Baby Bag

„ბავშვობიდან არასდროს არ დამილევია სხვისი ჭიქით, ოჯახში ასე გვაქვს მიღებული,“- მადონა კოიძე

გადაცემა „სახალხო კონტროლის“ წამყვანმა მადონა კოიძემ ბავშვობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მას ბავშვობიდან არასდროს დაულევია სხვისი ჭიქიდან:

„ქუთაისში ბებიას და ბაბუას სახლთან ახლოს იყო ბაღი. იქიდან წამიყვანეს წაღვერში. თვალწინ მაქვს ვარდისფერი, კოპლებიანი ჩითის პერანგი და უზარმაზარი რიგი გოგონების. იქ იყო ერთი სივრცე, სადაც საღამოს გვბანდნენ. ეს ახლაც კი კოშმარად მახსენდება. ეს ჩემთვის იყო მიუღებელი და სტრესული. ბავშვობიდან არასდროს არ დამილევია სხვისი ჭიქით. საერთოდ ოჯახში ასე გვაქვს მიღებული. „მაკბეჩინე, მომიტეხე“- ჩემთვის ეს არ არსებობს. ბავშვობიდან არასდროს არ მქონია ეს. ჩემი შვილიშვილებიც ასეთები არიან.

ყველას ბებიებს და დედებს ვუყვარდი ძალიან. ყველასთვის ვიყავი მაგალითი. ამ დროს ვიყავი ჩუმჩუმელა. შემეძლო დაგეგმვა, ყველაფრის მოფიქრება. მერე ამას უკვე სხვები ახორციელებდნენ. მეც ვერთვებოდი ამაში. დაგეგმვით ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებდი. ბავშვობიდან ვიყავი ყურადღების მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ. ვმღეროდი, მეზობლებს შევკრებდი და ვაკეთებდი კონცერტს, ბავშვებს ვიყოლიებდი და იყო ძალიან სახალისო. მიყვარდა ორგანიზებული თამაშები. ვგიჟდებოდი ქალაქობანაზე და ინტელექტუალურ თამაშებზე,“- მოცემულ საკითხზე მადონა კოიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა ფორმულაზე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ერთ დღეში შევძელი 25 000 ლარის შეგროვება... უკვე მეოთხე დღეა ვცდილობთ, რომ ბავშვები გავახაროთ,“- ქართველი მოგზაური სოსო ნებიერიძე დევნილ უკრაინელ ბავშვებს საჩუქრებით ახარებს

„ერთ დღეში შევძელი 25 000 ლარის შეგროვება... უკვე მეოთხე დღეა ვცდილობთ, რომ ბავშვები გავახაროთ,“- ქართველი მოგზაური სოსო ნებიერიძე დევნილ უკრაინელ ბავშვებს საჩუქრებით ახარებს

ქართველმა მოგზაურმა სოსო ნებიერიძემ, რომელიც პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე დევნილ ბავშვებს სათამაშოებითსა და შოკოლადებით ახარებს, საზღვარზე არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა:

„მე და ჩემი მეგობარი ჩამოვედით პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე, რათა დავეხმაროთ უკრაინიდან გადმოსულ დევნილებს, რომლებიც არიან ათასობით. ყოველდღიურად უამრავი ბავშვი და მშობელი კვეთს საზღვარს. მათ სჭირდებათ რაღაც პატარა დახმარება და ჩვენ ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოს სახელით. ეს იდეა გამიჩნდა რამოდენიმე დღის წინ. როგორც კი გამიჩნდა, იმწამსვე ვიმოქმედე. ჩავწერე პატარა ვიდეო, სადაც ჩემს გამომწერებს ვთხოვე ფინანსურად დამხმარებოდნენ. ერთ დღეში შევძელი 25 000 ლარის შეგროვება. მე და ჩემი მეგობარი ჩამოვედით. უკვე მეოთხე დღეა ვსაქმიანობთ და ვცდილობთ, რომ ბავშვები გავახაროთ.“

„ნაქირავები გვაქვს დიდი ტევადი მანქანა. ჩვენით მოვიძიეთ მაღაზიები, სადაც შედარებით დაბალი ფასები და დიდი არჩევანია. დავდივართ, ვყიდულობთ, მოგვაქვს, ვტვირთავთ. ამ ყველაფერს ჩვენით ვაკეთებთ. ძალიან დიდი რიგები დგას ამ ტერიტორიაზე. ეს ადამიანები ელოდებიან ავტობუსებს. დიდხანს უწევთ რიგში დგომა. საკმაოდ ცივა. ამ ბავშვებს ვცდილობთ ვაჩუქოთ სათამაშოები, შოკოლადები, გავაღიმოთ, გავახაროთ და გავუხალისოთ ის მძიმე სიტუაცია, რომელიც მათ აქვთ. როდესაც ხედავ პატარა ბავშვებს ასეთ სიცივეში, ასეთ რთულ ვითარებაში და როცა ხედავ შენი ნაჩუქარი პატარა სათამაშოთი, შოკოლადით როგორი ბედნიერია ბავშვი, ეს ჩვენზე ძალიან მოქმედებს, დიდ ენერგიას და მოტივაციას გვაძლევს. ყოველდღიურად ვცდილობთ, რომ უფრო მეტი და მეტი სათამაშო მოვიტანოთ,“- აღნიშნულ საკითხზე სოსო ნებიერიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად