ცნობილი ამერიკელი გამომგონებელი ჟაკ ფრესკო ბავშვის დამოუკიდებლობის და კრეატიულობის წახალისების აუცილებლობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები არ არსებობენ, ყველაფერი განათლებაზეა დამოკიდებული. ჟაკ ფრესკოს მტკიცებით, მშობლებმა არ იციან, თუ როგორ აღზარდონ შვილები. ადამიანის აღზრდა ცნობილი გამომგონებლისთვის ურთულესი და კომპლექსურია. ფრესკო აცხადებს, რომ მშობლები შვილებს არასწორი მიდგომებით წამლავენ და მათ ქცევაზე ნეგატიურად ზემოქმედებენ.
ფრესკო საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც გვიზიარებს და იხსენებს, როგორ მივიდა მისი შვილი მამასთან სათამაშო მანქანით ხელში. ბავშვის სათამაშოს საბურავი მოძვრა, პატარა განიცდიდა და მამას დახმარებას სთხოვდა. ფრესკომ ამის პასუხად შვილის სათამაშო ურნაში მოისროლა და ბავშვს ახლის ყიდვას დაპირდა. ფრესკო მიხვდა, რომ ბავშვი მამისგან მანქანის შეკეთებას მოითხოვდა, მან კი ეს არ გააკეთა. ფრესკოს თქმით, მშობელმა ბავშვის ნაცვლად არ უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც ბავშვს თავად შეუძლია. თუ მშობელი ყოველთვის შვილის ნაცვლად იმოქმედებს, ის ბავშვს უსარგებლო ადამიანად აქცევს.
ფრესკო მშობლებს მოუწოდებს, რომ ბავშვებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში დაეხმარონ და მისი უნარები ამგვარად განავითარონ.
„გაუთავებელი ტკივილი გულის არეში, ნაღვლის ბუშტის ან ღვიძლის ტკივილი, ნაწლავების აშლილობა,“ - გოგიტა გეგელაშვილი შფოთვითი აშლილობის სიმპტომების შესახებ
ნევროლოგმა გოგიტა გეგელაშვილმა შფოთვითი აშლილობის დამახასიათებელი ნიშნების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ პაციენტებს ხშირად აქვთ სომატური დაავადებების სიმპტომები:
„შფოთვითი აშლილობის დროს დამახასიათებელია რომელიმე დაავადების ნიღბით წარმოდგენა. ძალიან ხშირად უჩივიან ხოლმე გაუთავებლად გულის არეში ტკივილს, ნაღვლის ბუშტის ან ღვიძლის ტკივილს, ნაწლავების აშლილობას. ამას შინაგანი ორგანოების შფოთვასაც კი ეძახიან ხოლმე. შესაძლოა, იყოს აზრობრივი შფოთვა ან სომატური დაავადებების სიმპტომები იყოს წარმოდგენილი.“
გოგიტა გეგელაშვილის თქმით, გამოცდილი ექიმი გრძნობს, რომ სომატური დაავადების სიმპტომების მიღმა შფოთვითი აშლილობა დგას:
„გამოცდილი ექიმი ამას მაშინვე გრძნობს. სიმპტომები არის ბევრი და ობიექტური საყრდენი პარამეტრები არის ძალიან მცირე. ზუსტად ამ შეუსაბამობაზეა აგებული ექიმის ლოგიკა, რომელსაც წლების განმავლობაში აქვს საქმე ნამდვილ ავადმყოფობასთან და შენიღბულ ავადმყოფობასთანაც. ხშირად მოულოდნელი ხდება ხოლმე ექიმის ვერდიქტი, როდესაც ის პაციენტს უნიშნავს ანტიდეპრესანტს.“
„არ მოსწონთ პაციენტებს აღიარება, რომ მათ სჭირდებათ ანტიდეპრესანტი. ადამიანს ყოველთვის ესმის ფრაზა: „შენ ეს გეჩვენება.“ „გეჩვენებას“ როდესაც ემატება ანტიდეპრესანტი, პაციენტს ეს არ მოსწონს. აქ საჭიროა ექიმების დიდი რუდუნება, პაციენტის მუხლებში ჩავარდნა, დაყოლიება, დარწმუნება. შფოთვას ყველაზე კარგად ხსნის ანტიდეპრესანტი, მაგრამ მისი ეფექტი გვიან იწყება,“ - აღნიშნულ საკითხებზე გოგიტა გეგელაშვილმა რადიო ფორტუნას ეთერში ისაუბრა.