Baby Bag

„4 კილო და 600 გრამი დავიბადე, სახელიც ექიმებმა დამარქვეს,“ - აფხაზეთის ომის დროს ჭუბერის გზაზე დაბადებული გოგონას დაუჯერებელი ისტორია

ომის დროს ჭუბერის გზაზე დაბადებულმა ნინი აფრასიძემ თოქ-შოუ „პროფილში“ მადლობა გადაუხადა იმ ექიმს, რომელმაც მას სიცოცხლე აჩუქა:

„დედა, მამა და ბებო ომის დროს დრანდაში იყვნენ. დედას მალე უნდა ემშობიარა. დრანდიდან მანქანით სვანეთში წავიდნენ. ცოტა ხანს გვანდრაში იყვნენ. მერე გაიგეს, რომ ფრენები იყო საკენიდან ჭუბერში, სადაც დედა ნათესავის სახლში უნდა მისულიყო. საკენში რომ მივიდა დედა, უჰაერობა აწუხებდა. თვითმფრინავში ბევრი ხალხი იყო და არ ჩაჯდა. 10 წუთში ის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ჭუბერში მეორე თვითმფრინავით გადაფრინდნენ. იქ მამაჩემის ბიძის სახლს ეძებდნენ. ძალიან ბევრი იარეს ფეხით, როგორც დედა ამბობს, დაახლოებით 10 კილომეტრი გაიარეს ფეხით. ამ დროს მამა არ იყო მასთან ერთად. დედა მას ჭუბერში უნდა დალოდებოდა, რომ მერე ერთად წამოსულიყვნენ. როგორც ბებო ამბობს, 10 დღის განმავლობაში ჭუბერში ყოფილან. დედას მალე ტკივილები დაეწყო. ჭუბერის ცენტრში გადაიყვანეს, დანგრეულ შენობაში მიუყვანიათ, უთქვამთ, რომ ექიმები იქ ელოდებოდნენ. დედას კარი რომ გაუღია, დაუნახავს, რომ ოთახში მარტო მამაკაცები იყვნენ. დედამ კარი გამოიხურა და გამოვიდა. ამ დროს გარეთ ერთი ექიმი გამოსულა, რომელსაც მე დღემდე ვეძებ. მიუხედავად იმისა, რომ დედა კაცი ექიმის წინააღმდეგი იყო, მან საბოლოოდ მაინც დაითანხმა მშობიარობაზე. მართალია, შენობაში პირობები არ იყო, მაგრამ ყველაფერი სწრაფად მოუწესრიგებიათ.“

ნინი აფრასიძე ომის დროს გზაზე დაბადებულ ახალშობილებს შორის ერთადერთი ბავშვი იყო, რომელიც გადარჩა, რაც, მისი თქმით, ექიმების დამსახურება იყო:

„4 კილო და 600 გრამი დავიბადე, დედას მშობიარობა ცოტა გაურთულდა. სახელიც ექიმებმა დამარქვეს. თვალები ვერ გამიხელია, იმდენი გააკეთეს, რომ ჭუბერიდან ქუთაისში გადმოგვაფრინეს. დღეს ასეთი ექიმები ძალიან იშვიათია. ამიტომ მინდა ის ადამიანი ვიპოვო, ვინც დედა ამშობიარა. მან ბევრი გააკეთა დედასთვის და ბებიასთვის. რომ არა ის ექიმი, მე ცოცხალი არ ვიქნებოდი. ვიცი, რომ გინეკოლოგის სახელი და გვარი დავით ქაჯაიაა.“

„პროფილში“ ნინი აფრასიძეს იმ ექიმის პირადად ნახვის შესაძლებლობაც მიეცა, რომელმაც მისი სიცოცხლე იხსნა. დავით ქაჯაიამ აღნიშნა, რომ მას ნინის დაბადების ამბავი არასდროს დავიწყებია:

„ეს ის შემთხვევაა, რომელიც არათუ მე, არცერთ იქ მყოფ ადამიანს არ დაავიწყდება. მე ომის მონაწილე ვარ, სამხედრო ექიმი ვიყავი, მოხალისედ წავედი. როდესაც დევნილების ნაკადი წამოვიდა, ჩვენ მათ სამედიცინო დახმარებას ვუწევდით. მაშინ 25 წლის ვიყავი. მართალია ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ გამოცდილება მქონდა.

„პირობები, რა თქმა უნდა, არასახარბიელო იყო. ეს მშობიარობა ჭუბერის სასოფლო ამბულატორიაში მივიღეთ. ძალიან გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ ნინო მეძებდა. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ერთი ახალგაზრდა გოგონა ვერ გადაარჩინეს, რომელსაც ნინო ერქვა. გოგონა გაიყინა. მათ მთხოვეს, რომ თუ გოგო დაიბადებოდა, ნინო დაგვერქვა. ჩვენ მათი თხოვნა შევასრულეთ და იმ შეწყვეტილი სიცოცხლის გასაგრძელებლად ახალშობილს ნინო დავარქვით.“ - აღნიშნა დავით ქაჯაიამ.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს ვნებს თქვენ შვილებს, ახლობლებს... ამ ნარკოტიკზე უნდა აუხსნათ, რომ უმძიმესი შედეგი მოაქვს მის მოხმარებას...“

„ეს ვნებს თქვენ შვილებს, ახლობლებს... ამ ნარკოტიკზე უნდა აუხსნათ, რომ უმძიმესი შედეგი მოაქვს მის მოხმარებას...“

ნარკოლოგი, პროფესორი ზურა სიხარულიძე ფეისბუქ გვერდზე საშიში ნარკოტიკის - ე.წ „აბაზანის მარილის“ შესახებ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„თავიდან დავდებ მაინც, რომ ნაკლები კითხვა იყოს !! ეს არის ის ნივთიერება, რომელიც დღეს ამოიღეს უპრეცედენტო რაოდენობა - იცი ალფა პვპ მაქვს ( საუბარია ე. წ „აბაზანის მარილზე“). საიტიდან გამოვიწერე. არაფერი არ არის ცოტას „მოგხოდავს“ და კარგ ხასითზე დაგვაყენებს. მოვწიოთ და მერე „მაგრა ვიდვიჟენიებთ...“

ასე იწყება ვითომ ძალიან ჩვეულებრივი დიალოგი დღეს ახალგაზრდებს შორის!.. და მერე სრულდება კომით, ხან სიკვდილით ან ძლიერი პარანოიდული ფსიქოზით და უმძიმესი თავის ტვინის შეუქცევადი ორგანული დაზიანებებით. არ მეგონა თუ ასე რთულად იყო საქმე, ახლახან დავბრუნდი დასავლეთიდან, შევხვდი ბევრ ექიმს და ვესაუბრე „ემერჯენსის“ წარმომადგნელებს. დღე არ გავა, რომ ვინმე არ მოხვდეს სასწრაფო გადაუდებელ განყოფილებაში უძლიერესი აღზნებით, ფსიქოზით ან/და კომატოზური მდგომარეობით. 

ვითომ უვნებელი ნარკოტიკი, რომელიც დღეს არის ყველაზე გავრცელებული საქართველოში და იწვევს ძალიან მძიმე შედეგებს ნარკოგენული თვისებებით, ბევრჯერ აღემატება მეტამფეტამინს და მის მსგავს ნარკოტიკულ საშუალებებს. აღნიშნული ნარკოტიკის სისტემატიური მიღების შემდეგ ვითარდება უმძიმესი ფორმის დამოკიდებულება, რომლიც ვლინდება პარანოიაში, აგრესიაში, თვითდაზიანების შემთხვევებში, მეტყველების და მოძრაობის გაძნელებასა და თავის ტვინის უმძიმეს ორგანულ დაზინებებში!.. აგრეთვე ზედოზირება ხასიათდება მაღალი ცხელებითა და მიოკარდიუმის ინფარკტით ან/და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლით. ზუსტად შსს - ს ბოლო ოპერაციის დროს იყვნენ დაკავებული ის პირები, რომლებიც ამ ნარკოტიკულ საშულებას ინტერნეტით ავრცელებდნენ. თუმცა, ეს წვეთია ზღვაში. ეს ვნებს თქვენ შვილებს, ახლობლებს. ამ ნარკოტიკზე უნდა აუხსნათ, რომ უმძიმესი შედეგი მოაქვს მის მოხმარებას და საჭიროა ექიმის დროული ინტერვენცია თუ ამ ნარკოტიკის მიმართ გარკვეული დამოკიდებულება გაჩნდა.

ეს მეხება მეც, შენც, თითოეულ თქვენგანს ვინც ამ პოსტს კითხულობს და ბევრ იმ ადამიანსაც, ვის ყურამდეც ჩემი ხმა შეიძლება არც კი მივიდეს, ამიტომ მოგიწოდებთ, იყავით ფრთხილად!“ - აღნიშნავს ზურა სიხარულიძე. 

წაიკითხეთ სრულად