Baby Bag

„როდესაც ადამიანს შენი შურს, უნდა ეცადო, რომ მისმა დამოკიდებულებამ არ დაგანგრიოს,“- დეკანოზი საბა ჭიკაიძე

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ შურიან ადამიანებთან ურთიერთობისა და მათ მიმართ სწორი დამოკიდებულების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენ მიმართ არსებულმა შურმა და ბოღმიანმა განწყობამ არ დაგვანგრიოს:

„როდესაც შენი შურს ადამიანს, უნდა ეცადო, რომ შენ მისმა დამოკიდებულებამ არ დაგანგრიოს. ეს არის ყველაზე მთავარი. როდესაც შურით არის ადამიანი შეპყრობილი და გექიშპება, შურის ბიძაშვილი არის ბოღმა. როდესაც ადამიანებს შურთ, მერე პარალელურად დაბოღმილები არიან ხოლმე. მათ სიყვარული უქრებათ იმ ადამიანისა, ვისიც შურთ. პირიქით, ბოროტება უდევთ გულში იმ ადამიანის მიმართ. თქვენ უნდა ეცადოთ, რომ მისმა შურმა და ბოღმამ თქვენ არ გაგანადგუროთ და თქვენ არ დაგანგრიოთ.

თქვენ უნდა ეცადოთ, რომ ამ ყველაფერს ზემოდან მოექცეთ და მიუხედავად მისი შურისა, ბოღმისა და იმ ქიშპობისა, რომელსაც თქვენ მიმართ ავლენს, თქვენ მისდამი მაინც სიყვარული შეინარჩუნოთ. ეს არ არის იოლი. მე კარგად ვიცი, რომ არ არის იოლი, რასაც გირჩევთ, მაგრამ იცოდეთ, რომ შესაძლებელია. ქრისტემ სწორედ ამისკენ მოგვიწოდა და ამის მაგალითი მოგვცა ჩვენ თავად თავისი ცხოვრებით. ამიტომ, ეცადეთ, რომ დიდსულოვნება, სიყვარული, სითბო დაანახვოთ ასეთ ადამიანს. ჩვენ ქრისტიანები ვართ და აუცილებლად ვილოცოთ ასეთი ადამიანისთვის,“- აღნიშნა მამა საბა ჭიკაიძემ.

წყარო: ​თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

შეიძლება დაინტერესდეთ

„კოვიდის შემთხვევაში დიდ როლს თამაშობს არა ძლიერი ან სუსტი იმუნიტეტი, არამედ სწორი იმუნიტეტი,“ - გიორგი ღოღობერიძე

„კოვიდის შემთხვევაში დიდ როლს თამაშობს არა ძლიერი ან სუსტი იმუნიტეტი, არამედ სწორი იმუნიტეტი,“ - გიორგი ღოღობერიძე

ონკოლოგმა გიორგი ღოღობერიძემ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში იმუნიტეტის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა. მისი თქმით, მთავარია, რამდენად ადეკვატურია იმუნური სისტემის პასუხი ვირუსის შემოჭრაზე:

„კოვიდის შემთხვევაში დიდ როლს თამაშობს არა ძლიერი ან სუსტი იმუნიტეტი, არამედ სწორი იმუნიტეტი. ზოგიერთ პაციენტში, ​როდესაც ვირუსი შემოიჭრება, იმუნური სისტემა გიჟივით რეაგირებს. ეს იწვევს მძიმე და კრიტიკულ ფორმებს. პაციენტების ნაწილში იმუნური სისტემა საერთოდ არ რეაგირებს და ვირუსს ეძლევა საშუალება, რომ გამრავლდეს. ამიტომ ჩვენ არ გვჭირდება არც ზედმეტად აგრესიული და არც ზედმეტად დუნე იმუნური სისტემა. ჩვენ გვჭირდება ადეკვატური სისტემა, რომელსაც ექნება ნორმალური რეაქცია ვირუსზე.“

გიორგი ღოღობერიძის თქმით, იმუნური სისტემის ადეკვატურობა ჩვენზე არ არის პირდაპირ დამოკიდებული:

„წარმოიდგინეთ, რომ ოთახში შემოიჭრას ვინმე და ჩვენ გვჭირდება მისი აყვანა. მის ასაყვანად სჯობს, რამდენიმე კაცი გავუშვათ და შეიპყრონ, ბომბს ხომ არ ვესვრით?! ბომბს თუ ვესვრით, ყველაფერი დაიშლება. ასეა ჩვენი სხეულიც. ​იმუნური სისტემა უნდა იყოს ადეკვატური და არა აგრესიული. იმუნური სისტემის ადეკვატურობა საკმაოდ რთული ცნებაა. ის ჩვენზე პირდაპირ დამოკიდებული არ არის.“

გიორგი ღოღობერიძემ აღნიშნა, რომ იმუნიტეტის გაძლიერების საუკეთესო გზა ჯანსაღი კვებაა:

„რამ შეიძლება ხელი შეუწყოს ​იმუნური სისტემის გაძლიერებას და არა დასუსტებას? პირველ რიგში ეს არის ჯანსაღი კვება: ხილი, თევზი, კვერცხის გული. ყველა ის საკვები, რომელიც შეიცავს იმ ნუტრიენტებს, რომლებიც შეიძლება დასჭირდეს ჩემს იმუნურ სისტემას საჭირო დროს საჭირო ადგილას. მნიშვნელოვანია D ვიტამინის წყაროები, როგორებიცაა: რძე, თევზი, კვერცხი. D ვიტამინის ალტერნატივა შეიძლება იყოს მზეზე გასვლა დღეში 15-20 წუთის განმავლობაში.“

„ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ სხვა ელემენტებიც საკვების დახმარებით. მსგავსი საკვები შეიძლება იყოს: კიტრი, ვაშლი. ვაშლი ძალიან მნიშვნელოვანი ხილია. მასში არის ძალიან ბევრი აცეტილსალიცილის მჟავა. ეს ის ნივთიერებაა, რომელიც ხელს უშლის დათრომბვას. მართალია, ვაშლი ვერ შეგვისრულებს ასპირინის როლს, მაგრამ მისი დახმარებით შეგვიძლია ორგანიზმს მივცეთ შანსი, რომ ​ცოტათი შეიმციროს თრომბოზების რისკი. ხილი სახლში რაც გვაქვს, ყველაფერი უნდა მივიღოთ. ბანანიც ძალიან კარგია. მასში ბევრი კალიუმია. კალიუმი არის ერთ-ერთი საშუალება წნევის შემცირებისთვის. ბანანი სეროტონინის წყაროა, განწყობას ამაღლებს და ორგანიზმს ეხმარება, რომ წნევა აკონტროლოს უფრო უკეთ,“ - აღნიშნულ საკითხებზე გიორგი ღოღობერიძემ რადიო იმედის გადაცემაში „დღის არხი“ ისაუბრა.

წყარო: ​რადიო იმედი

წაიკითხეთ სრულად