. გაიმეორეთ ახლა თქვენს თავში:„მე გამოჩენილი მათემატიკოსი ვარ. მე მიყვარს მათემატიკა. მათემატიკასაც ვუყვარვარ მე.“ მერე ვეტყვი: გაახილეთ თვალები, დასხედით." ასე ბავშვებში მოვხსენი თუ რაიმე ნეგატიური განწყობა ჰქონდათ ჩემი გაკვეთილის მიმართ.

ერთხელ რომ ასე მიუდექი ბავშვს, მეორედ რომ უჩურჩულე, მესამედ რომ აღტაცებული იყავი, დედას რომ დაურეკე და უთხარი: თქვენი შვილი მაოცებსო, ეს ხომ პატარა საქმეებია?! ეს ბავშვი უთუოდ გახდება შემოქმედიც და დიდი ყურადღების მქონეც,“- მოცემულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

რა შემთხვევაში დაიწყება 15 სექტემბერს სწავლა? - ამირან გამყრელიძის პასუხი

რა შემთხვევაში დაიწყება 15 სექტემბერს სწავლა? - ამირან გამყრელიძის პასუხი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 15 სექტემბერს სწავლის განახლების რეკომენდაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი ოთხ პროცენტზე დაბლა იქნება:

„თუ ამ ტიპის ეპიდსიტუაცია იქნება 15 სექტემბრისთვის, როცა სწავლა უნდა დაიწყოს, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით. ჩვენ ველოდებით, რომ ამ შეზღუდვებმა, რომელიც ახლა შემოვიტანეთ, აცრების ინტენსიფიკაციამ სერიოზულად უნდა შეამციროს ახალი შემთხვევების მაჩვენებელი ქვეყანაში. თუ დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვიდა ოთხ პროცენტს დაბლა, დღეს გვაქვს დაახლოებით 10 პროცენტის ფარგლებში, მაშინ დადგება საკითხი სწავლის განახლების შესახებ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წაიკითხეთ სრულად