Baby Bag

„პასუხისმგებლობები კი არ უნდა დავაკისროთ ბავშვს, იმედი დავაკისროთ,“- შალვა ამონაშვილი ბავშვის შემოქმედებითი უნარების განვითარების გზებზე

„პასუხისმგებლობები კი არ უნდა დავაკისროთ ბავშვს, იმედი დავაკისროთ,“- შალვა ამონაშვილი ბავშვის შემოქმედებითი უნარების განვითარების გზებზე

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის შემოქმედებითი უნარების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„პასუხისმგებლობები კი არ უნდა დავაკისროთ ბავშვს, იმედი დავაკისროთ. პასუხისმგებლობა რაღაცის შესრულებაა სხვისთვის. პასუხისმგებლობაში შემოქმედება ძალიან ცოტაა ჩადებული. როდესაც მე იმედი მაქვს, რომ შენ შეძლებ, შენ შეგიძლია, რაღაც რომ გამოჩნდება და მე იმით აღტაცებული ვარ, გაოცებული ვარ, ამით თითქოს წყალს ვუსხამ ბავშვის შემოქმედებას. ჩემმა პედაგოგმა რომ მითხრა: „როგორი პოეტური თვალები გაქვს,“ მე ლამის პოეტი გავხდი მართლა.

ბავშვებს უნდა უთხრა: „ბავშვებო, ადექით, თუ შეიძლება.“ პატივისცემა უნდა იყოს დიდი. უთხარით ბავშვებს: „ერთი წუთით დახუჭეთ თვალები. რაღაც საიდუმლო მინდა გითხრათ.“ მე ვეჩურჩულები: „თითოეული თქვენგანი ამ გაკვეთილზე გამორჩეული მათემატიკოსია. მე კი თქვენი მოწაფე ვარ. კითხვებს იმიტომ გაძლევთ, რომ არ ვიცი და მინდა ვიცოდე, დამეხმარეთ, გამზარდეთ. გაიმეორეთ ახლა თქვენს თავში:„მე გამოჩენილი მათემატიკოსი ვარ. მე მიყვარს მათემატიკა. მათემატიკასაც ვუყვარვარ მე.“ მერე ვეტყვი: გაახილეთ თვალები, დასხედით." ასე ბავშვებში მოვხსენი თუ რაიმე ნეგატიური განწყობა ჰქონდათ ჩემი გაკვეთილის მიმართ.

ერთხელ რომ ასე მიუდექი ბავშვს, მეორედ რომ უჩურჩულე, მესამედ რომ აღტაცებული იყავი, დედას რომ დაურეკე და უთხარი: თქვენი შვილი მაოცებსო, ეს ხომ პატარა საქმეებია?! ეს ბავშვი უთუოდ გახდება შემოქმედიც და დიდი ყურადღების მქონეც,“- მოცემულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ამ ნიუანსების ცოდნა ურთიერთობის სწორად წარმართვაში დაგეხმარებათ,” - ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

„ამ ნიუანსების ცოდნა ურთიერთობის სწორად წარმართვაში დაგეხმარებათ,” - ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ მამაკაცებსა და ქალებს შორის არსებულ ფსიქოლოგიურ განსხვავებებზე ისაუბრა, რომლებიც წყვილებში ხშირად გაუგებრობის ან კონფლიქტის მიზეზი ხდება:

„ფსიქოლოგიური განსხვავება ამ ორ სქესს შორის არის და ეს განსხვავება მუდმივად იქნება. ეს ფსიქოლოგიური სხვაობა დამყარებულია ბიოლოგიურ სხვაობებზე. ურთიერთობა რომ კარგი გამოვიდეს ამ ორ სქესს შორის, უკეთესი იქნება, თუ მე მეორე სქესი მეცოდინება. მეორე სქესის ცოდნა არ ნიშნავს ფიზიკურად ვისთან რამდენი ურთიერთობა გქონდათ. ფიზიკური ურთიერთობის გამოცდილება არ არის საკმარისი, რომ გაიგო, რასთან გაქვს საქმე. გავიხსენოთ კაცების მხრიდან გამოთქმები, მაგ. „ქალს ლოგიკა არ აქვს.“ რეალურად ლოგიკა აქვს ქალს. ​ლაპარაკობენ, რომ კაცები უფრო ჭკვიანები არიან. აქვთ კაცებს ეს პრეტენზია. ეს პრეტენზია რომ აქვთ, მთელი სისუსტე მაგაშია.“

