Baby Bag

სანამ ბავშვი პირველ სიტყვას იტყვის, მანამდე მან მოსმენა და მოსმენილის გაგება უნდა შეძლოს - 9 მარტივი რეკომენდაცია მეტყველების განვითარების ხელშესაწყობად

დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ფსიქოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი, მარი ჯოხარიძე მეტყველების განვითარების ხელშეწყობაზე საუბრობს. 

მშობლები ყოველთვის განსაკუთრებულად ელოდებიან შვილების მიერ წარმოთქმულ პირველ სიტყვებს. მეტყველებასთან დაკავშირებით შემოგთავაზებთ რამდენიმე მარტივ რეკომენდაციას:

  • სანამ ბავშვი პირველ სიტყვას იტყვის, მანამდე მან მოსმენა და მოსმენილის გაგება უნდა შეძლოს. ამიტომ ხშირად გაახმოვანეთ თქვენი და ბავშვის მოქმედებები 
  • წაუკითხეთ ისეთი წიგნები, რომლებიც შედგება მარტივი სიუჟეტებისგან და არის დასურათებული
  • ყოველ ჯერზე, როდესაც ამ წიგნებს წაუკითხავთ, მიუთითეთ ტექსტის შესაბამის ილუსტრაციებზე, წაახალისეთ ბავშვი, რომ მანაც იგივე გაიმეოროს
  • გამოიყენეთ ისეთი ლექსები, სიმღერები და ზღაპრები, სადაც ერთი და იგივე სიტყვები ხშირად მეორდება 
  • პერსონაჟების სახელები ჩააანაცვლეთ ხოლმე ბავშვის ან იმ ადამიანების სახელებით, ვისაც ბავშვი კარგად იცნობს
  • ბავშვთან საუბრის დროს ხშირად შეცვალეთ ინტონაცია, მიმიკა, ჟესტები. ასეთ დროს ბავშვებს უფრო მეტად უჩნდებათ ჩვენი მიბაძვის სურვილი
  • თქვენ თავადაც მიბაძეთ ბავშვს. გაიმეორეთ მის მიერ წარმოთქმული ბგერები და განავრცეთ ისინი
  • ეცადეთ, რომ ბავშვმაც გაიმეოროს თქვენ მიერ ნათქვამი ბგერები
  • ყოველ ჯერზე, როდესაც ბავშვს ექნება მცდელობა, რომ თქვენ მიერ ნათქვამი ბგერა გაიმეოროს, წაახალისეთ თქვენი მხიარული რეაქციებით.

მშობლის პოზიტიური რეაქციები ბავშვს განვითარების ნებისმიერ საფეხურზე ეხმარება.

შეიძლება დაინტერესდეთ

„შეიძლება არასწორი იყოს ბავშვი, მაგრამ მოვუსმინოთ ამ არასწორობას ბოლომდე, კარგი მსმენელი ბავშვს სწორ პასუხს აუცილებლად აპოვნინებს,“ - პაატა ამონაშვილი

„შეიძლება არასწორი იყოს ბავშვი, მაგრამ მოვუსმინოთ ამ არასწორობას ბოლომდე, კარგი მსმენელი  ბავშვს სწორ პასუხს აუცილებლად აპოვნინებს,“ - პაატა ამონაშვილი

ფსიქოლოგი​ პაატა ამონაშვილი მშობლების მიერ ბავშვის საფიქრალის მოსმენის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მშობელმა ბავშვს ყურადღებით უნდა მოუსმინოს, რათა მისი სწორ გზაზე დაყენება შეძლოს:

„მოსმენის დაბალი დონე ნიშნავს, როდესაც ბავშვს არ ვუსმენთ. ვუსმენთ საკუთარ თავს. ერთდროულად ადამიანს შეუძლია უსმინოს ერთ ობიექტს. როდესაც ​დედა ტელეფონშია და ბავშვს არ უსმენს, ეს უკონტაქტობაა. როდესაც ვიღაცას რამეს ეუბნები, ის არ გაცლის თქმას და აქეთ გეპასუხება, თვითშეფასება გიდაბლდება, აბა არ გიდაბლდება? თუ კონფლიქტური სიტუაციაა, არანაირი კონფლიქტი არ მოიხსნება, პირიქით მძაფრდება. შეპასუხებას უკუშეპასუხება მოჰყვება, ორივენი ვდგავართ და ვიწყებთ ხმამაღლა ლაპარაკს, ერთმანეთს ვშორდებით, ეს კონფლიქტია. ჩვენ ვერ დავახლოვდებით, რადგან ვუსმენთ ჩვენს თავს და ვაგრძელებთ საკუთარი თავის მოსმენას.“

