Baby Bag

„როდესაც ადამიანს შენი შურს, უნდა ეცადო, რომ მისმა დამოკიდებულებამ არ დაგანგრიოს,“- დეკანოზი საბა ჭიკაიძე

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ შურიან ადამიანებთან ურთიერთობისა და მათ მიმართ სწორი დამოკიდებულების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენ მიმართ არსებულმა შურმა და ბოღმიანმა განწყობამ არ დაგვანგრიოს:

„როდესაც შენი შურს ადამიანს, უნდა ეცადო, რომ შენ მისმა დამოკიდებულებამ არ დაგანგრიოს. ეს არის ყველაზე მთავარი. როდესაც შურით არის ადამიანი შეპყრობილი და გექიშპება, შურის ბიძაშვილი არის ბოღმა. როდესაც ადამიანებს შურთ, მერე პარალელურად დაბოღმილები არიან ხოლმე. მათ სიყვარული უქრებათ იმ ადამიანისა, ვისიც შურთ. პირიქით, ბოროტება უდევთ გულში იმ ადამიანის მიმართ. თქვენ უნდა ეცადოთ, რომ მისმა შურმა და ბოღმამ თქვენ არ გაგანადგუროთ და თქვენ არ დაგანგრიოთ.

თქვენ უნდა ეცადოთ, რომ ამ ყველაფერს ზემოდან მოექცეთ და მიუხედავად მისი შურისა, ბოღმისა და იმ ქიშპობისა, რომელსაც თქვენ მიმართ ავლენს, თქვენ მისდამი მაინც სიყვარული შეინარჩუნოთ. ეს არ არის იოლი. მე კარგად ვიცი, რომ არ არის იოლი, რასაც გირჩევთ, მაგრამ იცოდეთ, რომ შესაძლებელია. ქრისტემ სწორედ ამისკენ მოგვიწოდა და ამის მაგალითი მოგვცა ჩვენ თავად თავისი ცხოვრებით. ამიტომ, ეცადეთ, რომ დიდსულოვნება, სიყვარული, სითბო დაანახვოთ ასეთ ადამიანს. ჩვენ ქრისტიანები ვართ და აუცილებლად ვილოცოთ ასეთი ადამიანისთვის,“- აღნიშნა მამა საბა ჭიკაიძემ.

წყარო: ​თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

შეიძლება დაინტერესდეთ

„უმადური რომ ხარ, ამაზე დიდი საშინელება არ არსებობს. ბედნიერი ადამიანი არის მადლიერი ადამიანი,“ - დეკანოზი შალვა კეკელია

„უმადური რომ ხარ, ამაზე დიდი საშინელება არ არსებობს. ბედნიერი ადამიანი არის მადლიერი ადამიანი,“ - დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზმა შალვა კეკელიამ უმადურობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ყველაზე საშინელი რამ არის, რაც ადამიანს შეიძლება დაემართოს:

„უმადური რომ ხარ, ამაზე დიდი საშინელება არ არსებობს. როგორ შეიძლება ქრისტიანი იყოს უმადური? სულ რომ მშიერი იყო, არაფერი არ გქონდეს, ცოცხალი მაინც ხარ! რა პირით წუწუნებ, რა გაწუწუნებს ქრისტიანს?! ​ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ სიღარიბეს შეეგუო. არა, შენ უნდა იშრომო, უნდა იღვაწო. როგორ შეიძლება, საქართველოში ცხოვრობდე და მშიერი იყო?! უნდა შრომობდე, უნდა წვალობდე, მაგრამ არ უნდა წუწუნებდე!“

მამა შალვას თქმით, უმიზეზო წუწუნს ხშირად მოსდევს ნამდვილი უბედურება, რომელიც ადამიანს წუწუნის მიზეზს მისცემს:

„დღეს რომ წუწუნებ, მერე დაგანახებს ღმერთი, მართლა საწუწუნო რა არის. ღმერთმა ყველა დაიფაროს, რამდენს უთქვამს ჩემთვის, რომ მივსულვარ, შვილი რომ ჰყოლიათ გარდაცვლილი: „​რას ვამბობდი, რაზე ვწუწუნებდი, რა მაწუწუნებდა, თურმე რამხელა უბედურება მელოდა!“ მადლიერი უნდა იყო ყოველი დღის.“

„ბედნიერი ადამიანი არის მადლიერი ადამიანი. როდესაც მადლიერი ხარ, რითაც ხარ და როგორც ხარ, ბედნიერი ხარ. რამდენი ადამიანი მინახავს, ძალიან მდიდარია და მაინც წუწუნებს. რამდენ ღარიბ ადამიანს შევხვედრივარ და ბედნიერები არიან, სიხარულია ოჯახში, ყველა ბედნიერია, ყველა გახარებული, საოცარი მადლიერება აქვთ. სიმდიდრე და სიღარიბე არ განსაზღვრავს ამას, შენი შინაგანი მდგომარეობა განსაზღვრავს.​ რამდენი ადამიანი მინახავს ჯანმრთელი და მოწუწუნე,“ - აღნიშნა მამა შალვა კეკელიამ.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად