Baby Bag

„სკოლაშიც დადიოდა და გაკვეთილებსაც ესწრებოდა, ყველაფერს ასრულებდა, რაც ევალებოდა,“ – 29 წლის სოფლის რწმუნებული, რომელიც ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა

კასრისწყლის სკოლის დირექტორი ნანუკას შოუში სოფლის რწმუნებულის შესახებ საინტერესო ამბავს გვიყვება. გიორგი ბუღრიძე აცხადებს, რომ რწმუნებული მისი სკოლის მოსწავლეა:

„ამბავი არის ასეთი, რომ შარშან ზაფხულში განცხადების საფუძველზე ჩავრიცხეთ სკოლაში 29 წლის მოსწავლე. მას 9 კლასი ჰქონდა დამთავრებული, ამიტომ ჩვენ კანონი გვაძლევდა იმის უფლებას, რომ მისთვის მოსწავლის სტატუსი აღგვედგინა და აღვადგინეთ კიდევაც. იმ პერიოდისთვის ის რწმუნებული არ იყო. რწმუნებულად დაინიშნა წელს, 2020 წლიდან, როდესაც მიმდინარეობდა ექსტერნები. შარშან ჩვენ ის მეათე კლასში ჩავრიცხეთ. მისი მოთხოვნით მოვახერხეთ კლასის დონის ექსტერნებით დაძლევა. მან მეათე-მეთერთმეტე კლასის პროგრამა დაძლია.“

სკოლის დირექტორის თქმით, რწმუნებულად დანიშვნის დროს რწმუნებული მეათე კლასის მოსწავლე იყო:

„ის ჯერ კიდევ მეათე კლასში იყო, როდესაც სოფლის რწმუნებულად დაინიშნა. სწორედ ამ პერიოდში მოხდა ექსტერნების საშუალებით კლასის დაძლევა. რწმუნებული გაკვეთილებსაც ესწრებოდა და სკოლაშიც დადიოდა. რა თქმა უნდა, გაცდენები ჰქონდა, მაგრამ ძირითადად მაინც დადიოდა სკოლაში. ის ექსტერნებზეც გამოცხადდა და ყველაფერს ასრულებდა, რაც სკოლაში ევალებოდა.“

გიორგი ბუღრიძის განცხადებით, სოფლის რწმუნებულის მეუღლეც მისი სკოლის მოსწავლეა:

„რწმუნებულის მეუღლის ასაკი ზუსტად არ ვიცი. ალბათ, 28-29 წლის იქნება. ის ამჟამად მეათე კლასში ირიცხება, წელს დაასრულებს და მეთერთმეტეში გადავა. როგორც მოსწავლეს მას დადებითად ვაფასებ, ნამდვილად არ შემიძლია, რომ უარყოფითად შევაფასო. ჩვენ სკოლაში გვყავდა 37 წლის მოსწავლეც, რომელმაც 8 საგანი ჩააბარა. ჩვენს სოფელს ისეთი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, რომ იქ სწავლა-განათლების მიღება ჭირდა, აქედან გამომდინარე დღეს ჩვენ დიდი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით ამ საკითხთან მიმართებაში. ჩვენ უნდა ვიამაყოთ, როდესაც ადამიანი ამ ასაკში აბარებს გამოცდებს. ყველა გამოცდას ჩვენთან სამინისტროდან ჩამოსული დამკვირვებელი ესწრებოდა.“

„ჩვენთან სწავლობს რწმუნებულის ცოლისდაც, რომელიც მეათე კლასშია.“ - აღნიშნავს კასრისწყლის სკოლის დირექტორი. გიორგი ბუღრიძის თქმით, მოსწავლეებს რწმუნებულის და სხვა უფროსი ასაკის თანაკლასელებისადმი ძალიან დადებითი დამოკიდებულება აქვთ. ბავშვები აღნიშნულ ფაქტს ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამენ. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„პროფესიული უნარების ტესტი იქნება რთული და პრაქტიკული სამუშაოებით დატვირთული“

„პროფესიული უნარების ტესტი იქნება რთული და პრაქტიკული სამუშაოებით დატვირთული“

„თუ პედაგოგს სურს სტატუსის ამაღლება, მან პროფესიულ უნარებში უნდა ჩააბაროს გამოცდა. საგნობრივი კომპეტენცია ისედაც დამტკიცებული ექნება და ორჯერ ხომ არ ჩააბარებს. ამიტომ პროფესიული უნარების ტესტი იქნება რთული, რომელიც დატვირთული იქნება პრაქტიკული სამუშაოებითაც. მაგალითად, ტესტი შეიძლება იყოს ლაბორატორიაშიც,“- აღნიშნულის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ ​„ბათუმელებს“ განუცხადა. 

თუ მასწავლებელმა პროფესიული ტესტი ვერ გაიარა, სტატუსს ვერ შეიცვლის. ყველა მასწავლებელს სტატუსის შესაბამისი მოთხოვნები ექნება სკოლაში კონტრაქტის მიხედვით. კონტრაქტის პირობებს თუ ვერ შეასრულებს, დირექტორს შეუძლია დაითხოვოს სამსახურიდან, მაგრამ სტატუსს ვერავინ ჩამოართმევს მასწავლებელს,“ - დასძინა ბერიკა შუკაკიძემ. 

წაიკითხეთ სრულად