​პაატა ამონაშვილის თქმით, ბავშვთან კონფლიქტის მთავარი მიზეზი მშობლის უყურადღებობაა:

„ყველა ის შემთხვევა, როდესაც ბავშვი ამბობს: „აღარ მინდა ლაპარაკი,“ შემდეგ კი გადის ოთახიდან, იწყება იმით, რომ ჩვენ არ ვუსმენთ მას და ვუსმენთ ჩვენს თავს. ბავშვს თავისი სისწორე აქვს, როგორც ყველა ჩვენგანს. ამ სისწორეს მოსმენა უნდა. ჩვენი თვალთახედვიდან ბავშვის სათქმელი ხშირად არასწორია, ინფანტილურია. შეიძლება მართლაც არასწორი იყოს ბავშვი, მაგრამ დავიწყოთ იქიდან ,რომ მოვუსმინოთ ამ არასწორობას ბოლომდე.ადამიანს შეუძლია მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, როდესაც შესაძლებლობა აქვს, რომ იფიქროს. როდესაც ბავშვს ვუსმენთ, მას ამ შესაძლებლობას ვუქმნით. როდესაც ბავშვს სწორ გადაწყვეტილებას ვეუბნებით: „ასე კი არ უნდა გექნა, ისე უნდა გექნა,“ ფიქრის შესაძლებლობა ნულია. როდესაც ვისმენთ და ბავშვი იწყებს მსჯელობას, ის თვითონვე იწყებს შესაძლებლობების გადახედვას. ის რაღაცებს პოულობს. კარგი მსმენელი მას სწორ პასუხს აუცილებლად აპოვნინებს შეკითხვებით და არა მითითებებით.“

პაატა ამონაშვილი მშობლებს შეახსენებს, რომ ბავშვი ღმერთის გამოვლინებაა, მისი მოსმენა კი ღმერთის მოსმენის ტოლფასია:

„თუ გვწამს ღმერთის და თუ გვჯერა, რომ ჩვენი შვილები ღმერთის გამოვლინებაა, მაშინ მოდი ჩვენს თავს შთავაგონოთ, რომ ახლა ჩვენ წინაშე ღმერთი საუბრობს რაღაც ენით, მისი გამოვლინება, უფრო სწორად. თუ ამ აზრს ჩვენში გავაძლიერებთ, გავაღვივებთ, რა არის ღმერთის სმენაზე უკეთესი? ღმერთის გამოვლინებას რომ უსმინო, რა არის ამაზე უკეთესი? დავსხდეთ და ვუსმინოთ ამ გამოვლინებას. ბავშვის მოსასმენად ხანდახან ორი წუთიც საკმარისია, ხანდახან შეიძლება ორი თვეც არ იყოს საკმარისი. ეს უნდა ვიგრძნოთ.​ბავშვი ორივე მშობელთან მოვიდა. უფრო შორს რომ წავიდეთ, ჩვენი შვილები ბებია-ბაბუებთანაც მოდიან. ბავშვი მათი აღსაზრდელიც არის. ჩვენ ჩვენი გავაკეთოთ, რაც შეგვიძლიათ. თუ მოსმენაზეა საუბარი, ჩვენი ვისმინოთ, თუ სიყვარულზეა ლაპარაკი, ჩვენი გვიყვარდეს, თუ ზრუნვაზეა საუბარი, ზრუნვა გამოვავლინოთ. ჩვენი საუკეთესო თვისებები ვირუსივით გადამდებია, სიმართლე რომ გითხრათ.“

„როდესაც ბოლო დროს სახლში აღმოჩნდნენ ბავშვები, ერთ მაგალითად მომყავს, როგორ შევუქმენით ბავშვებს​ სკოლა. გაკვირვებული ვუყურებდი, როგორ აღაფრთოვანა ამ სკოლამ ბავშვები. თვითონ დაიწყეს გაკვეთილების სიების ჩამოწერა. ამ სკოლაში იყო მთელი გაკვეთილების სერია, როდესაც ისინი აქეთ გვასწავლიდნენ რაღაცას. ცეკვის გაკვეთილებზე ისინი გვასწავლიდნენ ილეთებს. მათ ეს ყველაზე მეტად აღაფრთოვანებდათ. არ იყო მხოლოდ ის, რომ ჩვენ ვიყავით მასწავლებლები და ისინი მოსწავლეები,“ - აცხადებს პაატა ამონაშვილი.

წყარო: ​იმედის დღე

წაიკითხეთ სრულად