ზურა მხეიძის თქმით, მამაკაცები და ქალები სხვადასხვა მოვლენაზე განსხვავებულად რეაგირებენ:

​ამ სპეციფიკიდან გამომდინარე სხვადასხვა ქცევებია, სხვადასხვა რეაქციებია სხვადასხვა რაღაცებზე. ის, რომ ქალი ბუნებით კონსერვატორია, გამომდინარეობს ფიზიოლოგიიდან. ქალმა ბავშვი უნდა გააჩინოს, ამ ბავშვს სჭირდება ყურადღება და მოვლა, ამიტომ ქალს ინსტინქტში აქვს რაღაცების სტაბილურობის განცდა და შენარჩუნება. კაცისთვის ეს ამოცანა არ დგას. კაცი კონსერვატორი არ არის. რატომ არის არსობრივად ამ ფუნქციების გარკვევა კარგი? მერე უკვე ურთიერთობებს ადვილად ალაგებ.“

ზურა მხეიძემ აღნიშნა, რომ ქალს მრავალი საფრთხის ერთდროული ანალიზის უნარი აქვს, რაც მამაკაცს არ შეუძლია:

„იქიდან გამომდინარე, რომ ქალს ბავშვთან ურთიერთობები უწევს და ბავშვისთვის უსაფრთხო გარემო უნდა შექმნას, მას შეუძლია მრავალი საფრთხის ერთდროული ანალიზი. მაგალითად, ბავშვს ბათუმში უშვებთ პირველად. მამამ მაქსიმუმ ორი საფრთხე წარმოიდგინოს: „შორს არ გაცურო და ბევრი არ დალიო.“ დედის კომპონენტია, რომ ტრანსპორტს ბორბალი არ მოსძვრეს, არ გადაიჩეხოს, გველმა არ უკბინოს. ეს ბუნებაში აქვს, ყველაფერს ანგარიშობს. ქალის ჩანთები წარმოადგენს ძალიან საინტერესო რაღაცას. ქალს შეიძლება ჭურჭლის სარეცხი მანქანა აღმოაჩნდეს ჩანთაში. ქალს შეუძლია სწრაფად ყურადღების გადანაცვლება. ჩვენ გვგონია, რომ პარალელურ რეჟიმში აკეთებს, მაგრამ ფსიქოლოგიაში გამორიცხულია ეს. ქალს შეუძლია ტელევიზორს უყურებდეს, აუთოვებდეს, პარალელურად ტელეფონზე საუბრობდეს, ბავშვს ადევნებდეს თვალყურს და ქმარი რომ გადის, რაღაც უთხრას. ​ეს კაცისთვის არის წარმოუდგენელი პროცესი. ქალები ხშირად ამბობენ: „ჩემს ქმარს რომ ველაპარაკები, არ მისმენს." არ გისმენთ იმიტომ, რომ კაცი გისმენთ მაშინ, როდესაც თქვენკენ არის მოტრიალებული. მას პარალელური მოსმენები არ შეუძლია. ქალს ეს შეუძლია. მისთვის ეს ჩვეულებრივია.“

ქალი ნებისმიერ საუბარში ცდილობს კონტექსტი დაინახოს. ცდილობს მიხვდეს რას გულისხმობდა მისი დაქალი ან კაცი. ამის გამო ქალები ერთ პრობლემას აწყდებიან, ცდილობენ გაიგონ, რატომ თქვა ეს კაცმა. მაგალითად, კაცმა თქვა: „მშია.“ ეს ფიქრობს, რატომ თქვა, რას ნიშნავდა. შეიძლება მთელი დღე ამაზე იფიქროს. არაფერს არ ნიშნავდა, რაც მოადგა პირზე, კაცმა ის თქვა. ეს თვისებაც გენეტიკური კომპონენტია. ქალს რომ ბავშვი უჩნდება, ბავშვი ვერ ლაპარაკობს. ის მომართულია გამოიცნოს, ბავშვს რა აწუხებს. ამიტომ ქალი საუბრის დროს ავტომატურ რეჟიმში ყოველთვის აანალიზებს იმის იქით რა იგულისხმება. პრობლემა ის არის, რომ ​კაცთან თუ ურთიერთობ, არაფერი არ უგულისხმია, რაც თქვა ეგ იყო. შენ ფიქრობ მთელი ღამე ეს რატომ ქნა. ასეთი ნიუანსების ცოდნა ურთიერთობის სწორად წარმართვაში დაგეხმარებათ,“ - აღნიშნა ზურა მხეიძემ.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

წაიკითხეთ სრულად