Baby Bag

სანამ ბავშვი პირველ სიტყვას იტყვის, მანამდე მან მოსმენა და მოსმენილის გაგება უნდა შეძლოს - 9 მარტივი რეკომენდაცია მეტყველების განვითარების ხელშესაწყობად

დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ფსიქოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი, მარი ჯოხარიძე მეტყველების განვითარების ხელშეწყობაზე საუბრობს. 

მშობლები ყოველთვის განსაკუთრებულად ელოდებიან შვილების მიერ წარმოთქმულ პირველ სიტყვებს. მეტყველებასთან დაკავშირებით შემოგთავაზებთ რამდენიმე მარტივ რეკომენდაციას:

  • სანამ ბავშვი პირველ სიტყვას იტყვის, მანამდე მან მოსმენა და მოსმენილის გაგება უნდა შეძლოს. ამიტომ ხშირად გაახმოვანეთ თქვენი და ბავშვის მოქმედებები 
  • წაუკითხეთ ისეთი წიგნები, რომლებიც შედგება მარტივი სიუჟეტებისგან და არის დასურათებული
  • ყოველ ჯერზე, როდესაც ამ წიგნებს წაუკითხავთ, მიუთითეთ ტექსტის შესაბამის ილუსტრაციებზე, წაახალისეთ ბავშვი, რომ მანაც იგივე გაიმეოროს
  • გამოიყენეთ ისეთი ლექსები, სიმღერები და ზღაპრები, სადაც ერთი და იგივე სიტყვები ხშირად მეორდება 
  • პერსონაჟების სახელები ჩააანაცვლეთ ხოლმე ბავშვის ან იმ ადამიანების სახელებით, ვისაც ბავშვი კარგად იცნობს
  • ბავშვთან საუბრის დროს ხშირად შეცვალეთ ინტონაცია, მიმიკა, ჟესტები. ასეთ დროს ბავშვებს უფრო მეტად უჩნდებათ ჩვენი მიბაძვის სურვილი
  • თქვენ თავადაც მიბაძეთ ბავშვს. გაიმეორეთ მის მიერ წარმოთქმული ბგერები და განავრცეთ ისინი
  • ეცადეთ, რომ ბავშვმაც გაიმეოროს თქვენ მიერ ნათქვამი ბგერები
  • ყოველ ჯერზე, როდესაც ბავშვს ექნება მცდელობა, რომ თქვენ მიერ ნათქვამი ბგერა გაიმეოროს, წაახალისეთ თქვენი მხიარული რეაქციებით.

მშობლის პოზიტიური რეაქციები ბავშვს განვითარების ნებისმიერ საფეხურზე ეხმარება.

შეიძლება დაინტერესდეთ

რა მნიშვნელობა აქვს ბავშვის განვითარებისთვის მარტივი ფიგურების გადახატვას, ფურცელზე ჯღაბნას - ფსიქოლოგი, ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი მარი ჯოხარიძე

დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ფსიქოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი, მარი ჯოხარიძე ხატვის უნარზე საუბრობს. რა მნიშვნელობა აქვს ბავშვის განვითარებისთვის მარტივი ფიგურების გადახატვას, ფურცელზე ჯღაბნას - დღევანდელი ვიდეოდან სწორედ ამ საკითხებზე მიიღებთ ინფორმაციას.

მარტივი ფიგურების გადახატვა, რგოლების, ხაზების ხატვა ან ფურცელზე ჯღაბნა, წარმოადგენს სამომავლოდ უფრო რთული უნარების განვითარების წინაპირობას. წრეები და ხაზები არის საბაზისო ელემენტები, რომელთა დახმარებით ბავშვი ისწავლის ასოების და ციფრების წერას, შემოქმედებითი ნახატების შექმნას. ეს უნარი ბავშვს საშუალებას აძლევს, დააკვირდეს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს. მაგალითად, თითების მიზანმიმართულ მოძრაობას ფანქრის გადაადგილების მიზნით, მოჰყვება შედეგი - ნაჯღაბნი ქაღალდზე. სწორედ ასეთი მარტივი დეტალები არის ძალიან მნიშვნელოვანი ბავშვის განვითარებისთვის.
მშობლებს გთავაზობთ რამდენიმე მარტივ რეკომენდაციას, რომელთა შესრულებით შვილებს სტიმულს მისცემთ, რომ აღნიშნული თავადაც გააკეთონ:

  • თითით დახატეთ სხვადასხვა ფიგურა - წრე, ჯვარი, სამკუთხედი
  • დახატეთ მტვრიან ზედაპირზე, სილაში ან ფურცელზე საღებავით
  • ხატეთ წყლით, ტროტუარზე ან ეზოში. გაავლეთ ხაზები ან მოხაზეთ წრე
  • გააკარით კედელზე დიდი ზომის სუფთა ფურცელი და მიეცით ბავშვს შესაძლებლობა, რომ ზედ ხატოს
  • გამოფინეთ ბავშვის ნამუშევრები, რათა წაახალისოთ შემდგომი აქტივობები
  • გამოიყენეთ საპნის ფანქრები და ხატეთ აბაზანაში სხვადასხვა ფიგურა
  • ჰაერში თითით მოხაზეთ და დაასახელეთ მოხაზული ფიგურა
  • მიუთითეთ და დაასახელეთ სხვადასხვა ფორმა, რასთანაც აქვს ბავშვს შეხება. მაგ: ბორბალი მრგვალია, წრეა. ფანჯარა ოთხკუთხედია პიცის ნაჭერი სამკუთხედია და ა.შ.
  • როდესაც თქვენ მოგიწევთ წერა, ბავშვსაც მიეცით ფურცელი და კალამი. წაახალისეთ, რომ მოგბაძოთ
  • ნებისმიერი აქტივობა, რომელსაც ბავშვს შესთავაზებთ, მოარგეთ თქვენს ყოველდღიურ საქმიამობას.


​თუ ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები გექნებათ, კომენტარებში მოგვწერეთ და ფსიქოლოგი თავად გიპასუხებთ.

წაიკითხეთ სრულად