ცნობილი ამერიკელი გამომგონებელი ჟაკ ფრესკო ბავშვის დამოუკიდებლობის და კრეატიულობის წახალისების აუცილებლობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები არ არსებობენ, ყველაფერი განათლებაზეა დამოკიდებული. ჟაკ ფრესკოს მტკიცებით, მშობლებმა არ იციან, თუ როგორ აღზარდონ შვილები. ადამიანის აღზრდა ცნობილი გამომგონებლისთვის ურთულესი და კომპლექსურია. ფრესკო აცხადებს, რომ მშობლები შვილებს არასწორი მიდგომებით წამლავენ და მათ ქცევაზე ნეგატიურად ზემოქმედებენ.
ფრესკო საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც გვიზიარებს და იხსენებს, როგორ მივიდა მისი შვილი მამასთან სათამაშო მანქანით ხელში. ბავშვის სათამაშოს საბურავი მოძვრა, პატარა განიცდიდა და მამას დახმარებას სთხოვდა. ფრესკომ ამის პასუხად შვილის სათამაშო ურნაში მოისროლა და ბავშვს ახლის ყიდვას დაპირდა. ფრესკო მიხვდა, რომ ბავშვი მამისგან მანქანის შეკეთებას მოითხოვდა, მან კი ეს არ გააკეთა. ფრესკოს თქმით, მშობელმა ბავშვის ნაცვლად არ უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც ბავშვს თავად შეუძლია. თუ მშობელი ყოველთვის შვილის ნაცვლად იმოქმედებს, ის ბავშვს უსარგებლო ადამიანად აქცევს.
ფრესკო მშობლებს მოუწოდებს, რომ ბავშვებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში დაეხმარონ და მისი უნარები ამგვარად განავითარონ.
„3-5 წლის ასაკში მეორე ენის სწავლება ძალიან ეფექტიანია, ისევე როგორც 11-12 და 17 წლის ასაკში,“ - თამარ გაგოშიძე
ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვებში მეორე ენის სწავლებისთვის ეფექტიანი სტრატეგიების შესახებ ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:
„როდიდან უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს მეორე ენა? ამასთან დაკავშირებით სერიოზული დებატებია. ბავშვის თავის ტვინი არის ძალიან პლასტიური, ადვილად ითვისებს ინფორმაციას, არის ცნობისმოყვარე, მკვლევარი. მისთვის ძალიან ადვილია მეორე ენის ათვისება. ჩვენი საზოგადოება ერთენოვანი აღარ გამოდის, იმიტომ, რომ ბავშვები ორი წლის ასაკისთვის უკვე ინგლისურენოვან და რუსულენოვან მულტფილმებს უყურებენ. ძალიან სერიოზული პრობლემაა ხოლმე, როდესაც ბავშვი მშობლიურ ენაზე ვერ ლაპარაკობს და თითქოს ლაპარაკობს უცხო ენაზე. ის ასახელებს ფერებს, ფორმებს და მშობლებს უხარიათ. ეს არ არის მეტყველება. ეს არის ენის ეკვივალენტი ხატების სახით.“
თამარ გაგოშიძის თქმით, მეორე ენის დაუფლებისთვის კრიტიკული პერიოდი არ არსებობს:
„არ არსებობს კრიტიკული პერიოდი იმისი, თუ როდის სჯობს მეორე ენის დაუფლება. 3-5 წლის ასაკში ენის სწავლება ძალიან ეფექტიანია და 11-12 წლის ასაკშიც ძალიან ეფექტიანია, ისევე როგორც 17 წლის ასაკში. ენის პარამეტრებით ეფექტი განსხვავებულია. 3-5 წლისა და 11-12 წლის ასაკში ნასწავლი ენების შემთხვევაში, ტესტებში უკეთესი მონაცემები 11-12 წლის ასაკში ნასწავლ ბავშვებს აქვთ. რატომ? ამ ასაკში ბავშვებს კოგნიტური სტრატეგიები სხვანაირად აქვთ განვითარებული.“
„რა რეკომენდაციები არსებობს მეორე ენის სწავლასთან დაკავშირებით? ენას ვინც ასწავლის, მან ძალიან კარგად იცის, რომ სამი წლის ბავშვს განსხვავებული მიდგომა სჭირდება, 7 და 11 წლის ბავშვს სხვანაირი. არც 3-4 წლის ასაკშია ტრაგედია, თუ ბავშვს ვასწავლით მეორე ენას, მაგრამ ეს სწავლება, ბუნებრივია, არის თამაში, ენობრივი გარემოს შექმნა. უკვე 8-12 წლის ასაკში ეს არის შემეცნებითი სტრატეგიები, თუ როგორ უნდა ისწავლოს ბავშვმა კონკრეტული ენა. თუ ბავშვს თავისი ენა არ აქვს ათვისებული იმ ასაკისთვის, ეს საქმეს ართულებს. დღეს ძალიან ბევრ ბავშვს აქვს მეტყველების განვითარების შეფერხება. თუ ბავშვს თავის ენაზე საუბარი და ენობრივი სისტემები ასაკობრივად არ აქვს განვითარებული, ასეთ შემთხვევაში მეორე ენის სწავლება არის დამაზიანებელი,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.