Baby Bag

„ღალატი ყველაზე მძიმე დანაშაულია ქვეყანაზე... დანაშაულია, როდესაც ადამიანი გენდობა და უმტყუნებ მას...“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ღალატის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ქვეყანაზე ყველაზე დიდი დანაშაულია:

„გობი არის დიდი ჯამი. შიგნით კარგი დიასახლისი საკვებს მოამზადებდა. მას გარშემო შემოუსხდებოდნენ შინაურები, ზოგჯერ მოწვეულებიც. ერთად ჭამდნენ საჭმელს. ერთი გობიდან ჭამდნენ. ვინც ერთი გობიდან, ერთად ჭამა რამე, მერე ისინი ითვლებოდნენ ახლო ადამიანებად. ეს იმას ნიშნავდა, რომ მე და შენ ერთად თუ ვისხედით და ერთად ვჭამეთ პური, ამის შემდეგ უნდა ვყოფილიყავით ერთგული ერთმანეთისა. ერთმანეთს არ უნდა ვუღალატოთ. აქედან წარმოიშვა სიტყვა „მეგობარი.“ რაკი პური გავტეხეთ და ერთმანეთს ჭიქა მივუჭახუნეთ, ჩვენ არ შეგვიძლია ამის შემდეგ ერთმანეთს ვუღალატოთ, ცუდი გავიფიქროთ ერთმანეთზე, პირიქით, თუ შეგვიძლია, დავეხმაროთ, შევეშველოთ, ვუთანაგრძნოთ, ხელი გავუწოდოთ და არასდროს არ ვუღალატოთ.

ღალატი ყველაზე მძიმე დანაშაულია ქვეყანაზე. მე რომ ვიღაცას ვუღალატო, ის გულში ჩაირჩენს წყენას. დაიხსომეთ, რომ ღალატი ყველაზე ცუდი დანაშაულია. როდესაც ადამიანს უმტყუნებ, ის ადამიანი შენ გენდობა და შენ უმტყუნებ მას, ეს არის დიდი დანაშაული. კაცი შენ გენდო და ნდობა არ შეუსრულე, უთხარი მაინც, რომ ჩემზე არ ააგო იმედები, ჩემი იმედი ნუ გექნება, არ მენდო. ღალატი ყველაზე დიდი ცოდვაა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

სკოლამდელი ასაკის ბავშვებს მიკრობებთან და ბაქტერიებთან შეხების შესაძლებლობა უნდა მისცეთ, რათა მათი იმუნური სისტემა გაძლიერდეს

სკოლამდელი ასაკის ბავშვებს მიკრობებთან და ბაქტერიებთან შეხების შესაძლებლობა უნდა მისცეთ, რათა მათი იმუნური სისტემა გაძლიერდეს

ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ჟურნალში გამოქვეყნებული ახალი კვლევა მშობლებს შეახსენებს, რომ ბავშვები „ნაკლებად სუფთა“ გარემოში კარგად ვითარდებიან. ნებისმიერმა ახალბედა დედამ კარგად იცის, რომ ჩვილის ხელში აყვანამდე ხელები კარგად უნდა დაიბანოს, არ უნდა მიუახლოვდეს ბავშვს, თუ თავს შეუძლოდ გრძნობს. ახალშობილთან განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რადგან მას ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი იმუნური სისტემა აქვს. ბავშვებთან მიდგომის წესები ცვლილებებს განიცდის მათი ასაკის მატებასთან ერთად. ს​კოლამდელი ასაკის ბავშვებს მიკრობებთან და ბაქტერიებთან შეხების შესაძლებლობა უნდა მისცეთ, რათა მათი იმუნური სისტემა გაძლიერდეს.

მართალია, ბავშვს მიკრობებთან და ბაქტერიებთან შეხება ესაჭიროება, თუმცა ეს იმას არ გულისხმობს, რომ სახლში ჰიგიენის წესები სრულად დაივიწყოთ. მთავარია, რომ ბავშვი მეტისმეტად სტერილურ გარემოში არ ვამყოფოთ. მსგავს შემთხვევაში მას იმუნიტეტი უქვეითდება და ხშირად ავადობს.

ადრეულ ასაკში მიკროორგანიზმებთან შეხება ბავშვის იმუნური სისტემის გაძლიერებასა და მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ეს იმას არ გულისხმობს, რომ დედამ სახლი არ უნდა დაალაგოს და დაასუფთავოს. ​მნიშვნელოვანი მიკროორგანიზმები, რომლებიც ბავშვის იმუნური სისტემის გაჯანსაღებისთვის აუცილებელია, სახლის დალაგებისას არ ქრება. ოჯახში ჰიგიენის წესების დაცვა ხელს არ უშლის ბავშვს, რომ მიკროორგანიზმებთან შეხება ჰქონდეს.

ჰიგიენის წესების განსაკუთრებული დაცვა ისეთ გარემოშია საჭირო, სადაც ვირუსების გავრცელებაა მოსალოდნელი. რაც შეეხება მიკრობებსა და ბაქტერიებს, სახლის დალაგება მათ არ ანადგურებს. შესაბამისად, სისუფთავის მოყვარულ დედებს შეუძლიათ მშვიდად განაგრძონ სახლის დალაგება. ეს მათი შვილების ჯანმრთელობას ზიანს ნამდვილად არ მიაყენებს.

მომზადებულია ​moms.com-ის მიხედვით

წაიკითხეთ სრულად