Baby Bag

„ღალატი ყველაზე მძიმე დანაშაულია ქვეყანაზე... დანაშაულია, როდესაც ადამიანი გენდობა და უმტყუნებ მას...“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ღალატის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ქვეყანაზე ყველაზე დიდი დანაშაულია:

„გობი არის დიდი ჯამი. შიგნით კარგი დიასახლისი საკვებს მოამზადებდა. მას გარშემო შემოუსხდებოდნენ შინაურები, ზოგჯერ მოწვეულებიც. ერთად ჭამდნენ საჭმელს. ერთი გობიდან ჭამდნენ. ვინც ერთი გობიდან, ერთად ჭამა რამე, მერე ისინი ითვლებოდნენ ახლო ადამიანებად. ეს იმას ნიშნავდა, რომ მე და შენ ერთად თუ ვისხედით და ერთად ვჭამეთ პური, ამის შემდეგ უნდა ვყოფილიყავით ერთგული ერთმანეთისა. ერთმანეთს არ უნდა ვუღალატოთ. აქედან წარმოიშვა სიტყვა „მეგობარი.“ რაკი პური გავტეხეთ და ერთმანეთს ჭიქა მივუჭახუნეთ, ჩვენ არ შეგვიძლია ამის შემდეგ ერთმანეთს ვუღალატოთ, ცუდი გავიფიქროთ ერთმანეთზე, პირიქით, თუ შეგვიძლია, დავეხმაროთ, შევეშველოთ, ვუთანაგრძნოთ, ხელი გავუწოდოთ და არასდროს არ ვუღალატოთ.

ღალატი ყველაზე მძიმე დანაშაულია ქვეყანაზე. მე რომ ვიღაცას ვუღალატო, ის გულში ჩაირჩენს წყენას. დაიხსომეთ, რომ ღალატი ყველაზე ცუდი დანაშაულია. როდესაც ადამიანს უმტყუნებ, ის ადამიანი შენ გენდობა და შენ უმტყუნებ მას, ეს არის დიდი დანაშაული. კაცი შენ გენდო და ნდობა არ შეუსრულე, უთხარი მაინც, რომ ჩემზე არ ააგო იმედები, ჩემი იმედი ნუ გექნება, არ მენდო. ღალატი ყველაზე დიდი ცოდვაა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ნახველიანი, სველი ხველა გულისხმობს, რომ ქვედა სასუნთქ გზებში გვაქვს უფრო ინფექცია,“ - პედიატრი მაია ხერხეულიძე

„ნახველიანი, სველი ხველა გულისხმობს, რომ ქვედა სასუნთქ გზებში გვაქვს უფრო ინფექცია,“ - პედიატრი მაია ხერხეულიძე

პედიატრმა მაია ხერხეულიძემ ბავშვებში ხველის პრობლემის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პაციენტები მას ამ ჩივილით ხშირად მიმართავენ:

„ხველა ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ჩივილია, რის გამოც მოგვმართავენ პაციენტები. ყველაზე უფრო ხშირი არის​ სასუნთქი სისტემის დაავადებების გამო განპირობებული ხველა. რას აქვს მნიშვნელობა, როდესაც ბავშვი ახველებს? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენ ხანს გრძელდება ხველა.ამას მშობელმა აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება. არსებობს ქრონიკული, გახანგრძლივებული ხველა. ხველის ეპიზოდები ვლინდება ყოველდღიურად ორ თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში. ეს არ არის, რომ პერიოდულად ახველებს ბავშვს და მერე კარგად არის. ეს არის, როდესაც ყოველდღე ბავშვს აქვს ხველის ეპიზოდები. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ქრონიკულ ხველაზე.“

მაია ხერხეულიძის თქმით, ქრონიკული ხველის დროს სხვადასხვა დაავადების გამორიცხვა მნიშვნელოვანია:

„ქრონიკული ხველა ხშირად შეიძლება განპირობებული იყოს სხვა დაავადებებით.​ აქ გვჭირდება, რომ ვიფიქროთ ბრონქულ ასთმაზე. უნდა გამოვრიცხოთ ასთმის, სინუსიტის, გასტროეზოფაგური რეფლუქსის არსებობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა ტიპის არის ხველა, არის მშრალი თუ სველი. მშრალი ხველა არის ძალიან შემაწუხებელი ხველა, ხშირად სპაზმური, შეტევითი ხასიათის, ზოგჯერ მყეფავი ხასიათის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან მძიმე მოსასმენია მშობლისთვის, ეს მაინც უხშირესად ზედა სასუნთქი გზების ინფექციებზე მეტყველებს.“

​ნახველიანი, სველი ხველა გულისხმობს, რომ ქვედა სასუნთქ გზებში გვაქვს უფრო ინფექცია, ამიტომ კიდევ უფრო განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ხველა შესაძლებელია ბაქტერიული ინფექციებითაც იყოს განპირობებული. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ სასუნთქი გზების ინფექციებზე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პრევენციას, დაცვას. ამ თვალსაზრისით რა არის პირველ რიგში, რეკომენდებული? ეს არის ჰიგიენის ნორმების დაცვა, ბავშვის, რომელიც ავადაა, სახლში დატოვება, ხელის ხშირი დაბანა,“ - აღნიშნულ საკითხებზე მაია ხერხეულიძემ რადიო ფორტუნას ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო ფორტუნა

წაიკითხეთ სრულად