ცნობილი ამერიკელი გამომგონებელი ჟაკ ფრესკო ბავშვის დამოუკიდებლობის და კრეატიულობის წახალისების აუცილებლობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები არ არსებობენ, ყველაფერი განათლებაზეა დამოკიდებული. ჟაკ ფრესკოს მტკიცებით, მშობლებმა არ იციან, თუ როგორ აღზარდონ შვილები. ადამიანის აღზრდა ცნობილი გამომგონებლისთვის ურთულესი და კომპლექსურია. ფრესკო აცხადებს, რომ მშობლები შვილებს არასწორი მიდგომებით წამლავენ და მათ ქცევაზე ნეგატიურად ზემოქმედებენ.
ფრესკო საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც გვიზიარებს და იხსენებს, როგორ მივიდა მისი შვილი მამასთან სათამაშო მანქანით ხელში. ბავშვის სათამაშოს საბურავი მოძვრა, პატარა განიცდიდა და მამას დახმარებას სთხოვდა. ფრესკომ ამის პასუხად შვილის სათამაშო ურნაში მოისროლა და ბავშვს ახლის ყიდვას დაპირდა. ფრესკო მიხვდა, რომ ბავშვი მამისგან მანქანის შეკეთებას მოითხოვდა, მან კი ეს არ გააკეთა. ფრესკოს თქმით, მშობელმა ბავშვის ნაცვლად არ უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც ბავშვს თავად შეუძლია. თუ მშობელი ყოველთვის შვილის ნაცვლად იმოქმედებს, ის ბავშვს უსარგებლო ადამიანად აქცევს.
ფრესკო მშობლებს მოუწოდებს, რომ ბავშვებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში დაეხმარონ და მისი უნარები ამგვარად განავითარონ.
„ქცევითი დარღვევები, რაც ეკრანდამოკიდებულებას ახლავს თან, შესაძლოა, აუტიზმთან იყოს საერთო,“ - ბავშვთა ნევროლოგი სოფო ბახტაძე
ბავშვთა ნევროლოგი სოფო ბახტაძე გადაცემაში „პირადი ექიმი“ ვირტუალური აუტიზმის შესახებ საუბრობს, რომელიც სამედიცინო ტერმინოლოგიაში დამკვიდრებული დაავადება არ არის. სოფო ბახტაძის თქმით, ეკრანდამოკიდებულება ბავშვებში აუტიზმის მსგავს ქცევით დარღვევებს იწვევს:
„ვირტუალური აუტიზმი, დავაკონკრეტებ, რომ ჯერ არ არის სამედიცინო ტერმინოლოგიაში როგორც დაავადება იდენტიფიცირებული. თუმცა ეს ტერმინი გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია, ის ქცევითი დარღვევები, რაც ეკრანდამოკიდებულებას ახლავს თან იყოს საერთო აუტიზმთან, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ აუტიზმი ნეიროფსიქიატრიული დაავადებაა. მისთვის დამახასიათებელია ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის პრობლემა, სოციალური ინტერაქციის სიღარიბე და თვალის თვალთან კონტაქტი. აუტიზმის დიაგნოსტირების ქვაკუთხედი სწორედ ეს სამი ძირითადი ფაქტორია.“
სოფო ბახტაძე ეკრანდამოკიდებულების უმთავრეს უარყოფით ეფექტად სოციალურ იზოლაციას მიიჩნევს:
„ეკრანდამოკიდებული ბავშვი მეტ-ნაკლებად იზოლირებულია გარესამყაროსგან. ვისაც ეს პრობლემა აქვს ოჯახში, ყველა დამეთანხმება, რომ მათ ძალიან აწუხებთ, რომ ბავშვი იზოლირებულია სოციუმისგან. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იზოლაცია არის ის, რაც მას საერთო შეიძლება ჰქონდეს აუტიზმთან. სოციალური დისტანცირება აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ სოციალური იზოლაციისგან. ეკრანდამოკიდებულ ბავშვს, რომელიც მიჯაჭვულია ეკრანთან თავისი გასართობი თუ სოციალური აქტივობის დროს, დაემატა აკადემიური საქმიანობაც. ეკრანმა მიიღო აკადემიური ატრიბუტის, აკადემიური ხელსაწყოს ფუნქცია. აქ უკვე მივიღეთ ეკრანდამოკიდებულების დაჯამებული, სუმირებული ეფექტი. ამიტომ მშობელი უნდა იყოს ფრთხილად და ძალიან ყურადღებით, რომ მისი შვილის ეკრანდამოკიდებულება არ გადაიზარდოს ქრონიკულ სოციალურ იზოლაციაში.“