Baby Bag

„სკოლაშიც დადიოდა და გაკვეთილებსაც ესწრებოდა, ყველაფერს ასრულებდა, რაც ევალებოდა,“ – 29 წლის სოფლის რწმუნებული, რომელიც ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა

კასრისწყლის სკოლის დირექტორი ნანუკას შოუში სოფლის რწმუნებულის შესახებ საინტერესო ამბავს გვიყვება. გიორგი ბუღრიძე აცხადებს, რომ რწმუნებული მისი სკოლის მოსწავლეა:

„ამბავი არის ასეთი, რომ შარშან ზაფხულში განცხადების საფუძველზე ჩავრიცხეთ სკოლაში 29 წლის მოსწავლე. მას 9 კლასი ჰქონდა დამთავრებული, ამიტომ ჩვენ კანონი გვაძლევდა იმის უფლებას, რომ მისთვის მოსწავლის სტატუსი აღგვედგინა და აღვადგინეთ კიდევაც. იმ პერიოდისთვის ის რწმუნებული არ იყო. რწმუნებულად დაინიშნა წელს, 2020 წლიდან, როდესაც მიმდინარეობდა ექსტერნები. შარშან ჩვენ ის მეათე კლასში ჩავრიცხეთ. მისი მოთხოვნით მოვახერხეთ კლასის დონის ექსტერნებით დაძლევა. მან მეათე-მეთერთმეტე კლასის პროგრამა დაძლია.“

სკოლის დირექტორის თქმით, რწმუნებულად დანიშვნის დროს რწმუნებული მეათე კლასის მოსწავლე იყო:

„ის ჯერ კიდევ მეათე კლასში იყო, როდესაც სოფლის რწმუნებულად დაინიშნა. სწორედ ამ პერიოდში მოხდა ექსტერნების საშუალებით კლასის დაძლევა. რწმუნებული გაკვეთილებსაც ესწრებოდა და სკოლაშიც დადიოდა. რა თქმა უნდა, გაცდენები ჰქონდა, მაგრამ ძირითადად მაინც დადიოდა სკოლაში. ის ექსტერნებზეც გამოცხადდა და ყველაფერს ასრულებდა, რაც სკოლაში ევალებოდა.“

გიორგი ბუღრიძის განცხადებით, სოფლის რწმუნებულის მეუღლეც მისი სკოლის მოსწავლეა:

„რწმუნებულის მეუღლის ასაკი ზუსტად არ ვიცი. ალბათ, 28-29 წლის იქნება. ის ამჟამად მეათე კლასში ირიცხება, წელს დაასრულებს და მეთერთმეტეში გადავა. როგორც მოსწავლეს მას დადებითად ვაფასებ, ნამდვილად არ შემიძლია, რომ უარყოფითად შევაფასო. ჩვენ სკოლაში გვყავდა 37 წლის მოსწავლეც, რომელმაც 8 საგანი ჩააბარა. ჩვენს სოფელს ისეთი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, რომ იქ სწავლა-განათლების მიღება ჭირდა, აქედან გამომდინარე დღეს ჩვენ დიდი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით ამ საკითხთან მიმართებაში. ჩვენ უნდა ვიამაყოთ, როდესაც ადამიანი ამ ასაკში აბარებს გამოცდებს. ყველა გამოცდას ჩვენთან სამინისტროდან ჩამოსული დამკვირვებელი ესწრებოდა.“

„ჩვენთან სწავლობს რწმუნებულის ცოლისდაც, რომელიც მეათე კლასშია.“ - აღნიშნავს კასრისწყლის სკოლის დირექტორი. გიორგი ბუღრიძის თქმით, მოსწავლეებს რწმუნებულის და სხვა უფროსი ასაკის თანაკლასელებისადმი ძალიან დადებითი დამოკიდებულება აქვთ. ბავშვები აღნიშნულ ფაქტს ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამენ. 

შეიძლება დაინტერესდეთ

ივანე ჩხაიძემ ეკატერინე ტიკარაძის გადადგომის სავარაუდო მიზეზი დაასახელა

ივანე ჩხაიძემ ეკატერინე ტიკარაძის გადადგომის სავარაუდო მიზეზი დაასახელა

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ ეკატერინე ტიკარაძის გადადგომის სავარაუდო მიზეზი დაასახელა. მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა სავარაუდოდ უვადო მწვანე პასპორტების შემოღებასთან დაკავშირებით არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო დატოვა:

„სავარაუდოდ, ეს არის ერთი საკითხის გარშემო სხვადასხვა პოციზიცია. ჯანდაცვის სამინისტრო და იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფი ვთვლიდით, რომ თუ გვინდა საქართველოში რეალურად მოქმედი მწვანე პასპორტი იყოს, აქ უნდა დაფიქსირდეს ვადა კორონავირუსის გადატანიდან ექვსი თვის პერიოდი. ეს იყო ძირითადი მოთხოვნა. ეს იყო ჩვენი რეკომენდაციაც.“

„ამ ვადის დაფიქსირების გარე პერიოდში საფრთხეები და რისკები იზრდება. ასევე იზრდება მეორე ადამიანის ინფიცირების რისკები. სავარაუდოდ გადადგომის მიზეზი ეს უნდა გამდარიყო. ჩვენი მოსაზრება იყო ასეთი, მაგრამ საბოლოოდ, როგორც ცნობილია ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა,“ - აღნიშნულ საკითხზე ივანე ჩხაიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ „პირველი არხი“

წაიკითხეთ სრულად