Baby Bag

„ღალატი ყველაზე მძიმე დანაშაულია ქვეყანაზე... დანაშაულია, როდესაც ადამიანი გენდობა და უმტყუნებ მას...“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ღალატის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ქვეყანაზე ყველაზე დიდი დანაშაულია:

„გობი არის დიდი ჯამი. შიგნით კარგი დიასახლისი საკვებს მოამზადებდა. მას გარშემო შემოუსხდებოდნენ შინაურები, ზოგჯერ მოწვეულებიც. ერთად ჭამდნენ საჭმელს. ერთი გობიდან ჭამდნენ. ვინც ერთი გობიდან, ერთად ჭამა რამე, მერე ისინი ითვლებოდნენ ახლო ადამიანებად. ეს იმას ნიშნავდა, რომ მე და შენ ერთად თუ ვისხედით და ერთად ვჭამეთ პური, ამის შემდეგ უნდა ვყოფილიყავით ერთგული ერთმანეთისა. ერთმანეთს არ უნდა ვუღალატოთ. აქედან წარმოიშვა სიტყვა „მეგობარი.“ რაკი პური გავტეხეთ და ერთმანეთს ჭიქა მივუჭახუნეთ, ჩვენ არ შეგვიძლია ამის შემდეგ ერთმანეთს ვუღალატოთ, ცუდი გავიფიქროთ ერთმანეთზე, პირიქით, თუ შეგვიძლია, დავეხმაროთ, შევეშველოთ, ვუთანაგრძნოთ, ხელი გავუწოდოთ და არასდროს არ ვუღალატოთ.

ღალატი ყველაზე მძიმე დანაშაულია ქვეყანაზე. მე რომ ვიღაცას ვუღალატო, ის გულში ჩაირჩენს წყენას. დაიხსომეთ, რომ ღალატი ყველაზე ცუდი დანაშაულია. როდესაც ადამიანს უმტყუნებ, ის ადამიანი შენ გენდობა და შენ უმტყუნებ მას, ეს არის დიდი დანაშაული. კაცი შენ გენდო და ნდობა არ შეუსრულე, უთხარი მაინც, რომ ჩემზე არ ააგო იმედები, ჩემი იმედი ნუ გექნება, არ მენდო. ღალატი ყველაზე დიდი ცოდვაა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„არის თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევები, როდესაც ბავშვს მართლა სჭირდება ვიტამინების ჩართვა,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

„არის თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევები, როდესაც ბავშვს მართლა სჭირდება ვიტამინების ჩართვა,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ის შემთხვევები დაასახელა, როდესაც ბავშვს ვიტამინების მიღება ესაჭიროება:

„ყველა ბავშვს არ სჭირდება ვიტამინები. არის თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევები, როდესაც ბავშვს მართლა სჭირდება ვიტამინების ჩართვა. უნდა იყოს ხანგრძლივი შიმშილობა, 50-დღიანი, 30-დღიანი. იქ შეიძლება განვითარდეს დეფიციტი. თუ არის შეწოვის პროცესების მოშლა, ასეთი პათოლოგიების შემთხვევაში ვიყენებთ ცხიმში ხსნად ვიტამინებს. ასეთ შემთხვევაში მთელი ცხოვრების განმავლობაში ბავშვმა უნდა მიიღოს ეს ვიტამინი.“

„ჯანმრთელმა ბავშვმა პოსტ ვირუსულ, პოსტ კოვიდურ პერიოდში საერთოდ არ უნდა მიიღოს ვიტამინი. გასაგებია, ​D ვიტამინი არის ყბადაღებული თემა. მსოფლიოში ასე არ არის. არსად ამდენი ვიტამინი ხელაღებით არ ინიშნება. თუ ბავშვი დღეში 15 წუთით გადის გარეთ, ღია აქვს ხელი და სახე, მას არ უვითარდება ვიტამინის დეფიციტი. ექიმმა კლინიკურად უნდა დანიშნოს არა სამკურნალო დოზა, რომელიც ხშირად უფრო საზიანოა და კენჭის გაჩენას, ღვიძლის დაავადებას იწვევს, არამედ საპროფილაქტიკო დოზა. ბავშვი არ საჭიროებს ხელაღებით ამდენი კვლევის ჩატარებასაც,“ - აღნიშნულ საკითხზე თემურ მიქელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად