Baby Bag

„როდესაც ადამიანს შენი შურს, უნდა ეცადო, რომ მისმა დამოკიდებულებამ არ დაგანგრიოს,“- დეკანოზი საბა ჭიკაიძე

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ შურიან ადამიანებთან ურთიერთობისა და მათ მიმართ სწორი დამოკიდებულების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენ მიმართ არსებულმა შურმა და ბოღმიანმა განწყობამ არ დაგვანგრიოს:

„როდესაც შენი შურს ადამიანს, უნდა ეცადო, რომ შენ მისმა დამოკიდებულებამ არ დაგანგრიოს. ეს არის ყველაზე მთავარი. როდესაც შურით არის ადამიანი შეპყრობილი და გექიშპება, შურის ბიძაშვილი არის ბოღმა. როდესაც ადამიანებს შურთ, მერე პარალელურად დაბოღმილები არიან ხოლმე. მათ სიყვარული უქრებათ იმ ადამიანისა, ვისიც შურთ. პირიქით, ბოროტება უდევთ გულში იმ ადამიანის მიმართ. თქვენ უნდა ეცადოთ, რომ მისმა შურმა და ბოღმამ თქვენ არ გაგანადგუროთ და თქვენ არ დაგანგრიოთ.

თქვენ უნდა ეცადოთ, რომ ამ ყველაფერს ზემოდან მოექცეთ და მიუხედავად მისი შურისა, ბოღმისა და იმ ქიშპობისა, რომელსაც თქვენ მიმართ ავლენს, თქვენ მისდამი მაინც სიყვარული შეინარჩუნოთ. ეს არ არის იოლი. მე კარგად ვიცი, რომ არ არის იოლი, რასაც გირჩევთ, მაგრამ იცოდეთ, რომ შესაძლებელია. ქრისტემ სწორედ ამისკენ მოგვიწოდა და ამის მაგალითი მოგვცა ჩვენ თავად თავისი ცხოვრებით. ამიტომ, ეცადეთ, რომ დიდსულოვნება, სიყვარული, სითბო დაანახვოთ ასეთ ადამიანს. ჩვენ ქრისტიანები ვართ და აუცილებლად ვილოცოთ ასეთი ადამიანისთვის,“- აღნიშნა მამა საბა ჭიკაიძემ.

წყარო: ​თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

შეიძლება დაინტერესდეთ

„ცხოვრებაში რომ განვახლდეთ, უნდა გვეჩქარებოდეს. რა არის ცხოვრება? განუწყვეტელი განახლება. ის კი არა, რომ დღეს დავიძინე და ხვალ ისევ ისეთი ავდექი,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი სულის მარადიული განახლების აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ადამიანს ცხოვრებაში ყოველთვის უნდა ეჩქარებოდეს და ახალგაზრდობაზე ოცნებობდეს:

„წარმოიდგინეთ, რომ მანქანას მართავთ. თქვენზეა დამოკიდებული, როგორ დააჭერთ ფეხს სიჩქარის პედალს და როგორ შემატებთ ძალას მანქანას: დააჭერთ, ჩქარა გაიქცევა, აიღებთ, შეჩერდება. თუ გეჩქარება, დააჭერ ფეხს. ხანდახან გეშინია, რომ არ დაგეჭიროს, მაგრამ მაინც აჭერ, იმიტომ, რომ გეჩქარება. ამბობ: „იყოს ჯარიმები, მეჩქარება!“ გინდა, რომ მიუწსრო რაღაცას. ჩვენ უნდა გვეჩქარებოდეს ცხოვრებაში. რა გეჩქარებაო, შეიძლება თქვა სიკვდილზე. რა გეჩქარება სიკვდილი? რად იკლავ თავს? ცხოვრებაში რომ განვახლდეთ, უნდა გვეჩქარებოდეს. რა არის ცხოვრება? განუწყვეტელი განახლება. ის კი არა, რომ დღეს დავიძინე და ხვალ ისევ ისეთი ავდექი, ზეგაც ისეთივე ავდგები, მაზეგაც. უნდა განვახლდეთ! ჩვენს შინაგან ბუნებაში ორი მოძრაობაა, რომელიც ურთიერთსაპირისპიროა. ჩვენი ახალგაზრდა სხეული იზრდება და ნელ-ნელა ჩავა მიწაში, ჩვენი სული ახალგაზრდავდება და მიდის მაღლა. ჩვენ ურთიერთსაპირისპირო მოძრაობაში ვართ. რომელ მოძრაობას უნდა ავყვეთ? სულის მოძრაობა ახალგაზრდობას იწვევს. რაც უნდა მილიარდელი წელი ვიცოცხლოთ, განახლება ახალგაზრდობაა. როდესაც ერთ ადგილზე გაეჩხირები, ეს უკვე დაბერებაა.“

„სხეული ბერდება და კვდება, ის აღარ გვჭირდება. სული კი განუწყვეტლივ ახალგაზრდავდება. ეს გაახალგაზრდავება არ გეჩქარებათ? არ გინდა, რომ უფრო ახალგაზრდა იყო, სულით უფრო ლამაზი იყო? რატომ უნდა დაელოდო 10 წლის მერე პერიოდს, რომ სუფთა აზრის გოგო იყო?! ახლავე ივარჯიშე ამაში. რატომ უნდა დაელოდო იმას, რომ მტერი გიყვარდეს მერე? ახლა ივარჯიშე ამაში. ამრიგად გადმოიტანება ის პერიოდები, რომლებიც მომავალში შეიძლება მოხდეს, მაგრამ მე ახლა მოვახდენ. ამიტომ ჩვენ უნდა ვიჩქაროთ, რომ მომავალი გადმოვიტანოთ დღეს. ყველა მომავალს ესწრაფვის. ილია ჭავჭავაძე რაზე ონცებობდა? საქართველოს მომავალზე. აწმყო აი, ასეთია, მომავალი უკეთესი უნდა იყოს. უკეთესი მომავალი რატომ მივანდო თვითდინებას? მაშინ მე რაღა ვარ აქ? არ მივანდობ, იმიტომ, რომ მომავალი ჩემზეა დამოკიდებული. მე მას გადმოვქაჩავ. შენც მოგიშველიებ ამაში, ამომიდექი გვერდში. ამასაც ისე აღვზრდი, რომ ისიც ამას ესწრაფოდეს. გამოვა ისე, რომ რაც მომავალში კარგია, დღეს გვინდა იყოს. ამიტომაც ვამბობ, გვიყვარდეს მომავალი. როდესაც მომავალი გეყვარება, მაშინ ესწრაფვი მის დღევანდელ დღეში გადმოტანას. ეს ყველაზე კარგი ქრისტიანული ცხოვრებაა, უკეთესი ხდები. ვეფხისტყაოსნის ყველა გმირი ამას არ აკეთებს?! მომავლის გადმოტანა უნდათ დღევანდელ დღეს. სიკვდილსაც კი არ ერიდებიან იმისთვის, რომ მომავალი გადმოქაჩონ დღეს, მეგობრობა დღეს დაამკვიდრონ, ერთობა დღეს დაამკვიდრონ, სიყვარული გადმოიტანონ აქეთკენ. ყველაფერი, რაც კარგია, ახლა უნდათ. არ უნდათ, რომ ამას ხვალ ელოდონ,“ - აღნიშნავს შალვა ამონაშვილი.

წაიკითხეთ სრულად