Baby Bag

„ჩემი ავადმყოფობით ახალი ეტაპი დაიწყო ჩვენს ცხოვრებაში. ძალიან დიდ და მოზღვავებულ სიყვარულს ვგრძნობ ახლა, განსაკუთრებით ზურასგან,“ - ხათუნა ჟორდანია

ხათუნა ჟორდანიამ თოქ-შოუ „პროფილში“ მძიმე დაავადებასთან ბრძოლასა და მეუღლესთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა:

„დღემდე საქართველოში ცოლ-ქმრის ასაკობრივ სხვაობაზე საუბრისას მე და ზურა ვრჩებით სალაპარაკო თემად. რაღაც პერიოდებში კომენტარებით შესევა რომ იციან, ყოველთვის ეხებიან ამ თემას. მათი აზრით, ეს არის შეურაცხმყოფელი. სინამდვილეში ეს არის, რაც არის. რამდენიც უნდა მიკბინოს ვინმემ, ამით რა შეიცვლება.“

ხათუნა ჟორდანიამ აღნიშნა, რომ სხვების მსგავსად ურთიერთობაში სირთულეები მას და მის მეუღლესაც ჰქონიათ:

„არ არსებობს ოჯახი, სადაც პრობლემები არ არის. ქორწინების ყველა ეტაპს აქვს თავისი სიმძიმეები. უმძიმესი პერიოდები გვაქვს გავლილი მე და ზურასაც. ჩვენი ქორწინება ბევრჯერ იყო სასწორზე, მაგრამ რაღაცნაირად შევძელით, როგორც შევძელით. ჩემი ავადმყოფობით ახალი ეტაპი დაიწყო ჩვენს ცხოვრებაში. ძალიან დიდ და მოზღვავებულ სიყვარულს ვგრძნობ ახლა, განსაკუთრებით ზურასგან. არ ვიცი, ვეცოდები, თუ მართლა ასეა, მაგრამ ეს რომ ნამდვილად გულწრფელია, ამას წლები მოწმობს.“

ხათუნა ჟორდანიას თქმით, მან მეუღლისგან ძალიან ბევრი რამ ისწავლა:

„ძალიან ბევრი რამ მასწავლა ზურამ, პირველ რიგში, მოთმინება, ნამდვილი გურული ქალი ვარ, თავისი ყველანაირი შეცხადებებით, ჩქარი გადაწყვეტილებებით, ზურა უფრო დინჯია, დიდხანს უნდა იფიქროს, ვერ იტანს სიურპრიზებს. დიდხანს ეს ნერვებს მიშლიდა. მოვუწყობდი ხოლმე სიურპრიზს და ისეთი სახე ჰქონდა, ვფიქრობდი, რომ არ გაუხარდა ჩემი მისვლა. მერე მიხსნიდა, ხომ იცი, რომ ასეთი ადამიანი ვარო. ბევრ შენიშვნას მაძლევდა ზურა. სულ მეუბნებოდა, შენ ხარ ადამიანი, რომელიც რყვნი შენს ირგვლივ ყველა ადამიანს, იმდენ ყურადღებას, იმდენ სიყვარულს და იმდენ რამეს აძლევ, რომ მერე ყველა ეჩვევა, ამას ჩვეულებრივ ამბად თვლიან, შენ კი ძალაგამოცლილი რჩებიო. ზურა მირჩევდა, რომ სწორად გამენაწილებინა ჩემი ენერგია და სიყვარული ადამიანებზე.“

„ცოლ-ქმრის ურთიერთობაში მთავარი სირთულეები ყოველდღიურ ურთიერთობაშია. რაღაცები ხდება, რაც ან მას არ მოსწონს, ან მე არ მომწონს. ძირითადად კონფლიქტი ამის გამო მოგვდის, თუმცა იმდენად დიდი დრო გავიდა და ისე კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, რომ სულ რომ არაფერი ვთქვათ, მაინც ყველაფერი გვესმის“ - აღნიშნა ხათუნა ჟორდანიამ.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ დასასვენებლად წაყვანილი ბავშვი 10 დღეში უკან მოგვყავს, ის ადაპტაციასაც ვერ ახერხებს და ბრუნდება ისევ თავის სახლში,“- პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ მშობლებს ურჩია ბავშვის დასასვენებლად წაყვანის შემთხვევაში გარემოსთან ადაპტაციისთვის საჭირო დრო გაითვალისწინონ:

„გარემოსთან ადაპტაცია დიდსაც და ბავშვსაც ესაჭიროება დაახლოებით 7-დან 10 დღემდე, როდესაც ბავშვი იცვლის გარემოს, იცვლის საკვებს, წყალს და ა.შ. ამ გარემოსთან შეგუებას დაახლოებით 7-დან 10 დღემდე ესაჭიროება. თუ ჩვენ გვინდა, რომ ბავშვმა მიიღოს იმ გარემოდან რაღაც სარგებელი, ეს შეეხება ჰავის ცვლილებას, თუ მის ფსიქო-ემოციურ შეწყობას იმ გარემოსთან, თუ ის 10 დღეში უკან მოგვყავს, ის ადაპტაციასაც ვერ ახერხებს და ბრუნდება ისევ თავის სახლში.

ბავშვს ორი კვირით თუ წავიყვანთ დასასვენებლად, ეს დანაშაული არ არის, რა თქმა უნდა. სასურველია, თუ იქნება 20-30 დღე. ადაპტაციის დღეების რაოდენობა უნდა გავითვალისწინოთ. თუნდაც იყოს 2 კვირა, რომ 7 დღე იყოს ადაპტაცია, შემდეგ 7 დღე მიიღებს გარემოს და დაბრუნდებით სახლში. აუცილებელი არ არის ჩარჩო, რომ 20 დღე იყოთ დასასვენებლად და 21-ე დღეს წამოხვიდეთ,“- მოცემულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად