Baby Bag

„სკოლაშიც დადიოდა და გაკვეთილებსაც ესწრებოდა, ყველაფერს ასრულებდა, რაც ევალებოდა,“ – 29 წლის სოფლის რწმუნებული, რომელიც ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა

კასრისწყლის სკოლის დირექტორი ნანუკას შოუში სოფლის რწმუნებულის შესახებ საინტერესო ამბავს გვიყვება. გიორგი ბუღრიძე აცხადებს, რომ რწმუნებული მისი სკოლის მოსწავლეა:

„ამბავი არის ასეთი, რომ შარშან ზაფხულში განცხადების საფუძველზე ჩავრიცხეთ სკოლაში 29 წლის მოსწავლე. მას 9 კლასი ჰქონდა დამთავრებული, ამიტომ ჩვენ კანონი გვაძლევდა იმის უფლებას, რომ მისთვის მოსწავლის სტატუსი აღგვედგინა და აღვადგინეთ კიდევაც. იმ პერიოდისთვის ის რწმუნებული არ იყო. რწმუნებულად დაინიშნა წელს, 2020 წლიდან, როდესაც მიმდინარეობდა ექსტერნები. შარშან ჩვენ ის მეათე კლასში ჩავრიცხეთ. მისი მოთხოვნით მოვახერხეთ კლასის დონის ექსტერნებით დაძლევა. მან მეათე-მეთერთმეტე კლასის პროგრამა დაძლია.“

სკოლის დირექტორის თქმით, რწმუნებულად დანიშვნის დროს რწმუნებული მეათე კლასის მოსწავლე იყო:

„ის ჯერ კიდევ მეათე კლასში იყო, როდესაც სოფლის რწმუნებულად დაინიშნა. სწორედ ამ პერიოდში მოხდა ექსტერნების საშუალებით კლასის დაძლევა. რწმუნებული გაკვეთილებსაც ესწრებოდა და სკოლაშიც დადიოდა. რა თქმა უნდა, გაცდენები ჰქონდა, მაგრამ ძირითადად მაინც დადიოდა სკოლაში. ის ექსტერნებზეც გამოცხადდა და ყველაფერს ასრულებდა, რაც სკოლაში ევალებოდა.“

გიორგი ბუღრიძის განცხადებით, სოფლის რწმუნებულის მეუღლეც მისი სკოლის მოსწავლეა:

„რწმუნებულის მეუღლის ასაკი ზუსტად არ ვიცი. ალბათ, 28-29 წლის იქნება. ის ამჟამად მეათე კლასში ირიცხება, წელს დაასრულებს და მეთერთმეტეში გადავა. როგორც მოსწავლეს მას დადებითად ვაფასებ, ნამდვილად არ შემიძლია, რომ უარყოფითად შევაფასო. ჩვენ სკოლაში გვყავდა 37 წლის მოსწავლეც, რომელმაც 8 საგანი ჩააბარა. ჩვენს სოფელს ისეთი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, რომ იქ სწავლა-განათლების მიღება ჭირდა, აქედან გამომდინარე დღეს ჩვენ დიდი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით ამ საკითხთან მიმართებაში. ჩვენ უნდა ვიამაყოთ, როდესაც ადამიანი ამ ასაკში აბარებს გამოცდებს. ყველა გამოცდას ჩვენთან სამინისტროდან ჩამოსული დამკვირვებელი ესწრებოდა.“

„ჩვენთან სწავლობს რწმუნებულის ცოლისდაც, რომელიც მეათე კლასშია.“ - აღნიშნავს კასრისწყლის სკოლის დირექტორი. გიორგი ბუღრიძის თქმით, მოსწავლეებს რწმუნებულის და სხვა უფროსი ასაკის თანაკლასელებისადმი ძალიან დადებითი დამოკიდებულება აქვთ. ბავშვები აღნიშნულ ფაქტს ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამენ. 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,71 წლის დედაჩემი ფიზიკის მასწავლებელია, მან გააპროტესტა ონლაინ სწავლება, თუმცა სიტუაციას შეეგუა''

,,71 წლის დედაჩემი ფიზიკის მასწავლებელია, მან გააპროტესტა ონლაინ სწავლება, თუმცა სიტუაციას შეეგუა''

გამოიკვეთა თუ არა, დისტანციური სწავლების დანერგვის პროცესში, ტექნოლოგიების გამოყენება, უმეტეს შემთხვევაში, როგორც მასწავლებლის ყველაზე სუსტი მხარე? - აღნიშნულ კითხვებს მასწავლებლის სახლის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ ,,ახალი განათლებასთან'' მიცემულ ინტერვიუში უპასუხა.

ბერიკა შუკაკიძის თქმით, რასაკვირველია, ძალიან რთული იქნება, გარკვეულ პერიოდში, გარკვეული ადამიანებისთვის ამ რელსებზე გადაწყობა, თუმცა პედაგოგები ნელ-ნელ ამას შეძლებენ:

,,ცხადია, ტექნოლოგიების მიმართულებით პრობლემები არსებობს და, რა თქმა უნდა, მეტის გაკეთება გვჭირდება. ამიტომ, ჩვენ ის ქოუჩები, რომლებიც „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში არიან დაქირავებული, გადავამზადეთ თიმსის გამოყენების კუთხით, ჩავუტარეთ ტერენინგები – ხვალინდელი დღე ეს არის. ტექნოლოგიები გემოვნების საკითხი კი არა, ობიექტური რეალობაა, ახალი რეალობა, რომელშიც ჩვენ უნდა ვიცხოვროთ და რომელზეც დგას რეალურად თანამედროვე განათლება. ეს არის შესაძლებლობა და არა გამოწვევა. ფარცხანაყანების სკოლაში რომ რაღაც კეთდება, ეს, ბუნებრივია, უნდა ვიცოდეთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან დაბალი თანამშრომლობითი კულტურა. სწორედ ამ დაბალი თანამშრომლობითი კულტურის წამლად მოგვევლინა ახლა ასეთი ვებინარები, ასეთი სადისკუსიო ჩართვები ერთმანეთთან. მოგვევლინა შეაძლებლობად, რომ გავიგოთ, რა ხდება ჩვენს მეზობელ სკოლებში და მერე გადმოვიღოთ, გავიზიაროთ და ჩვენც დავნერგოთ ჩვენს სკოლებში.

თუმცა, რასაკვირველია, ძალიან რთული იქნება, გარკვეულ პერიოდში, გარკვეული ადამიანებისთვის ამ რელსებზე გადაწყობა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ნელ-ნელ ამას შევძლებთ. 71 წლის დედაჩემი ფიზიკის მასწავლებელია. მან გააპროტესტა ონლაინ სწავლება, მაგრამ, როცა დარწმუნდა, რომ არავითარი ალტერნატივის შეთავაზებას არ ვაპირებდი, შეეგუა სიტუაციას და ახლა დადის მეზობელ ახალგაზრდა გოგონასთან, რომელმაც ტექნოლოგიების გამოყენება ასწავლა. ახლა ისე მოსწონს, რომ სკუთარი კომპიუტერის შეძენასაც აპირებს. რაც მთავარია, მიხვდა, რომ ეს არის რეალობა, თუმცა, ბუნებრივია, 40-45 წელი რომ მიჩვეული ხარ სწავლების სულ სხვაგვარ მეთოდებს, ახლა თავდაჯერებულად ვერ გრძნობ თავს და ერთ ღამეში ამ ცვლილების განხორციელება გაგიჭირდება. ამიტომ უნდა ამოვუდგეთ მხარში ამ მასწავლებლებს. ბუნებრივია, მასწავლებლის სახლის ყველა ინიციატივა მათ მხარდასაჭერადაა მიმართული. აუცილებლად სჭირდებათ მხარდაჭერა, რადგან ახლა, ზოგჯერ, ახალგაზრდებსაც უჭირთ სწრაფად ტექნოლოგიებით სწავლების ათვისება, არ აათუ ასაკოვან მასწავლებლებს, თორემ ტექნოლოგიების მიმართულება რომ უნდა გავაძლიეროთ, ამაზე ისედაც ყველა ვთანხმდებით.

მასწავლებლის სახლში პროექტის „ჩხირკედელა“ წამოწყება სწორედ ამისკენაა მიმართული. ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია – ამ საგნების მეტი პოპულარიზაცია და განვითარება განათლების სფეროსთვის პრიორიტეტულია. „ჩხირკედელაში“ ფიზიკის ლაბორატორია უკვე გვაქვს და ახლა გვინდა, ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიებიც გავმართოთ. ზუსტად ამ ვირტუალური ლაბორატორიებითა და ტექნოლოგიების ჩართულობით უნდა ასწავლოს თანამედროვე მასწავლებელმა სკოლაში, რადგან თანამედროვე ბავშვს სხვაგვარად სკოლაში ვერ მოიზიდავ? წარმოიდგინეთ, ახლა რომ ბავშვს უთხრა: გადავშალოთ 35-ე გვერდზე წიგნი… ეს ღრმა წარსულია. ახლა მოსწავლეს, ამის ნაცვლად, უნდა შესთავაზო მოიძიოს ინფორმაცია რამე კონკრეტულ თემაზე, მერე სკანირება გააკეთოს და ეკრანზე გამოაჩინოს. ამ ენით უნდა ვისუბროთ და ცდებიც ასე უნდა წარვმართოთ მათთან. სხვაგვარად, კიდევ გავიმეორებ, ობიექტური რეალობისგან შორს ვიქნებით, წარსულში დარჩენილები,'' - დასძინა ბერიკა შუკაკიძემ.

წაიკითხეთ სრულად