Baby Bag

„ბავშვი ყოველთვის სწავლობს შეგრძნებებით, რაც უფრო მეტი შეგრძნებაა ჩართული თამაშის პროცესში, მით უფრო ეფექტიანია,“ - ოკუპაციური თერაპევტი

ოკუპაციური თერაპევტი ნინო ჭუმბურიძე „სხვა შუადღეში“ ფუნქციური თამაშების მნიშვნელობის შესახებ საუბრობს:

„ნებისმიერ შემთხვევაში, ტიპური განვითარების თუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთან, აუცილებელია შეგრძნებების სტიმულაცია. ბავშვი ყოველთვის სწავლობს შეგრძნებებით. რაც უფრო მეტი შეგრძნებაა ჩართული თამაშის პროცესში, მით უფრო ეფექტიანია ეს პროცესი. აუცილებელია, თითოეული მასალა ფუნქციურად გამოვიყენოთ. ამას არ უნდა ჰქონდეს მხოლოდ და მხოლოდ შეხების სახე. ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ჩვენი მოქმედება უნდა იყოს აქტივობის ნაწილი. ეს არის ოქროს წესი. მოქმედება უნდა იყოს მიზანმიმართული და ფუნქციური. რას ვგულისხმობთ ამაში? თქვენ ახსენეთ, რომ ბავშვმა რომელიმე ნივთი ან სათამაშო, შესაძლოა, გამოიყენოს და მერე მობეზრდეს. თუ თამაშს ფუნქციურ სახეს მივცემთ, ეს არ მოხდება. თუ ბავშვი თამაშობს წიწიბურაში ან ქვიშაში, მას უნდა მივცეთ საშუალება, რომ სხვადასხვა ფიგურები მოხაზოს. ამ დროს ის იღებს ორ შეგრძნებას: ეხება წიწიბურას, იჭერს ხელში და ა .შ. თამაშისას ბავშვი პინცეტისებურ ჩაჭიდებებს აკეთებს. ამ შემთხვევაში წერისთვის მზაობაზეც შეგვიძლია მუშაობა.“

„წიწიბურით თამაში, როგორც წესი, ძალიან პატარა ასაკიდან იწყება. ბავშვები ხელებს ყოფენ წიწიბურაში. ჩვენ შეგვიძლია პატარ-პატარა სათამაშოები ჩავუყაროთ შიგნით და წავახალისოთ, რომ იპოვოს. შესაძლებელია, რომ წიწიბურა უბრალო ბუშტში მოვათავსოთ და ბავშვმა სხვადასხვა შეგრძნებები მიიღოს.“ - აღნიშნავს ნინო ჭუმბურიძე.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

ბავშვის დაჭერისას დაშვებული 6 შეცდომა, რომელიც მის ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს

ბავშვის დაჭერისას დაშვებული 6 შეცდომა, რომელიც მის ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს

მშობელსა და ბავშვს შორის ძლიერი ურთიერთკავშირი არსებობს. როდესაც დედა ჩვილს უახლოვდება, მათ შორის აღნიშნული კავშირი კიდევ უფრო ძლიერდება. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა ბავშვის დაჭერის წესები ზედმიწევნით კარგად იცოდეს, რათა მის ჯანმრთელობას უნებურად ზიანი არ მიაყენოს.

  • ჩვილი ბავშვის დაჭერა ხელის იღლიის ქვეშ მოჭიდებით

ჩვილი ბავშვის ხელში აყვანისას, მნიშვნელოვანია, რომ მისი თავი მყარად გვეჭიროს. პატარებს კისრის კუნთები სათანადოდ განვითარებული არ აქვთ, რის გამოც, თუ თავს მყარად არ დავუჭერთ, შესაძლოა სერიოზული დაზიანებები მიიღონ ან სუნთქვის პრობლემები შეექმნათ. 4-6 თვის ასაკამდე ბავშვს თავის გამაგრება დამოუკიდებლად არ შეუძლია.

  • ჩვილი ბავშვის კენგურუთი ტარება

ჩვილის კენგურუთი ტარება შეგიძლიათ, თუ ამას სწორად გააკეთებთ. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის ფეხების პოზიცია სწორად შეარჩიოთ. ბავშვი კენგურუთი ზუსტად ისე უნდა გეჭიროთ, როგორც მის გარეშე დაიჭერდით. ამგვარად მას სახსრების ტრავმისგან დაიცავთ და ხერხემალს სიჯანსაღეს შეუნარჩუნებთ. თუ ბავშვს ფეხები ბოლომდე ექნება ძირს დაშვებული, ეს მას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის. შესაძლოა, ბავშვს მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიის ან ამოვარდნილობის პრობლემა შეექმნას.

  • ჩვილი ბავშვის მკერდზე სახით მიკვრა 

ბავშვის ხელში დაჭერისას გარკვეული წესები უნდა დაიცვათ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვილის სახის მდებარეობას ყურადღება მიაქციოთ. ბავშვის სახე მხრებზე მაღლა უნდა იყოს, თუ ასე არ მოიქცევით, შესაძლოა, პატარას სუნთქვის პრობლემები შეუქმნათ ან მან თქვენი ტანისამოსი ჩაიდოს პირში.

  • ბავშვის ყოველთვის ერთ მხარეს ჭერა

ბავშვის კისრისა და ბეჭის ძვლები სათანადოდ არ არის განვითარებული. ძვლებისა და კუნთების სრულფასოვანი განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი ორივე მხარეს გეჭიროთ. თუ ასე არ მოიქცევით, მას თავის შემობრუნების პრობლემა შეაწუხებს და მისი კუნთები სათანადოდ ვერ განვითარდება.

  • ბავშვის ხელში დაჭერა ზურგის გამაგრების გარეშე

ბავშვის დაჭერისას, თუ მხოლოდ მის თეძოსა და თავს ამაგრებთ, არასწორად იქცევით. მსგავს შემთხვევაში ხერხემალი ძალიან იტვირთება. ძალიან დიდია საფრთხე, რომ ბავშვი დაგივარდეთ. როდესაც ბავშვს ხელში იჭერთ, ერთი ხელით ზურგი უნდა დაუჭიროთ, მეორეთი კი - თავი.

  • ბავშვის შებრუნებულ პოზაში დაჭერა

ბავშვის დაჭერისას მისი სახე თქვენკენ თუ არ არის მომართული, თქვენ პატარას სათანადო ყურადღებას ვერ მიაქცევთ. ამ დროს ჩვილის ხერხემალი განსაკუთრებულ დატვირთვას განიცდის და ფეხებზე ზეწოლაც მატულობს. უმჯობესია, თუ ბავშვის დაჭერისას მას სახე თვენკენ ექნება მომართული. ყურადღება მიაქციეთ თქვენი ხელების პოზიციას. ბავშვის თავი, ზურგი და ფეხები სათანადოდ უნდა გაამაგროთ.

  • ბავშვის მოზიდვა ხელზე ძლიერი ჩაჭიდებით

ბავშვს ხელს ძლიერად თუ ჩაჭიდებთ და თქვენკენ მოზიდავთ, მის ხელებს სერიოზულ ზიანს აყენებთ. ამ დროს, შესაძლოა, სხივის თავის ამოვარდნილობა განვითარდეს. იდაყვის ამოვარდნილობის პრობლემა ხშირია 5 წლამდე ასაკის ბავშვებში. როდესაც ბავშვი ხუთი წლის ხდება, მისი ძვლები უფრო ძლიერდება, რის გამოც, ხელის ჩაჭიდებისას იდაყვის დაზიანების რისკი მნიშვნელოვნად იკლებს.

მომზადებულია ​brightside.me - ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა 

წაიკითხეთ სრულად