Baby Bag

„ღალატი ყველაზე მძიმე დანაშაულია ქვეყანაზე... დანაშაულია, როდესაც ადამიანი გენდობა და უმტყუნებ მას...“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ღალატის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ქვეყანაზე ყველაზე დიდი დანაშაულია:

„გობი არის დიდი ჯამი. შიგნით კარგი დიასახლისი საკვებს მოამზადებდა. მას გარშემო შემოუსხდებოდნენ შინაურები, ზოგჯერ მოწვეულებიც. ერთად ჭამდნენ საჭმელს. ერთი გობიდან ჭამდნენ. ვინც ერთი გობიდან, ერთად ჭამა რამე, მერე ისინი ითვლებოდნენ ახლო ადამიანებად. ეს იმას ნიშნავდა, რომ მე და შენ ერთად თუ ვისხედით და ერთად ვჭამეთ პური, ამის შემდეგ უნდა ვყოფილიყავით ერთგული ერთმანეთისა. ერთმანეთს არ უნდა ვუღალატოთ. აქედან წარმოიშვა სიტყვა „მეგობარი.“ რაკი პური გავტეხეთ და ერთმანეთს ჭიქა მივუჭახუნეთ, ჩვენ არ შეგვიძლია ამის შემდეგ ერთმანეთს ვუღალატოთ, ცუდი გავიფიქროთ ერთმანეთზე, პირიქით, თუ შეგვიძლია, დავეხმაროთ, შევეშველოთ, ვუთანაგრძნოთ, ხელი გავუწოდოთ და არასდროს არ ვუღალატოთ.

ღალატი ყველაზე მძიმე დანაშაულია ქვეყანაზე. მე რომ ვიღაცას ვუღალატო, ის გულში ჩაირჩენს წყენას. დაიხსომეთ, რომ ღალატი ყველაზე ცუდი დანაშაულია. როდესაც ადამიანს უმტყუნებ, ის ადამიანი შენ გენდობა და შენ უმტყუნებ მას, ეს არის დიდი დანაშაული. კაცი შენ გენდო და ნდობა არ შეუსრულე, უთხარი მაინც, რომ ჩემზე არ ააგო იმედები, ჩემი იმედი ნუ გექნება, არ მენდო. ღალატი ყველაზე დიდი ცოდვაა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვები, რომლებიც სისტემატურად ეკრანთან არიან, ნაკლებად ითხოვენ სხვა ჩამნაცვლებელ აქტივობას, გარეთ გასვლას და სხვა ბავშვებთან თამაშს“

„ბავშვები, რომლებიც სისტემატურად ეკრანთან არიან, ნაკლებად ითხოვენ სხვა ჩამნაცვლებელ აქტივობას, გარეთ გასვლას და სხვა ბავშვებთან თამაშს“

რა გავლენას ახდენს ონლაინ სწავლება, საათობით ეკრანთან ყოფნა და ჩაკეტილობა ბავშვებზე, როგორ შევუმსუბუქოთ მათ შექმნილი პრობლემები? - ამ საკითხზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი ნინო ბუაძე.

- რა გავლენას ახდენს საათობით ეკრანთან ყოფნა ბავშვებზე და ცვლის თუ არა ბავშვის განვითარებას ონლაინ კომუნიკაცია?

ეკრანი თანამედროვე სამყაროს თანმდევია და მისი დადებითი ეფექტი, ცხადია, გასაგებია. მაგრამ ამასთან, ზეგავლენა და მით უფრო ხანგრძლივობა, გასათვალისწინებელი ფაქტორია, როდესაც ბავშვებზე ვსაუბრობთ. მცირეწლოვანი მოწყვლადია ყოველი სიახლის, განსხვავებული შინაარსების მიმართ და ცხადია, ზეგავლენაც დიდია, რადგან ვხვდებით ქცევის მოდელირებას, ბავშვის მიერ აღქმული ინფორმაცია არ ექვემდებარება კრიტიკას. ინფორმაცია, რომელიც ონლაინ შემოდის, შესაძლოა, გაფილტროს ზრდასრულმა, მაგრამ თუ ბავშვის ცხოვრებაში ეკრანთან გატარებული დრო დომინანტურია, მისი მოთხოვნაც მზარდია. ბავშვები, რომლებიც სისტემატურად ეკრანთან არიან, ნაკლებად ითხოვენ სხვა ჩამნაცვლებელ აქტივობას. მაგალითად, გარეთ გასვლას და სხვა ბავშვებთან თამაშს. ზოგჯერ მშობლის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ინიციატივაზე უარს აცხადებენ. ცხადია, ეს აქტივობა (ეკრანის ყურება) კომფორტულია, ვინაიდან არანაირ ინიციატივას და დაძაბულობას არ ითხოვს ბავშვისგან. სოციალური ურთერთობების დეფიციტში განსაკუთრებული წვლილი აქვს ეკრანს, რადგან ბავშვის გამოცდილებაში ნაკლებად შემოდის თანამშრომლობა, მხარდაჭერა, გაზიარება, დათმობა, კომუნიკაციის დროს მოსმენა, გათვალისწინება და ა.შ. რაც მათი სოციალური ფუნქციონირების შემადგენელი ელემენტებია.

- საკმარისია თუ არა მცირეწლოვანი ბავშვის კარგად განვითარებისთვის მხოლოდ ოჯახის წევრებთან ურთიერთობა?

- მცირეწლოვანის განვითარებისთვის ოჯახის წევრებთან ურთიერთობა ცხადია, უმნიშვნელოვანესია, მისი პირველადი კონტაქტები მთლიანად მის ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. ასევე მნიშვნელოვანია, რას მოვიაზრებთ კონტაქტში - ის, რომ უბრალოდ მშობელი ხელმისაწვდომი იყოს, საკმარისი არაა განვითარებისთვის, თუ ბავშვის მოთხოვნილებებს გავყვებით, სამყაროს შეცნობის სიახლის წყურვილის მოთხოვნილებასთან მიგვიყვანს, შესაბამისად, მისი განვითარების ხელშემწყობი, მასტიმულირებელი გარემო და ზრდასრულის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. საკმარისია თუ არა? - დიახ საკმარისია მშობლის ჩართულობის ინტენსივობას, ხანგრძლივობას და ხარისხს თუ გამოვკვეთთ, ამასთან დამატებით თანატოლებთან ურთერთობა და სოციალიზაცია.

- რა რჩევას მისცემთ მშობლებს, რომლებიც ცდილობენ, ბავშვებს თანატოლებთან არარსებული კომუნიკაციის შედეგად შექმნილი პრობლემების დაძლევაში დაეხმარონ?
- არაფორმალურ გარემოში ხელი შეუწყონ თანატოლებთან ურთიერთობას, ვინაიდან სოციალიზაცია ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ფაქტორები. ინფორმაცია, რომელიც აშფოთებთ კოვიდთან დაკავშირებით, გაფილტრონ და დოზირებულად მიაწოდონ, ისევე როგორც ჰიგიენაზე ზრუნვა. რადგან ამან არ გამოიწვიოს ბავშვის შიში სოციუმის მიმართ, რასაც ცხადია, უფრო გრძელვადიანი არაჯანსაღი შედეგები მოაქვს. 
ესაუბრა ელენე ოვაშვილი

წაიკითხეთ სრულად