Baby Bag

„ვინმეს თუ ჰგონია, რომ დიასახლისის საქმე საქმე არ არის, ძალიან ცდება... მე დიასახლისობა პროფესიად მიმაჩნია,“- ნანა ლორთქიფანიძე დიასახლისების მძიმე შრომის შესახებ

ცნობილმა მსახიობმა ნანა ლორთქიფანიძემ დიასახლისების მძიმე შრომის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის დიასახლისობას პროფესიად თვლის, რომელსაც უდიდესი ენერგია სჭირდება. ქალბატონი ნანას თქმით, ის ოჯახის წევრებს ძალიან ანებივრებს და სხვაგვარად მოქცევა არ შეუძლია:

„აქ მოსვლამდე უკვე სახლში სამნაირი სადილის გაკეთება მოვასწარი. რატომ სამი? იმიტომ, რომ ერთს არ უყვარს წვნიანი, მეორეს არ უყვარს ხორციანი, მესამეს არ უყვარს ხახვიანი და მეც მათ გემოვნებას და მოთხოვნებს ვერგები რაღაცნაირად. იმ დიასახლისებს, რომლებიც მუშაობენ, ძალიან დაკავებულები არიან, სახლშიც უამრავი საქმე აქვთ გასაკეთებელი. მე განსაკუთრებით ვუთანაგრძნობ იმ დიასახლისებს, რომლებიც არ მუშაობენ, სულ სახლში არიან და სულ საოჯახო საქმეებით არიან დაკავებულები. რა ხდება ამ დროს? თუ ქალი სულ სახლშია, საქმე არასდროს არ თავდება.

ვინმეს თუ ჰგონია, რომ დიასახლისის საქმე საქმე არ არის, ძალიან ცდება. მე პირადად დიასახლისობა პროფესიად მიმაჩნია, რომელსაც სჭირდება ძალიან დიდი ენერგია, თავდადება, შრომა და დრო.

ჩვენ თვითონ ვანებივრებთ და ვაჩვევთ ამას ჩვენს ოჯახის წევრებს. მე პირადად უკვე ყველაფერს ვაკეთებ ავტომატურად. აი, მაგალითად, ერთი შვილიშვილი დამიძახებს ერთი ოთახიდან: „ბე, წყალი მომიტანე რა...“ გავქროლდები და მივუტან. მერე მეორე დამიძახებს: „რამე ტკბილი არ გვაქვს?“ გავქროლდები და მივუტან. თუ არ გვაქვს, ჩავირბენ მაღაზიაში და ამოვუცუნცულებ რამეს. მე თვითონ არ შემიძლია, რომ არ გავაკეთო. თვითონ ვარ ასეთი,“- მოცემულ საკითხზე ნანა ლორთქიფანიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

ეს მჟავა შვიდი წელი რჩება ორგანიზმში და მისი სულ მცირე რაოდენობა იწვევს დაავადებას

ეს მჟავა შვიდი წელი რჩება ორგანიზმში და მისი სულ მცირე რაოდენობა იწვევს დაავადებას

​​გრანიტის ზედაპირიანი ალუმინის ტაფების დამზადების პროცესში ხშირად გამოიყენება პერფტოროცტანული მჟავა, რომელიც კარცენოგენად არის აღიარებული.

პროფესორმა დევიდ ბონდმა გრანიტის ზედაპირიანი ტაფებისა და ქვაბების უსაფრთხოების საკითხზე ისაუბრა და პერფტოროცტანული მჟავის მოქმედების მექანიზმი გაგვაცნო:

„პერფტოროცტანული მჟავა იწვევს კიბოს, მენტალურ აშლილობას, იმუნურ დისფუნქციას, უნაყოფობას მამაკაცებში. ეს უკვე კვლევებით დადასტურებულია. ეს დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ დადგინდა იმ ადამიანებზე დაკვირვებით, რომლებიც საწარმოში მუშაობდნენ, სადაც ამ ტიპის ტაფებსა და ქვაბებს ამზადებდნენ.“

„პერფტოროცტანული მჟავა არის საშიში მცენარეებისთვის, ცხოველებისა და ადამიანებისთვის, რადგან ის შვიდი წელი რჩება ორგანიზმში და მისი სულ მცირე რაოდენობაც კი იწვევს ამ დაავადებას. ეს მჟავა ლაბორატორიაში შექმნილი სინთეტიკური ნივთიერებაა და მას ბუნებრივად ვერაფერი დაშლის. მჟავა ვერ მოხვდება ადამიანის ორგანიზმში ტაფებიდან და ქვაბებიდან,​ რადგან მათი დამზადების პროცესში ის მთლიანად გამოდის ჭურჭლიდან. მჟავა ზიანს აყენებს ქარხანაში მომუშავე ადამიანებსა და გარემოს. სწორედ ამის გამო აიკრძალა მისი გამოყენება ბევრ ქვეყანაში. გაცილებით საშიშია ამ მჟავით დაბინძურებული წყალი, ჰაერი. გარემოში მოხვედრის შემდეგ ის წყლის ან სხვა საშუალებით ხვდება ადამიანის ორგანიზმში,“ - აღნიშნულ საკითხზე პროფესორმა ბონდმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად