Baby Bag

„მე ვიცი ბავშვები, რომლებსაც კოკა-კოლა რომ დაუდგა, არ სვამენ, მშობლებისგან ისე აქვთ ეს ახსნილი,“- დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზმა შალვა კეკელიამ ადამიანის თავისუფალი ნების სწორი მიმართულებით წარმართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ადამიანებმა თავისუფლება დაარქვეს იმას, რაც მათ უნდათ. სურვილს აყოლა ჰგონიათ ადამიანებს თავისუფლება. ეს სურვილის თავისუფლება პირიქით, შეიძლება დამღუპველიც იყოს ადამიანისთვის და გამანადგურებელიც იყოს მისთვის. პავლე მოციქულს აქვს საოცრად აღწერილი ეს თავისუფლებასთან დაკავშირებით. კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს ასეთ რამეს, რომ მე ყველაფრის კეთება შემიძლია, მაგრამ ის, რისი კეთებაც შემიძლია, ყველაფერი სასარგებლო არ არის. მე გავარკვევ რა არის სწორი და მხოლოდ იმას გავაკეთებ, რაც სასარგებლოა.

ხშირად სასარგებლო, რაც სწორია და კარგია, შესაძლოა, შენს სულ არ უნდოდეს, როგორც ბავშვებშია, რომ ცუდი, ჯანმრთელობისთვის დამაზიანებელი საკვები უფრო უნდათ, ვიდრე სასარგებლო. დედა რომ უმზადებს კარგ საჭმელს, ბავშვს ამის ჭამა არ უნდა. თუ ის ამას კარგად გაიაზრებს და მშობელიც კარგად აუხსნის, მერე სხვანაირად ფიქრობს. მე ვიცი ბავშვები, რომლებსაც კოკა-კოლა რომ დაუდგა, არ სვამენ, მშობლებისგან ისე აქვთ ეს ახსნილი. ერთმა ბავშვმა მითხრა: „მამაო, ეს ხომ ძალიან ცუდია, რატომ დამისხი? მე მირჩევნია, ნატურალური წვენი დავლიო.“

ბავშვმა ისწავლა უარის თქმა. მშობელმა ისე სწორად, კარგად ასწავლა, თავში კი არ ჩაარტყა იმის გამო, რომ რატომ სვამს კოკა-კოლას, არა! აუხსნა, დააჯერა, კარგად გააგებინა ეს ყველაფერი,“- მოცემულ საკითხზე მამა შალვა კეკელიამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად“ ისაუბრა.

წყარო:​ „ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

ეს სამი დაავადება ბავშვებში ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის გამო ხდება - ქირურგი შალვა გაბადაძე

ქირურგმა შალვა გაბადაძემ ბავშვებზე ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის ნეგატიური ზეგავლენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ცხოვრების უძრავი სტილი ბავშვებში გარკვეული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს:

„ჰიპოდინამიოზს უზარმაზარი უარყოფითი გავლენა აქვს ბავშვთა ასაკში ბავშვებზე. ეს უპირველესად გამოიხატება ხერხემლის ოსტეოქონდროზით. შეიძლება ეს გამოიხატოს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციების დარღვევით, როგორიც არის შარდვის გახშირება ან შარდვის შეკავება.

მესამე შეიძლება იყოს სქოლიოზი, რომელიც ვითარდება ნელა, შემპარავად და იწვევს ტანდეგობის დარღვევას, რაც მშობლებში თავდაპირველად გამოიწვევს გაკვირვებას, შემდგომ კი შიშს.

ეს სამი დაავადება ბავშვებში სწორედ ცხოვრების ჰიპოდინამიური სტილის გამო ხდება,“- მოცემულ საკითხზე შალვა გაბადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად