Baby Bag

„თვალს რომ ვახელ, ვხვდები, რომ კიდევ ერთი საოცარი დღე იწყება,“ - ლელა მებურიშვილი შვილებთან ურთიერთობის შესახებ

მსახიობმა ლელა მებურიშვილმა „იმედის დღეში“ შვილებთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა:

„ჩემი დილა ყოველთვის არაჩვეულებრივად იწყება. ჩემი შვილი დილით საწოლში გადმოიპარება, ზურგზე მაწვება, მეხუტება და მკოცნის. თვალს რომ ვახელ, ვხვდები, რომ კიდევ ერთი საოცარი დღე იწყება. ამაზე დიდი სიამოვნება, ალბათ, არ არსებობს. ბავშვების სიყვარული იმდენად საოცარი შეგრძნებაა, რომ ვფიქრობ, რაც უნდა ბევრი სირთულე იყოს, მათთან ურთიერთობა ამ ყველაფერს ერთ წამში ფარავს. პირველ რიგში რაც მინდა არის ის, რომ ბავშვები ბედნიერები იყვნენ. რა თქმა უნდა, მინდა, რომ იყვნენ წარმატებულები, ზრდილობიანები, როგორც ყველა დედას, მაგრამ პირველი მიზანი, რაც მაქვს, არის ის, რომ ბედნიერები იყვნენ. ურთულესია იმის მიხვედრა, რა აბედნიერებს ადამიანს, რა სიამოვნებს ან რა უნდა. ჩვენ ხშირად გვავიწყდება რა გვინდა. ვიცით, რომ უნდა ისწავლო, უნდა იმეცადინო, უნდა ჭამო, ბავშვს რა უნდა ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. მინდა შვილებს ვასწავლო იმის მიხვედრა, რა უნდათ თვითონ, რომ ცხოვრებისგან სიამოვნება მიიღონ.“

ლელა მებურიშვილის თქმით, ცხოვრებისეულ პრობლემებთან გამკლავების საუკეთესო გზა სულიერი სიმშვიდის შენარჩუნებაა:

„ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო რჩევა დიდი ხნის წინ მივიღე. ერთხელ ერთმა ადამიანმა თქვა, მთავარი სულიერი სიმშვიდეაო. ახლა, ამ რთულ დროს, განსაკუთრებით ვხვდები, რომ თუ შინაგანად ყველაფერი დალაგებული გაქვს და მშვიდად ხარ, ყველაფერს გაუმკლავდები. შეუძლებელია, რომ გარემო ყოველთვის დალაგებული იყოს. რაც უფრო მალე გააცნობიერებ, რომ შეიძლება არ გაგიმართლოს, რაღაც უსიამოვნო მოხდეს, მით უფრო მარტივია ცხოვრება. თუ შიგნიდან სიმშვიდე გაქვს, ამ ყველაფერს ერევი. უნდა ეცადო, რომ ყოველდღიურობაში ძალიან ბევრი დადებითი დაინახო.“

„სტრესისგან ძალიან მარტივად ვთავისუფლდები. ამაში ჩემს დიდ ოჯახთან ურთიერთობა მეხმარება. ცოტა ხნითაც რომ ვნახო ისინი, ძალიან სასიამოვნო ემოციებით ვიმუხტები ხოლმე,“ - აღნიშნა ლელა მებურიშვილმა. 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე ​დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ ბავშვს აქვს მარტო ძილის შიში, მშობლებმა უარი არ უნდა უთხრან, რომ ბავშვმა მათთან დაიძინოს - ფსიქოლოგი ზაზა ვარდიაშვილი

თუ ბავშვს აქვს მარტო ძილის შიში, მშობლებმა უარი არ უნდა უთხრან, რომ ბავშვმა მათთან დაიძინოს - ფსიქოლოგი ზაზა ვარდიაშვილი

ფსიქოლოგმა ზაზა ვარდიაშვილმა ბავშვებში მარტო ძილის შიშსა და ძილის ჰიგიენაზე ისაუბრა:

„ხუთ-ნახევარი, ექვსი წლის ასაკიდან ბავშვს ეწყება ისეთი შიშები, როგორიც არის მარტო ძილის შიში. ის ბავშვებიც კი, რომლებიც მარტო იძინებდნენ, ამ ასაკიდან უარს ამბობენ მარტო დაძინებასა და მშობლის გარეშე ყოფნაზე. ამას აქვს თავისი ევოლუციური მნიშვნელობა. ეს ფენომენი გვხვდება ყველა კულტურაში და საკმაოდ გავრცელებულია საქართველოშიც. ერთადერთი რეკომენდაცია ამ დროს შეიძლება იყოს ის, რომ მშობლებმა არ უთხრან უარი ბავშვს, რომ მათთან დაიძინოს.“

​როდესაც ბავშვს ეწყება ეს პერიოდი, სასურველია, რომ ამ დროს მშობელმა უარი არ უთხრას, რომ მასთან დაწვეს. ეს ყველაფერი ძალიან მალე ალაგდება. თუ მოხდება უარის თქმა, შესაძლებელია ბავშვს ეს პრობლემები გაუგრძელდეს 11 წლის ასაკამდე და ამ ყოველივემ მეორადად გამოიწვიოს რომელიმე მძიმე ემოციური მდგომარეობები,“ - აღნიშნა ზაზა ვარდიაშვილმა.

წყარო: ​„ქართული არხი“

წაიკითხეთ სრულად