Baby Bag

„მე მოსწავლეების ტოლი ვარ ყოველთვის... მასწავლებელი დიქტატორი არასდროს არ უნდა იყოს,“- 86 წლის ინგლისური ენის პედაგოგი ვენერა ტურიანი

„მე მოსწავლეების ტოლი ვარ ყოველთვის... მასწავლებელი დიქტატორი არასდროს არ უნდა იყოს,“- 86 წლის ინგლისური ენის პედაგოგი ვენერა ტურიანი

86 წლის ვენერა ტურიანი ინგლისური ენის მასწავლებელია, რომელსაც 62-წლიანი პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება აქვს. ქალბატონი ვენერა იმედოვნებს, რომ თავის პროფესიას კიდევ დიდხანს მოემსახურება და ახალ თაობებს საკუთარ ცოდნას გაუზიარებს:

„საათ-ნახევრით ადრე გამოვდივარ სახლიდან. არ შემიძლია დაგვიანება! მე გახლავართ ვენერა ტურიანი, ინგლისური ენის მასწავლებელი, საკმაოდ ხანდაზმული, 86 წლის. მუშაობის სტაჟი მაქვს 62 წელი და ძალიან მინდა, კიდევ ვიმუშაო. პირველი გაკვეთილი ჩავატარე გორის რაიონში. უფლება არ მქონდა, რომ უარი მეთქვა განაწილებაზე, თორემ იქ იყო გერმანული სკოლა. გერმანული მეორე ენა იყო, კარგად ვსწავლობდი, მაგრამ მიხდებოდა ძალიან ბევრი მუშაობა.

მე მოსწავლეების ტოლი ვარ ყოველთვის. ახლა 86 წლისას შემიძლია მათთან ერთად ვიხუმრო იმ საკითხზე, რაზეც ისინი ხუმრობენ. საერთო ენა უნდა გამონახო მათთან. მასწავლებელი დიქტატორი არასდროს არ უნდა იყოს. მასწავლებელი უნდა იყოს ამხანაგი, მეგობარი. ბევრი ისეთ საიდუმლოებას, რომელსაც დედას და მამას არ ეტყვის, მე მეტყვის ხოლმე.იცის, რომ არ გავთქვამ. პირველ რიგში, ბავშვი დიდად უნდა ჩავთვალოთ. სახლში რომ წავალ, დავჯდები მარტო და ვიფიქრებ, რატომ არ გამომივიდა რომელიმე გაკვეთილი, რა დავაშავე? დამნაშავე მე ვარ, არასდროს ბავშვი არ არის დამნაშავე. ვერ ავუღე ალღო ბავშვს და იმიტომ არ გამოვიდა. მიყვარს, როდესაც კარგად მპასუხობენ.

მე მეშინია სახლში დაჯდომის. მიხარია, როდესაც მეუბნებიან: თქვენ არ გემჩნევათ, რომ 86 წლის ხართ. სკოლიდან რომ გავალ, იქ აღარ ვიღიმები, აღარც ვიცინი, აღარც არაფერს ვუყურებ. სკოლის იქით სხვაა. ყოფილ მოსწავლეებს რომ ვხვდები, ასე მგონია, რომ არ დავბერებულვარ,“- ქალბატონმა ვენერა ტურიანმა საკუთარი ისტორიის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „ახალი დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შეიქმნა

ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შეიქმნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შექმნა.

პლატფორმა შექმნილია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის, თუმცა მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს. რესურსი მოიცავს ძირითადი გრამატიკული საკითხების თეორიულ მასალას, სხვადასხვა ტიპის ინტერაქციულ სავარჯიშოებს, განმარტებით ვიდეოებსა და ჩეთბოტს.

მასწავლებლის სტატუსის მქონე მომხმარებელს სისტემა საშუალებას აძლევს, ელექტრონული ფოსტით მოიწვიოს მოსწავლეები და გააერთიანოს კლასებად.

საგანმანათლებლო რესურსი შეესაბამება ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის საბაზო საფეხურის ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ გრამატიკულ საკითხებს.

რესურსი იხილეთ ბმულზე - ქართული ენის გრამატიკა

წაიკითხეთ სრულად