Baby Bag

გაიცანით 12 წლის თაკო კონცელიძე, რომელმაც ლეიკემია დაამარცხა და ახლა საკუთარი ნამუშევრების გაყიდვით სხვა ბავშვებს ეხმარება

გაიცანით 12 წლის თაკო კონცელიძე, რომელმაც ლეიკემია დაამარცხა და ახლა საკუთარი ნამუშევრების გაყიდვით სხვა ბავშვებს ეხმარება

12 წლის თაკო კონცელიძემ ლეიკემია დაამარცხა და ახლა სხვა ბავშვების დახმარებას ცდილობს, რომლებიც დაავადების დასამარცხებლად იბრძვიან. თაკო ხატავს და ლამაზ აქსესუარებს ამზადებს, რომლებსაც ყიდის, შემოსული თანხით კი ბავშვებს ეხმარება:

„მე ვარ თაკო კონცელიძე, 12 წლის, ვარ ბათუმიდან, ამჟამად ვცხოვრობ რუსთავში. მე ძალიან მიყვარს ხატვა. ჩემთვის ძალიან რთული იყო, როდესაც გავიგე ლეიკემიის შესახებ. ბევრი არაფერი არ ვიცოდი ამ დაავადებასთან დაკავშირებით. არ მჯეროდა, რომ ეს მე დამემართა. განერვიულებული ვიყავი, უმიზეზოდ ვეჩხუბებოდი ყველას. ვხვდებოდი, რომ ეს კარგი საქციელი არ იყო, მაგრამ ჩემდა უნებურად ხდებოდა ეს.

5 წლის ვიყავი, როდესაც წავიქეცი სოფელში, გამიჩნდა სილურჯეები. მივედით ბათუმში, იქ დამიდგინეს ლეიკემია და გადმოგვამისამართეს თბილისის იაშვილის კლინიკაში. ყოველთვის მაძლიერებდა ის ფაქტი, რომ ოჯახის წევრები, ახლობლები ჩემს გვერდით იყვნენ, ყოველთვის მამხნევებდნენ. ჩემს თავსაც ამიტომ შემოვუძახე, რომ კარგად უნდა გავმხდარიყავი. მკურნალობის დროს მხარში მედგა დედა, მამშვიდებდა, მაწყნარებდა, გულში მიკრავდა, სულ ცდილობდა გავემხიარულებინე, მაგრამ მაინც ცოტა ვნერვიულობდი ხოლმე. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გჯეროდეს შენი თავის, რომ შეუძლებელი არაფერია. როდესაც ოჯახის წევრები გიდგანან გვერდში, შეუძლებელია, რომ მათ გამო მაინც არ გახდე კარგად.

დაავადებასთან ბრძოლის პერიოდში შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში ხელოვნება. იაშვილში ხელოვნების მასწავლებლები გვასწავლიდნენ ხატვას. ძირითადად მიყვარს პორტრეტების ხატვა, მაგრამ პორტრეტებს უფრო ჩანახატებისთვის ვხატავ. რასაც ხშირად ვხატავ არის პეიზაჟები, ბუნება. იაშვილში სტუმრები რომ მოდიოდნენ, წვრილმან საჩუქრებს რომ გვირიგებდნენ, თითოეული საჩუქარი უდიდეს ბედნიერებას მანიჭებდა. მინდა, რომ ბავშვები ისეთი ბედნიერები იყვნენ, როგორიც მე ვიყავი მაშინ. მივხვდი, რომ ჩემი ნახატებითა და დამზადებული აქსესუარების გაყიდვით შემეძლო მათი დახმარება და გაბედნიერება. როდესაც პირველად გავყიდე ნახატი, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ვხვდებოდი, რამხელა ბედნიერებას მივანიჭებდი პატარებს, რომლებიც იაშვილში მკურნალობენ. შემოსულ თანხას ვრიცხავ დიტო ცინცაძის სახელობის ფონდში, რომელიც ეხმარება ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს. მე ასევე დავეხმარე ჩემს მოსახელე გოგონას, რომელიც ამჯერად თურქეთში მკურნალობს. ვფიქრობ, ჩემ მიერ გადარიცხული ფული დიდი არაფერია, მაგრამ იმედია ეს მათ რაღაცაში დაეხმარება და მათ მალე გამოჯანმრთელებაში ხელს შეუწყობს.

