Baby Bag

„ლენოსთან ჩემი ურთიერთობა იყო ფერადი“ - გიორგი გვარჯალაძე გარდაცვლილ შვილზე

„ლენოსთან ჩემი ურთიერთობა იყო ფერადი“ - გიორგი გვარჯალაძე გარდაცვლილ შვილზე

გადაცემა „მთავარი ექიმი“ აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც ცნობილი მუსიკოსი, გიორგი გვარჯალაძე თავის უფროს ქალიშვილზე, ლენოზე საუბრობს:

ლენოსთან ჩემი ურთიერთობა იყო ფერადი. რაღაც ასაკამდე ძალიან მაგარი მეგობრები ვიყავით... სიყვარულით სავსე ურთიერთობა გვქონდა, სანამ გარდატეხის პერიოდი არ მოვიდა...

ძალიან რთული იყო ლენო იმიტომ, რომ იყო განსხვავებული. ჩვეულებრივი, მიღებული წესებით მასთან ურთიერთობა არ გამოდიოდა. ვერ შევთანხმდით რაღაცებზე, ღამე სახლიდან გასვლებზე, ტელეფონის გამორთვაზე... 

ლენოს ჰქონდა სუიციდური მიდრეკილებები. მეც მქონდა ბავშვობაში და გადარჩენილი ვარ. მე მეგონა, რომ ვერ იზამს, მე ხომ ვერ ვქენი...

ბოლოს მაგრად ვიჩხუბეთ. მე წამოვედი სტუდიაში. სახლიდან გამოსვლის წინ უნდა ჩავეხუტო ყველას, ვაკოცო, ყველას მშვიდი ღამე ვუსურვო... გასვლის წინ ნინის (უმცროს შვილს) ჩავეხუტე, ლულუს (მეუღლეს)... პროცედურა მოითხოვს, რომ ლენოსაც, მაგრამ როგორ, ლენოს ხომ ვეჩხუბე... ისე მინდოდა წესის დარღვევა და ლენოს ჩახუტება. მინდოდა მეთქვა, ნუ გეშინია, მა, ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ მალე გადავლახავთ ამ ერთ-ორ კრიზისულ წელს და ისევ ისეთი მეგობრები ვიქნებით, როგორც ვიყავით ორი წლის წინ... ვერ მოვითმინე და მის მაგივრად ნინის ჩავეხუტე მეორედ...“ - იხსენებს გიორგი გვარჯალაძე.

მე-9 კლასელმა ლენომ ცოტა ხნის წინ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე...

შეიძლება დაინტერესდეთ

„მე გეტყვით ბავშვის აღზრდის ძალიან მარტივ, მზა რეცეპტს...“ - პაატა ამონაშვილის რჩევები მშობლებს

„მე გეტყვით ბავშვის აღზრდის ძალიან მარტივ, მზა რეცეპტს...“ - პაატა ამონაშვილის რჩევები მშობლებს

ფსიქოლოგმა პაატა ამონაშვილმა ბავშვის ფიზიკური დასჯის ნეგატიურ მხარეებსა და პოზიტიური აღზრდის უპირატესობებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ დასჯით ბავშვს მხოლოდ სხვის დასჯას ვასწავლით:

„გარდა იმისა, რომ ​დასჯის დროს ბავშვს ფსიქოლოგიური პრობლემები უჩნდება, ამაზე მნიშვნელოვანი ისიც არის, რომ დასჯით ბავშვს ვასწავლით, როგორ დასაჯოს თვითონ სხვა. აღზრდა ასე მარტივად ხდება: რასაც ბავშვი ხედავს თავისი თვალით მშობლებისგან, დიდებისგან, ის ხდება მისი პიროვნების ნაწილი. ჩემ წინ თუ ბავშვია და რაღაცას აშავებს, პირველ რიგში, დავფიქრდები, რამ უბიძგა აქეთკენ. ჩვენს ცხოვრებას რომ გადავხედოთ, ჩვენც ბევრ რამეს ვაშავებთ. ყოველი დაშავების მერე, რომ გვკითხონ, რატომ დავაშავეთ, გვაქვს ჩვენი მიზეზები. ბავშვებსაც აქვთ მიზეზები. სანამ რამეს მოვიმოქმედებდე, შევეცდებოდი, რომ ეს მიზეზები დავადგინო.“

პაატა ამონაშვილის თქმით, ბავშვის კონტროლის ორი საშუალება არსებობს:

​არსებობს ბავშვის კონტროლის ორი საშუალება. ერთს ვუწოდოთ გარეგანი კონტროლი, როდესაც მას ვსჯით. მეორე ფორმა არის, როდესაც ბავშვში ვზრდით ისეთ შინაგან ბუნებას, რომ ის ცუდს არაფერს არ აკეთებს. თუ გვინდა, რომ ბავშვი გაიზარდოს უსიტყვო, ცხვარივით მორჩილი, რომელიც ყველაფერზე თავს დაიქნევს, ეტყვიან და გააკეთებს, არ იაზროვნებს, მაშინ უსიტყვოდ უნდა დავიმორჩილოთ. თუ თავისუფლების მოყვარული არსება გვინდა დავინახოთ მომავალში, ეს არასწორი გზაა, ცხადია.“

„რთულ ბავშვებთანაც შესაძლებელია დასჯის გარეშე, ხმის აწევის გარეშე ურთიერთობა. ​მე გეტყვით ბავშვის აღზრდის ძალიან მარტივ, მზა რეცეპტს. შეიძლება ცოტა რთული იყოს, რომ გავყვეთ მას. ის საუკეთესო მომავალი, რომელიც გვინდა, რომ ბავშვში დავინახოთ, იმ მომავლის პრინციპებით დღეიდანვე, ამწამიდანვე ჩვენ ვიცხოვროთ. გვინდა, რომ ჩვენი შვილი იდეალური ადამიანი გაიზარდოს?! ჩვენ ვხდებით იდეალურები,“ - აღნიშნულ საკითხებზე პაატა ამონაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო:​ „ექიმები“

წაიკითხეთ სრულად