როდესაც ექიმებმა მითხრეს, რომ ჯანმრთელი ხარო და გამწერეს, ეს დღე იყო ჩემი დაბადების დღე. უბედნიერესები ვიყავით. უდიდესი ტორტი მივართვით ექიმებს. ჩემი თავის ვირწმუნე, რომ შეუძლებელი არაფერია,“ - თავისი ისტორიის შესახებ თაკო კონცელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

შეიძლება დაინტერესდეთ

„უფალს მხოლოდ დათის გამოჯანმრთელება სთხოვა, რომელიც კლინიკაშიც მოინახულა და გვჯერა ამ თხოვნას შეუსრულებს მეგობარი უფალი,“- 8 წლის გიორგის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

„უფალს მხოლოდ დათის გამოჯანმრთელება სთხოვა, რომელიც კლინიკაშიც მოინახულა და გვჯერა ამ თხოვნას შეუსრულებს მეგობარი უფალი,“- 8 წლის გიორგის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

8 წლიოს გიორგის, რომელსაც შუასაყრის სიმსივნე აქვს ისრაელში ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. გიორგის დედამ, ნათია ზარიძემ სოციალურ ქსელში შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა. მისი თქმით, ოპერაციამდე გიორგი მხოლოდ ავარიის დროს დაშავებული 8 წლის დათის გამოჯანმრთელებისთვის ლოცულობდა:

„დღის რეპორტი ჩვენთვის უძვირფასესი ადამიანებისთვის.

როგორც იცით, გუშინ ისრაელში ქირურგების უმაგრესმა გუნდმა წარმატებით დაასრულა ურთულესი ოპერაცია, რომელშიც თქვენ უდიდესი წვლილი მიგიძღვით, რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდით უდიდეს მადლობას.

სრულად ამოაჭრეს ორგანო-თიმუსი,

ფილტვის გარკვეული უბანი

ძვალზე ჩაზრდილი სათუთად „აფხიკეს,” სავარაუდოდ ნერვები არ დაზიანდა.

და ყველა ის წარმონაქმნი, რომელიც გიოს სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა!

მოუთმენლად ველოდებით მორფოლოგიის პასუხს - რომ ზუსტად გავიგოთ სიმსივნის თვისება, კარგის მოლოდინი გვაქვს და ცუდს არც ვუშვებთ.

ახლა რაც შეეხება გიოს მდგომარეობას... აქვს ტკივილები და სიცხე 37.8 - რაზეც ექიმები ამბობენ რომ ნორმალურია პოსტოპერაციულ პერიოდში...უკეთებენ გამაყუჩებლებს...ძალიან წუხს და არ ჭამს არაფერს .

დღეს ამოუღეს მილი, რაც დამატებით დისკომფორტს უქმნიდა და მალე უკეთესად იგრძნობს თავს.

ვინც იცნობთ გიოს, გეცოდინებათ როგორი მზრუნველია, როგორ უყვარს სიცოცხლე, როგორ უყვარს ადამიანები, როგორ უყვარს თავისი მეგობარი უფალი და შეუძლებელი იყო ოპერაციის დროს მის „მეგობარს" დაეშვა რამე გართულებულიყო...ყველა ის რისკი, რაზეც ხელი მომაწერინეს და რაც ძალიან გვაშინებდა, არ დაუშვა უფალმა...ნამდვილად დაიმსახურა ეს ჩვენმა სიკეთე ბიჭმა.

„უფალს არ ვთხოვ ჩემს თავზე არაფერსო, ის ხომ ჩემი მეგობარია და არ დაუშვებს რამე დამიშავოსო", არ ვიცი რა ვთქვა, წარმოუდგენლად კეთილი გულის.მხოლოდ დათის გამოჯანმრთელება სთხოვა, რომელიც კლინიკაშიც მოინახულა და გვჯერა ამ თხოვნას შეუსრულებს „მეგობარი უფალი.“

თქვენთან კი მხოლოდ ორი თხოვნა გვაქვს, ილოცეთ გიოსთვის რომ ლაბორატორიიდან კარგი პასუხები მოგვივიდეს და მეორე, დაგვეხმარეთ პოსტის გავრცელებაში.

წინ რეაბილიტაციის დიდი გზა აქვს გასავლელი, კლინიკაში გატარებული ყველა საათი კოლოსალური თანხები ჯდება და გვჯერა, არც ახლა მიატოვებთ გიოს. სრულიად უცხო ადამიანები გახდით ჩვენთვის სიკეთის გმირები. არ ვკარგავთ თქვენს იმედს, გვჯერა თქვენი სიყვარულის, გვჯერა იმ დადებითი ენერგიების, რასაც გიოსთვის გვიგზავნით და გვჯერა ლოცვის, რომელსაც არ იშურებთ.

1 თვის წინ, გიოს ერთერთმა გულშემატკივარმა დაგვიწერა, ყველამ ჩვენი აგური რომ დავდოთ აუცილებლად ავაშენებთ გიორგისთვის ხიდს ისრაელამდე და კვლავ საქართველოსკენო, ისრაელამდე ნამდვილად ავაშენეთ გზა

მადლიერებით სავსე მაქვს გული

მადლობა, მადლობა, მადლობა

#გვიყვარხართ

#გვეიმედებით

თიბისი: #GE98TB7222945068100007

საქ.ბანკი: #GE28BG0000000161845873

მიმღები: ნათია ზარიძე (დედა)

- ბილაინი/მაგთი

საზღვარგარეთიდან დონაცია: https://www.paypal.com/paypalme/natiazaridze

წაიკითხეთ სრულად